საკუთარი კანონით დაბნეული ხელისუფლება

საკუთარი კანონით დაბნეული ხელისუფლება

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, პავლე კუბლაშვიული აცხადებს, რომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ჩაწერილ ახალ ნორმას, რომელიც პარტიებისგან და მათთან დაკავშირებული პირებისგან ფინანსური ანგარიშგების წარდგენისთვის 1 ნოემბრიდან 1 ნოემბრამდე არსებულ პერიოდს ითვალისწინებს, არაფერი აქვს საერთო საგადასახადო წელთან და ეს პერიოდი განისაზღვრა მხოლოდ იმიტომ, რომ „როგორც წესი, არჩევნები არის ოქტომბერში და აქედან გამომდინარე, ინფორმაცია ფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით უკავშირდება ამ პერიოდს“.

არადა, კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის ხელმძღვანელი, ნათია მოგელაძე ბოლო დღეების განმავლობაში მუდმივად იმას ამბობს, რომ ეს პერიოდი საგადასახადო წლის ანალოგიით იქნა შერჩეული.

რატომ არა აქვს ხელისუფლებას შეთანხმებული განმარტება და რამდენად კანონიერად შეიძლება ჩაითვალოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელის მთელი რიგი ქმედებები, ამ საკითხებთან დაკავშირებით presage.tv პავლე კუბლაშვილს ესაუბრა. 

პავლე კუბლაშვილი: ამ ახალი კანონით კონტროლის პალატას აქვს უფლებამოსილება, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას, გამოითხოვოს ნებისმიერი ადმინისტრაციული ორგანოდან. ამიტომ თუ ასეთი მოთხოვნა არსებობს, შეიძლება ასეთი ინფორმაციაც მიეწოდოს. მე სხვას ვერაფერს ვერ ვიტყვი.

მათ შორის ეროვნული ბანკისგანაც?

- რა თქმა უნდა. ეროვნული ბანკი არის საჯარო უწყება და კანონში წერია, რომ უფლება აქვს, ინფორმაცია გამოითხოვოს ნებისმიერი საჯარო უწყებიდან. თუ ვინმეს აქვს სურვილი, რომ პოლიტიკური პარტია გამოიყენოს იმისთვის, რომ, ვთქვათ, არალეგალური თანხის ბრუნვა მოხდეს და ამის შესახებ, თურმე, ეროვნულმა ბანკმა თვალი უნდა დახუჭოს, არასწორად უყურებს ზოგადად პროცესებს.

არ შეიძლება, ადამიანი იყოს პოლიტიკური პარტიების ფინანსების გამჭვირვალობის წინააღმდეგი. თუ ვინმე ეძებს გზას, თუ როგორ აუაროს გვერდი კანონს, რომლითაც გამჭვირვალე ხდება პოლიტიკური დაფინანსება, ის ამ თავისი ქმედებითვე კანონის არსს ეწინააღმდეგება. ანუ, ადამიანი კანონის გვერდის ავლაზე თუ ფიქრობს, მას არ აინტერესებს გამჭვირვალობა. მას უნდა, რომ რაღაც ფინანსები იყოს გაუმჭვირვალე და იყოს ბუნდოვანი და ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი არ იყოს.

თქვენ თვითონ როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია, რომ ვინმეს ასეთი იდეა და სურვილი ლეგიტიმურად ჰქონდეს? და, თუკი ვინმეს ეს იდეა აქვს, თავის თავად უკვე ხომ არ ეწინააღმდეგება კანონს?

მე ვფიქრობ, რომ ყველა პარტიის ფინანსები თანაბრად უნდა იყოს გამჭვირვალე და წესები და აკრძალვები ყველასთვის თანაბრად ვრცელდებოდეს, მათ შორის ხელისუფლებისთვისაც. თქვენ როგორ ფიქრობთ?

- ვიღაცეებს იმის სურვილი აქვთ, რომ რაღაცეები დამალონ. კი, ბატონო, კონტროლის პალატამ შეამოწმოს, მაგრამ დანარჩენმა ორგანოებმა არანაირი ინფორმაცია არ მისცენ. იმას ცდილობენ, რომ რაღაც ახალი მოიფიქრონ, რათა ეს ფინანსები რაღაცნაირად დამალონ. არაფრის მოფიქრება არ არის საჭირო, ძალიან მარტივია, ყველამ თავისი ის ფინანსები, რომელიც გამოიყენება პოლიტიკური მიზნებისთვის, უნდა გახადოს საჯარო. ამის შესახებ ინფორმაცია უნდა იყოს ხელმისაწვდომი. ეს არის და ეს.

მე ამას არ გეკითხებით. ფინანსების გამჭვირვალობაზე როდესაც არის საუბარი, ეს ხელისუფლებას არ ეხება?

- ყველას ეხება.

მაშინ კონტროლის პალატა ამ ინფორმაციას რატომ არ სთხოვს ხელისუფლებას?

- ხელისუფლების ფინანსური ანგარიშები ღიაა. ჩვენ ჯერ არ გვევალებოდა და მაინც გამოვაქვეყნეთ ის ინფორმაცია, რაც პარტიისთვის შემოწირულობებს ეხება.

კონტროლის პალატამ, მისივე სიტყვებით, ალტერნატიულ წყაროზე დაყრდნობით გამოაქვეყნა ქართული ოცნების მიერ მედიაში რეკლამაში გადახდილი თანხა. ნაციონალურ მოძრაობას რეკლამა არც ერთ მედიაში არ უყიდია? კონტროლის პალატა რატომ არ დაინტერესდა ამ ინფორმაციით და რატომ არ გამოაქვეყნა?

- მე რამდენადაც ვიცი, ყველა პარტიის ფინანსურ ანგარიშგებას შეისწავლის და გამოაქვეყნებს.

რატომ დაიწყო ქართული ოცნებით და რაც მთავარია, რა სტატუსით?

- ეს კონტროლის პალატას უნდა ჰკითხოთ. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, ყველა შემოწმდება და საიდანღაც ხომ უნდა დაეწყოთ? ამასთან, „ქართული ოცნება“ ივანიშვილთან დაკავშირებული პირი რომ არის, ეჭვი გეპარებათ?

თუ მას ჰქონდა .. დაკავშირებული პირის სტატუსი, 2011 წელს დაკავშირებულ პირებს არანაირი კანონი არ არეგულირებდა. გამოდის, რომ კანონს მაინც უკუძალა მიენიჭა?

- არანაირ უკუძალის მინიჭებაზე არ არის ლაპარაკი. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონის 25-ე პრიმა მუხლი, სადაც ნათქვამია, რომ „წელი ნიშნავს პერიოდს 1 ნოემბრიდან მომავალი წლის 1 ნოემბრამდე“, იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ პირსა და ნებისმიერ პარტიას, რომელსაც ამ კანონით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება აქვს, ეს ინფორმაცია სწორედ ამ პერიოდზე უნდა წარადგინოს.

1 ნოემბერიდან 1 ნოემბრამდე პერიოდი რატომ შეირჩა?

- თავის დროზე ამ თარიღის შერჩევა მოხდა სწორედ იმიტომ, რომ, როგორც წესი, არჩევნები არის ოქტომბერში და აქედან გამომდინარე, ინფორმაცია ფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით უკავშირდება ამ პერიოდს. პარტიებს ეს ვალდებულება ჰქონდათ აქამდეც, უბრალოდ, ამას წარადგენდნენ ცესკოში. ახლა მათ ეს ვალდებულება აქვთ კონტროლის პალატასთან.

რადგან გამოიკვეთა ახალი სუბიექტი, ცხადია, მასზეც უნდა გავრცელდეს. ამ ნორმის ერთად-ერთი მიზანი არის ფინანსების გამჭვირვალობა და მე არ მგონია, ვინმე საღ აზრზე მყოფი ადამიანი იყოს ამ ნაწილში ფინანსების გამჭვირვალობის წინააღმდეგი.

ახალგაზრდა იურისტებმაც შეაფასეს, რომ ეს არის აღიარება იმისა, რომ კანონს მიენიჭა უკუძალა, რადგან დაკავშირებულ პირს მოსთხოვეს ამ სტატუსის მინიჭებამდე არსებული ანგარიშგების ახალ ჩარჩოში მოქცევა.

- მე არ ვფიქრობ, რომ ეს არის უკუძალა და ამას ხაზს ვუსვამ. გარდა ამისა, როდესაც უკუქცევის ძალაზე არის საუბარი, ეს იმას ნიშნავს, რომ არ შეიძლება, ახალი კანონით რაიმე ქმედება იყოს დასჯადად გამოცხადებული ან განიხილებოდეს როგორც დარღვევა და შესაბამისად, ეს გავრცელდეს კანონის მიღებამდე ჩადენილ ასეთ ქმედებაზე. მაგრამ ამ შემთხვევაში, არანაირ დასჯაზე არ არის საუბარი. საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ ფინანსები უნდა იყოს გამჭვირვალე და ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს სავალდებულო ყველა იმ პარტიისა და პოლიტიკური პირისა, რომელსაც აქვს პოლიტიკური მიზნები.

თქვენ შეგიძლიათ იმის დამტკიცება, რომ ქართულ ოცნებას აქვს პოლიტიკური მიზნები?

- ეს მიზნები თქვენ არა გაქვთ მოსმენილი?

არა.

- მაშინ ნახეთ მათი მხრიდან გაკეთებული განცხადებები.

რომელი განცხადებები?

- ის განცხადებები, რაც ივანიშვილისა და მისი მომხრეების მხრიდან კეთდება.

ანუ, თქვენ ამბობთ, რომ ქართული ოცნება არის დაკავშირებული პირი და ამიტომ მოითხოვა კონტროლის პალატამ მისი ანგარიშგება? ჯერ ერთი, კონტროლის პალატის განცხადებაში, რომელიც ქართულ ოცნებას გაეგზავნა, არ ეწერა, რომ მას როგორც დაკავშირებულ პირს, ისე სთხოვდნენ ანგარიშგებას. მეორეც, კონტროლის პალატამ უნდა განსაზღვროს ვინ არის დაკავშირებული პირი და ვინ არა? იურისტები ამბობენ, რომ ამისთვის სპეციალური ნორმატიული აქტი უნდა გამოიცეს, სადაც განსაზღვრული იქნება, ვინ შეიძლება ჩაითვალს დაკავშირებულ პირად და ვინ - არა.

- მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ძალიან მარტივია დაკავშირებულ პირებთან დაკავშირებით კონკრეტული კრიტერიუმების შემუშავება. თუმცა, ვფიქრობ, რომ შეიძლება ეს არც იყოს გაწერილი. ყველა ძალიან კარგად ხვდება, ვინ, რომელი არასამთავრობო ორგანიზაცია, რა ფორმით არის დაკავშირებული რომელიმე პარტიასთან.

ნებისმიერი დაკავშირებული პირი მას შემდეგ ექცევა ამ კანონის ქვეშ, რაც მიიღებს შეტყობინებას კონტროლის პალატისგან. ბუნებრივია, კონტროლის პალატამ ამ შემთხვევაში შეიძლება მოითხოვოს ინფორმაცია იმ ქმედებებზე, რაც მანამდე განხორციელდა.

ეს არის კონტროლის პალატის დისკრეცია და ვერანაირი ნორმატიული აქტით ეს ვერ იქნება დადგენილი. კრიტერიუმების ჩამონათვალი ვერ იქნება ამომწურავი და ყველა კონკრეტულ შემთხვევაში, კავშირებიც შეიძლება იყოს სხვადასხვა. ამიტომ ამაზე ნორმატიულ აქტს ვერავინ ვერ შეიმუშავებს.