უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის შესაძლო კანდიდატები პარლამენტის წევრებს შორისაც სახელდებიან

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის შესაძლო კანდიდატები პარლამენტის წევრებს შორისაც სახელდებიან

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის პოტენციური კანდიდატები პარლამენტის წევრებს შორისაც სახელდებიან. საუბარია თინა ხიდაშელისა და ეკა ბესელიას შესახებ.

ხიდაშელის კანდიდატურის შესაძლო დასახელებასთან დაკავშირებით ფრაქცია "ქართული ოცნება-რესპუბლიკელების" თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილი აცხადებს, რომ აღნიშნულ თემაზე მათთან მოლაპარაკებას არავინ აწარმოებს. ბერძენიშვილი იმასაც ამბობს, რომ "როგორც ფრაქციის თავმჯდომარის, ხიდაშელის არსად გამშვები არ არის".

გარდა ამისა, არსებული ინფორმაციით, "ქართული ოცნების" გარკვეულ ჯგუფში არსებობს სურვილი, რომ კოტე კულბაშვილის შემცვლელი დეპუტატი ეკა ბესელია იყოს. პარლამენტში იმასაც ამბობენ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის სურვილი თავად ბესელიასაც აქვს, თუმცა დეპუტატი აღნიშნულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს და ირწმუნება, რომ საქმიანობის გაგრძელებას მხოლოდ პარლამენტში აპირებს.

"ჩემი კანდიდატურა არც განიხილება და არც ვფიქრობ აღნიშნულ საკითხზე. კანდიდატურების განხილვა არც უმრავლესობაში და არც ფრაქციაში არ დაწყებულა, თუმცა საკითხზე მსჯელობა უკვე მოგვიწევს. კონსულტაციები პრეზიდენტთან დაგვჭირდება, რაც ალბათ იანვრიდან დაიწყება. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოზიცია ძალიან სერიოზული თანამდებობაა", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ბესელიამ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს პრეზიდენტის წარდგინებით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით პარლამენტი ირჩევს. უფლებამოსილების ათწლიანი ვადა კოტე კუბლაშვილს და მასთან ერთად უზენაესი სასამართლოს კიდევ ორ მოსამართლეს 2015 წლის თებერვალში ეწურებათ.

ერთ-ერთ კანდიოდატურად დღეს ლადო ჭანტურიაც დასახელდა, რომელიც ამ დროისთვის გერმანიაში საქართველოს ელჩია.