მაია ფანჯიკიძე მთავრობას ევროპელ და ამერიკელ ლიდერებთან შეხვედრებს ურჩევს

მაია ფანჯიკიძე მთავრობას ევროპელ და ამერიკელ ლიდერებთან შეხვედრებს ურჩევს

"თავისუფალი დემოკრატები" საქართველოს ხელმძღვანელობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ევროპელ და ამერიკელ ლიდერებთან შეხვედრებს ურჩევენ.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, მაია ფანიჯიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ასევე აუცილებელია საქართველოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით უცხოურ პრესაშიც ზუსტი სურათი შეიქმნას. ფანჯიკიძის თქმით "თავისუფალმა დემოკრატებმა" თავიანთი ხედვა დღეს, ავლაბრის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტს პირადად შესთავაზეს.

"ჩვენ პრეზიდენტს გავაცანით ჩვენი ხედვა - მიგვაჩნია, რომ აუცილებლად უნდა შედგეს შეხვედრა უმაღლეს დონეზე საქართველოს ხელმძღვანელობასა და ევროპელ და ამერიკელ ლიდერებს შორის. ჩვენ ამაზე დიდი ხანია ვლაპარაკობთ და ასეთი კომუნიკაცია ჯერჯერობით არ შემდგარა. გარდა ამისა, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია უცხოეთის პრესაში პროაქტიული მუშაობა იმისთვის, რომ საქართველოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით კარგად ჩამოყალიბდეს სურათი. ეს ორი ელემენტი მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ნებისმიერ დონეზე, საქართველო განიხილებოდეს უკრაინის გვერდით. ეს ვითარება შეცვლილია ბოლო თვენახევრის განმავლობაში, რაც ჩვენ დავტოვეთ თანამდებობები", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის შეფასებით, ეს არის აუცილებელი ღონისძიებები, რათა საქართველოს ჰქონდეს საერთაშორისო მხარდაჭერა.

"გარდა ამისა, ამისთვის ყველა საერთაშორისო ფორუმი უნდა იყოს გამოყენებული. გული მწყდება, რომ ფორუმების გამოყენება ამ თემაზე აქცენტების დასასმელად ახლა არ ხდება", - აღნიშნა ფანჯიკიძემ.