ჯოშუა კუცერა,“Eurasianet”
საქართველომ გამოაქვეყნა ეროვნული უსაფრთხოების ახალი კონცეფცია – 2005 წლის დოკუმენტის განახლებული ვერსია, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ „საქართველოს წინააღმდეგ ღია შეიარაღებული აგრესიის ალბათობა მცირეა“. ახლა, რაც გასაკვირი არ არის, დოკუმენტში ყველაზე დიდი ნაწილი რუსეთს ეძღვნება: საქართველოს უსაფრთხოებისთვის არსებული 12 „საფრთხიდან, რისკებიდან და გამოწვევებიდან“ 10 უკავშირდება რუსეთს და მის როლს საქართველოსგან გამოყოფილ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.
თავში „საერთაშორისო კავშირების განმტკიცება“ საკვანძო ადგილი აშშ-ს უკავია, რაც ასევე არ არის გასაკვირი. რაც შეეხება სიის დანარჩენ ნაწილს, ის ნამდვილად უფრო დეტალურ გაცნობას იმსახურებს. ამ თავში მეორე ადგილზე – უკრაინაა, რომელიც „სტრატეგიულ პარტნიორად“ მოიხსენიება. შემდეგი თურქეთია – „საქართველოს მთავარი პარტნიორი რეგიონში“ ვაჭრობის, ენერგეტიკულ და სამხედრო სფეროებში. შემდეგ ხაზგასმულია ურთიერთობის მნიშვნელობა „ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის და სკანდინავიის ქვეყნებთან“, ასევე მოლდავეთთან და ბელორუსთან. თუმცა, გაურკვეველი მიზეზის გამო, არაფერია ნათქვამი დასავლეთ ევროპაზე (თუმცა, ბუნებრივია ნახსენებია ისეთი გაერთიანებები, როგორებიცაა ევროკავშირი და ნატო). ლათინურ ამერიკას და კარიბის აუზის ქვეყნებს მთელი პარაგრაფი ეძღვნება და ერთი სიტყვაც არ არის ნათქვამი საფრანგეთზე, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთზე? უდაოა, რომ აქ მთავარი როლი ითამაშა იმან, რომ დასავლეთ ევროპის ქვეყნები ენთუზიაზმის გარეშე მიუდგნენ საქართველოს ნატოში მიღების საკითხს.
რაც შეეხება ახლო მეზობლებს, აზერბაიჯანი მოხსენიებულია „სტრატეგიულ პარტნიორად“, ხოლო სომხეთთან დაკავშირებით საუბარია „კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაზე“. ქართველი პოლიტოლოგის, სოსო ცინცაძის აზრით, აქაც საქმე რუსეთშია. „სომხეთი ვერ იქნება ერთდროულად როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის სტრატეგიული პარტნიორი“, – ამბობს იგი. ირანი კი მხოლოდ ეკონომიკური თანამშრომლობის თავში მოიხსენიება, თუმცა სულ რაღაც ერთი წლის წინ, თითქოს თბილისს და თეირანს შორის ძალიან პოზიტიური დინამიკა შეიმჩნეოდა.
foreignpress.ge
821
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85