საკრებულოს ფრაქცია

საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება – ეროვნული ფორუმის" თავმჯდომარე ხელფასების მომატებას ითხოვს

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება – ეროვნული ფორუმის" თავმჯდომარე ხელფასების მომატებას ითხოვს. 

როგორც გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში საკრებულოს უმრავლესობის ფრაქცია "ქართული ოცნება – ეროვნული ფორუმის" თავმჯდომარე ავთანდილ დავითაძე აცხადებს, ნებისმიერ უწყებაში მთავარ სპეციალისტსაც კი საკრებულოს არჩეულ დეპუტატზე მაღალი გასამრჯელო აქვს.

"საკრებულოს დეპუტატს ერიცხება 1 400 ლარი, დაბეგვრის შედეგად ხელზე ვიღებთ 1 120 ლარს. ხალხს ჰგონია, რომ უზარმაზარი ხელფასები გვაქვს, რადგან წინა საკრებულოში ჰქონდათ დიდი ხელფასი, პრემიები და დანამატები. მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან დღემდე საკრებულოს დღევანდელი შემადგენლობის, დეპუტატების და ადმინისტრაციის თანამშრომლების ხელფასებზე სულ გახარჯულია 231.600 ლარი. შეადარეთ ეს თანხა მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან 31 ივნისის ჩათვლით ჩვენი წინამორბედების ხელფასებისთვის გახარჯულ 3 422 730 ლარს. სხვაობა ხომ ძალიან დიდია?.. ჩვენს ხელფასს ხელფასი ჰქვია?! სხვა ნებისმიერ უწყებაში მთავარ სპეციალისტსაც კი საკრებულოს არჩეულ დეპუტატზე მაღალი გასამრჯელო აქვს... ჩვენ ხომ სასწაულს არ ვითხოვთ? დეპუტატმა ხელზე მაინც ხომ უნდა აიღოს 2 000 ლარი? ოჯახები გვყავს", - აცხადებს ავთანდილ დავითაძე.

მისივე განმარტებით, დედაქალაქის-საკრებულოს ფუნქცია-მოვალეობები მნიშვნელოვნადაა გაზრდილი.

"5 თვეში ჩატარებული გვაქვს 182 კომისიის, 21 ბიუროს და 20 საკრებულოს სხდომა. შესაბამისად, საკრებულოს აპარატის დატვირთვაც გაზრილია და დეპუტატებისაც, რომლებიც ყოველ კვირას დილიდან საღამომდე მაჟორიტარულ ოლქებში ხვდებიან ამომრჩევლებს", - აღნიშნავს საკრებულოს დეპუტატი.