ქდმ 26 მაისის შესახებ - ”ბართლომეს ღამე უნდა მოეწყოთ. ეს ძალიან რბილი იყო!”

ქდმ 26 მაისის შესახებ - ”ბართლომეს ღამე უნდა მოეწყოთ. ეს ძალიან რბილი იყო!”

ზურაბ ჯიბღაშვილი: აი, ეგაა შენი ნაქები ქვეყანა. რა ნახა ჩემმა თვალებმა.

ნიკოლოზ ლალიაშვილი: გადასარევი ხალხია. ერთადერთი ნაკლი ის აქვთ, რომ ჩვენ არა ვართ მაგათ ადგილზე.

ზურაბ ჯიბღაშვილი: ეეეეეეეე, ნიკააააააა... გულახდილად ამბობ, რომ შენც იგივეს გააკეთებდი? გულახდილად ამბობ ამას თუ კაიფობ? გული მერევა მე უკვე.

ნიკოლოზ ლალიაშვილი: ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, ცოტა უფრო მძიმე ფორმებით, შეზავებული იქნებოდა ცოტა მეტი ფაშიზმით და რელიგიური ექსტრემიზმით. შენი ადგილი შვეციაში ან დანიაშია, შენ არ ხარ ტურფა გურჯისტანის ფირუზისფერი ცის და ზურმუხტისფერი მიწის ღირსი, ლიბერალ-რესპუბლიკელ-იეღოველო!

ზურაბ ჯიბღაშვილი: ისე წუხანდელზე რას მეტყვი? უარესი ფორმით უნდა გაეკეთებინათო, ისევ მაგას მეტყვი?

ნიკოლოზ ლალიაშვილი: მოეშვი ანტიქართული პოსტების წერას. შეეშვი ჯონ ბასის ფსიქიკას. ყველა უნდა დაიჭირონ!!! ყველა!!! შენც დასაჭერი ხარ!!! ბართლომეს ღამე უნდა მოეწყოთ. ეს ძალიან რბილი იყო!

ზურაბ ჯიბღაშვილი: არ გეშინია, რომ ეს ყველაფერი ღმერთისგან ცუდად დაგიბრუნდება? ეს ქრისტიანული იყო თუ დემოკრატიული?

ეს არის ”ქრისტიან-დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა ლალიაშვილის და იურისტ ზურაბ ჯიბღაშვილის საუბრის ჩანაწერი facebook-ზე, რომელიც 26 მაისის აქციის დარბევის მეორე დღეს შედგა და საუბრის თემა სწორედ აქციის დაშლას და ხელისუფლების პოლიტიკას ეხება.

ჩანაწერიდან კარგად ჩანს, როგორ ამართლებს ლალიაშვილი ხელისუფლების ქმედებას და როგორ ღიად საუბრობს იმაზე, რომ ხელისუფლებაში ყოფნისას თვითონ უარესს იზამდა. თუკი იმ ფაქტს გავითვალისწინებთ, რომ ლალიაშვილს პარტიაში საკმაოდ მაღალი თანამდებობა აქვს, ადვილი წარმოსადგენია, რომ ეს ზოგადად პარტიის პოზიციაა.

ამას კი ისიც ადასტურებს, რომ, ზურაბ ჯიბღაშვილის თქმით, ლალიაშვილის ამ პოზიციას პარტიის არც ერთი ლიდერი არ გაემიჯნა მიუხედავდ იმისა, რომ ამას რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობდა.

ჯიბღაშვილი თითქმის სამი წლის განმავლობაში ”ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის ლევან ვეფხვაძის სამდივნოს უფროსი იყო და, როგორც აცხადებს, იმის გამო, რომ პარტიის ლიდერები ლალიაშვილს არ გაემიჯნნენ, მან სამსახური პროტესტის ნიშნად დატოვა, რადგან ქდმ-ს იდეოლოგია მისთვის მიუღებელი იყო.

ჯიბღაშვილის თქმით, საქმე ეხება 2011 წლის 26 მაისის აქციებთან დაკავშირებით ნიკა ლალიაშვილის პოზიციას.

”ლალიაშვილი მაისის აქციებს აკრიტიკებდა. 26 მაისის მოვლენების შემდეგ, საღამოს ”ფეისბუქზე” მივწერე და ვკითხე, ისევ იგივეს ფიქრობდა თუ არა? ლალიაშვილმა მიპასუხა, რომ ხელისუფლებაში გადასარევი ხალხია და თავად ზუსტად იმავეს გააკეთებდა ცოტა უფრო მძიმე ფორმით, შეზავებული იქნებოდა ცოტა მეტი ფაშიზმით, რელიგიური ექსტრემიზმით, ყველა უნდა დაეჭირათ და ბართლომეს ღამე უნდა მოეწყოთ. ვკითხე, ამას სერიოზულად ამბობდა თუ არა, რაზეც მიპასუხა, რომ სერიოზული იყო”, - განაცხადა ჯიბღაშვილმა და facebook-ზე ლალიაშვილთან მიმოწერა წარმოადგინა.

მისივე განმარტებით, 26 მაისის შემდეგ 8 თვე გავიდა და მთელი ამ ხნის განმავლობაში ცდილობდა, პარტიის ხელმძღვანელობა საქმის კურსში ჩაეყენებინა ზემოხსენებული საუბრის შესახებ, რათა გამიჯვნოდნენ ლალიაშვილის იდეებს. თუმცა, ამას ვერ მიაღწია და სამსახურის დატოვება გადაწყვიტა.

”პარტიის წევრებმა მითხრეს, რომ ლალიაშვილს არ მიატოვებდნენ, არ გაემიჯნებოდნენ, რომ ლალიაშვილმა იხუმრა. ეს არის ამ პარტიის პოზიცია, რომელიც ქრისტიანობით და დემოკრატიით არის შეფუთული”, - აღნიშნა ჯიბღაშვილმა.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენად იზიარებდა იგი ზოგადად ამ პარტიის პოზიციებს, ჯიბღაშვილი presage.tv-თან საუბრისას ამბობს, რომ მას პარტიასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია და მხოლოდ კონკრეტულ სამუშაოს ასრულებდა.

”ჩემი აქტიურობა არ იყო მაღალი ხარისხის, რადგან არც ჩემი და არც მათი მხრიდან ჩემი პარტიასთან ინტეგრაციის მოტივაცია არ ყოფილა. როდესაც მივიღე შემოთავაზება, რომ მემუშავა ვეფხვაძის სამდივნოს ხელმძღვანელად, იყო ნათქვამი, რომ უნდა შემესრულებინა კონკრეტული სამუშაო. შეგახსენებთ, რომ ახლოვდებოდა საკონსტიტუციო რეფორმა და მათ სჭირდებოდათ ის გარკვეული ცოდნა, რაც მე ამ სფეროში მქონდა. ჩემი თხოვნა იყო, რომ ჩემთვის პოლიტიკუირი კავშირი არასოდეს მოეთხოვათ და ბოლო მომენტამდე ეს პირობა არ დარღვეულა.

”თუმცა, ჩემს  გარკვეულ მოსაზრებებზე, იგივე ნიკა ლალიაშვილის მხრიდან იყო გარკვეული მითითებები, რაც ცენზურის სახესაც კი იძენდა. მაგალითად, მეუბნეოდა, ამას თავი დაანებე, იმას ნუ წერ და ა.შ. მაგრამ მე ამას ყურადღებას იმიტომ არ ვაქცევდი, რომ ნიკა ლალიაშვილს ჩემს უფროსად არასოდეს მოვიაზრებდი,” - ამბობს ზურაბ ჯიბღაშვილი და აღნიშნავს, რომ მისი და ამ პარტიის ხედვა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით რადიკალურად განსხვავებული იყო.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ ჯიბღაშვილი იყო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი სამეცნიერო-აკადემიური პერსონალის კვოტით. მაგრამ მან კომისია მალევე დატოვა და მონაწილეობდა საზოგადოებრივ-საკონსტიტუციო კომისიაში, რომელიც ხელისუფლების მიერ მიღებულ ცვლილებებს კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა.

რაც შეეხება უშუალოდ მის და ლალიაშვილის დაპირისპირებას, როგორც თავად აღნიშნავს, ამ დაპირისპირებაში პარტიის ლიდერებმა ლალიაშვილს დაუჭირეს მხარი. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ გარკვეულწილად იზიარებენ ლალიაშვილის იმ შეხედულებას, რომ 26 მაისს ხელისუფლებას ადამიანები უფრო სასტიკი ფორმებით უნდა დაერბია და დაეხოცა. ამას კი ისიც ამძაფრებს, რომ ამ თემაზე საუბარი პარტიის არც ერთ ლიდერს და არც თავად ლალიაშვილს არ სურს. ერთად-ერთი კომენტარი მხოლოდ რატი მაისურაძემ, გაკეთა. 

”ვფიქრობ, ზურა შეცდა. მას ჰქონდა არასამსახურებრივი პრობლემები და ამ ფონზე ალბათ ნერვებმა უმტყუნა. ყოველთვის ვურჩევდით, რომ შეეწყვიტა ოცნება და ფიქრი დაეწყო, თუმცა, ოცნება არჩია და წარმატებებს ვუსურვებთ”, - აღნიშნა რატი მაისურაძემ.

მაისურაძემ ისიც ვერ თქვა, კომენტარს მხოლოდ თავად რატომ აკეთებს და სხვები რატომ არიან ჩუმად. როგორც ჩანს, ქდმ-ს ლიდერებს სათქმელი არაფერი აქვთ და იმედოვნებენ, რომ თუკი ჩუმად იქნებიან, ეს ყველაფერი საზოგადოებას მალე დაავიწყდება. საზოგადოება კი ადვილად არც არაფერს ივიწყებს...