თბილისის საკრებულოს თანამდებობის პირებმა შესაძლოა, ყოველთვიური დანამატიც მიიღონ

თბილისის საკრებულოს თანამდებობის პირებმა შესაძლოა, ყოველთვიური დანამატიც მიიღონ

თბილისის საკრებულოს ბიურომ საოქმო ჩანაწერით რეკომენდაცია მისცა საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს თანამდებობის პირებზე თანამდებობრივი სარგოს პროპორციულად ყოველთვიური დანამატის გაცემის შესახებ, - ამის შესახებ ინფორმაციას საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - რესპუბლიკელების" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე ავრცელებს.

"დღეს საკრებულოს ბიურომ საოქმო ჩანაწერით "რეკომენდაცია" მისცა საკრებულოს თავმჯდომარეს საკრებულოს თანამდებობის პირებზე თანამდებობრივი სარგოს პროპორციულად ყოველთვიური დანამატის გაცემის შესახებ. შეგახსენებთ, რომ არსებულმა საკრებულომ პირველსავე სხდომაზე "რესპუბლიკელების" ინიციატივით გააკეთა პოლიტიკური განცხადება, რომ თანამდებობის პირები და საკრებულოს რიგითი წევრები პრემიებს არ აიღებდნენ. საკრებულომ პირობა შეასრულა, პრემიებს არ იღებს, მაგრამ მიმართა სხვა საშუალებას თანამდებობის პირების შემოსავლის გაზრდისთვის.

"რესპუბლიკელები" ვიყავით და ვართ კატეგორიული წინააღმდეგი თანამდებობის პირებისთვის პრემიის ან დანამატით ანაზღაურების გაზრდის", - წერს ხათუნა სამნიძე "ფეისბუქის" გვერდზე.

მისი განცხადებით, "რესპუბლიკელები" წინააღმდეგები არიან რაიმე სახის პრემიების ან დანამატების დანიშვნის თანამდებობის პირებისათვის.