საქართველოს სახალხო დამცველმა, მთავარ პროკურორს წინადადებით მიმართა, რათა შსს სიღნაღის რაიონული სამმართველოს წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების პროცესი ეფექტიანი გამოძიების ერთ-ერთი სტანდარტის – სისწრაფის დაცვით წარიმართოს. ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა მოქალაქე ი.ფ.-მ, რომელიც მიუთითებდა, რომ 2008 წლის 12 დეკემბრიდან დღემდე შსს სიღნაღის რაიონულ სამმართველოში მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება, დოკუმენტების გაყალბების ფაქტზე. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ი.ფ.-ს შეზღუდული აქვს საკუთრებით სარგებლობის/განკარგვის უფლება.
"2008 წლიდან დღემდე, ნაკლებად მძიმე დანაშაულთა ფაქტზე გამოძიების მიმდინარეობის ხანგრძლივობა ვერ პასუხობს ეფექტიანი გამოძიების ისეთ უმნიშვნელოვანეს ელემენტს და სტანდარტს, როგორიცაა სახელმწიფოს ვალდებულება - უზრუნველყოს სწრაფი გამოძიების ჩატარება. ამიტომაც, საქართველოს სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა მოქალაქის კანონისმიერი უფლებების დარღვევას", - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.