ერგნეთში ერთი დღით ბაზარი იხსნება

ერგნეთში ერთი დღით ბაზარი იხსნება

28 დეკემბერს კონფლიქტის ზონის მოსახლეობა სოფლის ნობათს გასაყიდად გამოიტანს. ადგილობრივი ბაზარი სოფლის შესასვლელში მდებარე რიტუალების სახლში საღამომდე იფუნქციონირებს.

იდეა ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება. ერთ-ერთი კოორდინატორი ლია ჩლაჩიძე, რომელიც ამავე დროს ერგნეთის მკვიდრია, ამბობს, რომ მსგავსი აქციებით ე.წ. საზღვრისპირა სოფლებისთვის ეკონომიკურ მხარდაჭერას გამოხატავენ.

„ამ დღეს მოხდება სოფლის მეურნეობის გაყიდვა, პარალელურად ჩატარდება უფასო სამედიცინო გამოკვლევა, მოგვიანებით კონცერტი და საახალწლო ლატარეა ჩატარდება. ამ აქციით გვსურს გავაგებინოთ ცხინვალში მცხოვრებ ადამიანებსაც, რომ ეკონომიკური მხარდაჭერა კონფლიქტის ზონის მოსახლეობისთვის შესაძლებელია და ამ გზით ქართულ-ოსური ურთიერთობების აღდგენა უფრო დაჩქარდება“, - აცხადებს ლია ჩლაჩიძე.

მოსახლეობაში გამოკითხვა ჩატარდა, რომლის მიხედვით ადგილობრივების დიდი ნაწილი თანახმაა, ერგნეთში ფუნქციონირებდეს ადგილობრივი ბაზარი. მათი აზრით ეკონომიკურ ურთიერთობებს შეუძლია აღადგინოს ურთიერთობა ოსურ მხარესთან.