საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია თავდაცვის სამინისტროს განცხადებას, უხერხულ გაუგებრობად აფასებს.
ამის შესახებ ოთარ დანელიამ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.
"მე ვფიქრობ, რომ ეს იყო აშკარად გაუგებრობა, მითუმეტეს, ვეყრდნობით გაკეთებულ განცხადებას, რომ საბოლოო ვარიანტი არ იყო მინისტრთან შეთანხმებული. როგორც ჩანს, ეს იყო უხერხული გაუგებრობა", - განაცხადა ოთარ დანელიამ.
მისივე თქმით, ზოგადად, არსებობს პიარის ჯგუფები, რომლებიც ერთმანეთში კონსულტაციებს გადიან და ამ დონეზე ხდება ხოლმე თემების განხილვა.
"მხოლოდ ერთის თქმა შეიძლება, ეს ჰგავს ძალიან უხერხულ გაუგებრობას და მეტს არაფერს. ბუნებრივია, ეს არ იქნებოდა მიზანმიმართული რაღაცა არასწორი აღქმისათვის", - განაცხადა ოთარ დანელიამ.
თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში საქართველოს მოქალაქის ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო შაბათს ღრმა მწუხარება გამოთქვა და მის ოჯახს მიუსამძიმრა. ამავდროულად, თავდაცვის სამინისტრომ პასუხისმგებლობა უკრაინაში გარდაცვლილი ჯარისკაცის გამო წინა ხელისუფლებას დააკისრა.
"გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო, სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. თავდაცვის სამინისტროს მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ მსგავსი მოწოდებები არის უპასუხისმგებლო და ემსახურება საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შეცდომაში შეყვანას. თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, არ აყვეს პროვოკაციას და სხვადასხვა შემოთავაზების სანაცვლოდ არ ჩაიგდოს საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს 20 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში.
32 წლის ალექსანდრე გრიგოლაშვილი, რომელიც 2007-2008 წლებში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა, უკრაინაში 18 დეკემბერს დაიღუპა.