სერგეენკო დარწმუნებულია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მომავალშიც წარმატებული იქნება

სერგეენკო დარწმუნებულია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მომავალშიც წარმატებული იქნება

შრომის, ჯანმთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, არ მოხდა იმ რისკების და საფრთხეების რეალიზება, რაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შესახებ იყო გამოთქმული. ამის შესახებ დავით სერგეენკომ საყოველთაო ჯანდაცვის ანგარიშის წარდგენის შემდეგ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე საზოგადოებას წარუდგინეს საყოველთაო ჯანდაცვის მოკლე ანგარიში.

"ჩვენ განვიხილეთ მისი განვითარების ძირითადი ეტაპები და გავაცანით მომავალი სიახლეების შესახებ. საკმაოდ საინტერესო შეხვედრა იყო. მასში მონაწილეობა მიიღეს ექიმებმა, კლინიკის ხელმძღვანელებმა და პაციენტებმა. ვფიქრობ, რომ ის რისკები და საფრთხეები, რაც თავიდან იყო გაჟღერებული, საბედნიეროდ არ რეალიზდა. პროექტი წარმატებულია და მჯერა, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება", - განაცხადა სერგეენკომ.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, 2014 წლის 20 ნოემბრის მდგომარეობით, პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში 2 882 238 მოქალაქეა დარეგისტრირებული. სულ დაფიქსირებულია 822 413 მიმართვის შემთხვევა. აქედან, 493 145 პირს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება გაეწია; 162 016 - სტაციონარული მომსახურება; 31 598 - ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპია; 71 172 გეგმიური ქირურგიული ჩარევა (გარდა კარდიოქირურგიისა); 2 448 -კარდიოქირურგია; 60 970 –მშობიარობა და საკეისრო კვეთის ჩათვლით.