სააკაშვილი სცილასა და ქარიბდას შორის

სააკაშვილი სცილასა და ქარიბდას შორის

მაქსიმუმ ერთ თვეში მილიარდელი ბიზნესმენი, ბიძინა ივანიშვილის პარტია შეიქმნება და, თუკი იქამდე პრეზიდენტმა მას მოქალაქეობა არ მიანიჭა, ამ პარტიას სათავეში მისი მეუღლე ჩაუდგება. ამის შესახებ განცხადება ოფიციალურად უკვე გაკეთდა და ახლა ხელისუფლების გადასაწყვეტია, მას ბრძოლა ივანიშვილთან ურჩევნია თუ ეკატერინე ხვედელიძესთან, რომლის უკანაც ივანიშვილი იდგება.

თუკი ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს გავითვალისწინებთ, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ კანონმდებლობის გამკაცრებით დაწყებული და ხელისუფლების მიერ უკვე დაწყებული საარჩევნო კამპანიით დამთავრებული,  ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას რამდენიმე მნიშვნელობა ჰქონდა, მაგრამ მთვარი ის არის, რომ მან ვერც პოლიტიკაში ჩართვა უნდა შეძლოს და ვერც პოლიტიკის დაფინანსება.

ამაზე საუბარი ჯერ ხელისუფლების მომხრე არასამთავრობო ორგანიზაციებმა თუ ე.წ. ექსპერტებმა დაიწყეს მაშინ, როდესაც ძალიან ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებებს კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ. ბოლო პერიოდში კი ამაზე უკვე ხელისუფლება საუბრობს ღიად და ამიტომაც თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე, ხელისუფლების მთავარი ამოცანა ივანიშვილთან დაკავშირებით არსებული სტატუსქვოს შენარჩუნებაა.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება მას მოქალაქეობას არ აღუდგენს. ან პროცედურას გაჭიმავს ისე, რომ არჩევნებისთვის ეს ვერ მოესწროს. უკვე ცნობილია, რომ საფრანგეთი ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობის მიღებამდე მოქალაქეობას არ შეუწყვეტს.

ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ იურისტთა ჯგუფის ადვოკატმა, ზაქარია ქუცნაშვილმა 11 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

ქუცნაშვილის თქმით, საფრანგეთის მთავრობამ საელჩოს მეშვეობით 2012 წლის 9 იანვრით დათარიღებული ცნობა გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საფრანგეთის რესპუბლიკა, რომელიც მოქალაქეობის შესახებ 1997 წლის 6 ნოემბრის ევროპული კონვენციის მონაწილეა, ბიძინა ივანიშვილს არ შეუწყვეტს საფრანგეთის მოქალაქეობას მანამ, ვიდრე ის საქართველოს მოქალაქეობას არ მიიღებს. 

ქუცნაშვილის განმარტებით, 5 იანვარს სამოქალაქო რეესტრს მიმართეს, რომ ბიძინა ივანიშვილს, ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობა მიეცეს.

„მათ, მაქსიმუმ, 40 დღის ვადაში უნდა გასცენ დასკვნა, რის შემდეგაც, მაქსიმუმ, 10 დღის ვადაში პრეზიდენტმა საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. დღეის მდგომარეობით, პრეზიდენტ სააკაშვილსა და სამოქალაქო რეესტრს, ჯამში, დარჩენილი აქვთ 44 დღე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად“, - განაცხადა ქუცნაშვილმა. 

მისივე განმარტებით, პრეზიდენტს მიმართეს საქართველოს კონსტიტუციის მე-12-ე მუხლის არა მეორე, არამედ პირველი პუნქტის საფუძველზე, ანუ მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მინიჭებაზე. 

„თუ მეორე მუხლის შემთხვევაში პრეზიდენტი არ არის ვალდებული, დაასაბუთოს, რატომ არ თვლის მის წარსულ ცხოვრებას დამსახურებად ქვეყნის წინაშე და ამიტომ არ ანიჭებს მოქალაქეობას, ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მიცემაზე უარის შემთხვევაში პრეზიდენტს მოუწევს, მოიყვანოს სამი მიზეზიდან ერთ-ერთი: ივანიშვილი არის ან ტერორისტი, საერთაშორისო ძებნილი ან მისთვის მოქალაქეობის მიცემა საზოგადოებრივი საფრთხის მატარებელია“, - აღნიშნა ქუცნაშვილმა. 

მისივე თქმით, ამ სამიდან რომელიმე მიზეზის დასახელებას თეორიულადაც კი გამორიცხავენ. 

„ტერორისტების სიას ადგენს გაერო, საერთაშორისო ძებნილებისას - ინტერპოლი. ვერც ერთ სიაში ივანიშვილის გვარს ვერ იპოვით. რჩება მიზეზი - საზოგადოებრივი საფრთხის მატარებელი. ასეთად ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ ერთ შემთხვევაში ჩაითვლებოდა - თუ მას ექნებოდა ხელისუფლების რევოლუციურად ცვლილების მიზანი. თუმცა, ბიძინა ივანიშვილმა 7 ოქტომბერს გაკეთებულ განცხადებაში ამ გზით ხელისუფლების ცვლილების ალბათობა გამორიცხა“, - განმარტა ქუცნაშვილმა. 

მაგრამ სააკაშვილი რას გააკეთებს, არავინ იცის. ამიტომაც იმის თქმა, თუ როდის შეიძლება მიენიჭოს ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა, ძალიან ძნელია.

მეორე მხრივ, ივანიშვილის პოლიტიკური პარტნიორების მხრიდან უკვე დაანონსებულია, რომ ივანიშვილის პარტია თებერვლის დასაწყისში შეიქმნება. ამ თარიღის შესახებ პირველი განცხადება „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ გააკეთა. ამის შემდეგ კი უკვე რესპუბლიკელების მხრიდანაც გაკეთდა განცხადებები, რომ ივანიშვილის პარტია და არა საზოგადოებრივი მოძრაობა იანვრის ბოლოდან უკვე მთელი საქართველის მასშტაბით დაიწყებს მუშაობას.

ამიტომაც ამ ბოლო დღეების განმავლობაში მთავარი კითხვა იყო ის, თუ როგორ მოახერხებდა ივანიშვილი პარტიის შექმნას და დასახელდა რამდენიმე კანდიდატი მისი გარემოცვიდან, ვინც შეიძლება სათავეში ჩასდგომოდა ამ პარტიას.

უკვე ღიად ითქვა, რომ პარტიას სათავეში მისი მეუღლე, ეკატერინე ხვედელიძე ჩაუდგება და საპარლამენტო არჩევნებშიც მიიღებს მონაწილეობას.

ამის შესახებ განცხადება პრესკონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ იურისტთა ჯგუფის ადვოკატმა, არჩილ კბილაშვილმა გააკეთა. 

შეგახსენებთ, რომ სააკაშვილის გადაწყვეტილებით მოქალაქეობა ივანიშვილთან ერთად მის მეუღლესაც შეუწყდა. მაგარმ იმის გამო, რომ მას საფრანგეთის მოქალაქეობა საქართველოს მოქალაქეობის მიღებამდე ჰქონდა, ფორმალური მიზეზიც არ არსებობდა, რომ პრეზიდენტს ეს გადაწყვეტილება მიეღო. ამიტომაც სასამართლო იძულებული გახდა, რომ ივანიშვილის სარჩელი ნაწილობრივ მაინც დაეკმაყოფილებინა და პრეზიდენტის გადაწყვეტილება ეკატერინე ხვედელიძესთან დაკავშირებით უკანონოდ ეცნო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მას მოქალაქეობა დაუყოვნებლივ უნდა აღუდგეს.

ამიტომაც, არჩილ კბილაშვილის ინფორმაციით, ეკატერინა ხვედელიძემ მოსამართლეს იმ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თხოვნით მიმართა, რომლის თანახმადაც, მას საქართველოს მოქალაქეობა აღუდგა. 

კბილაშვილის განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილება, ჩვეულებრივ, მაშინვე ძალაში არ შედის, რადგან ვიდრე ზემდგომ ორ ინსტანციაში გასაჩივრების ვადები არ ამოიწურება, გადაწყვეტილება კანონიერ ძალას ვერ შეიძენს. „თუმცა, არის გამონაკლისი, როდესაც განსაკუთრებულ გარემოებათა გამო, პირს შეუძლია, მიმართოს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს და სთხოვოს, გადაწყვეტილების ესა თუ ის ნაწილი მიაქციოს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად“, - განაცხადა კბილაშვილმა და დასძინა, რომ სწორედ ამ უფლებით ისარგებლა ეკატერინე ხვედელიძემ. 

ამის მოტივად კი კბილაშვილმა მიმდინარე წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები და ეკატერინე ხვედელიძის მასში მონაწილეობის სურვილი დაასახელა. 

„წინ არჩევნები გველოდება, შესაბამისად, მოსამართლისადმი გაგზავნილ ეკატერინე ხვედელიძის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მას სურს პოლიტიკური პარტიის შექმნა და პარტიის მეშვეობით კენჭისყრა საქართველოს პარლამენტის წევრობაზე. ამ უფლებათა რეალიზებას ვერ შეძლებს, თუ გადაწყვეტილება მისთვის მოქალაქეობის აღდგენის ნაწილში დაუყოვნებლივ არ აღსრულდება. ეს არის განსაკუთრებული გარემოება, რადგან თუ მოქალაქეობის აღდგენის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ არ აღსრულდება, 2013 წელს უკვე მოკლებული იქნება რეალურ შინაარსსა და დატვირთვას“, - აღნიშნა არჩილ კბილაშვილმა.

მისივე განმარტებით, განცხადება 5 იანვარს შევიდა და მოსამართლეამ საკითხს წყვეტს მანამ, ვიდრე საქმე მასთან რჩება. 

„საქმე კი მოსამართლესთან დღეიდან 2 კვირის განმავლობაში რჩება, რადგან 27დეკემბრის გადაწყვეტილება მოქალაქეობის აღდგენის შესახებ გუშინ ჩაგვბარდა და მისი გასაჩივრების ვადაც გუშინდელი დღიდან აითვლება”, - განმარტა კბილაშვილმა პრესკონფერენციაზე. 

იურისტების განცხადებით, ორი კვირის ვადაში მოსამართლის დადებით პასუხს ელოდებიან ან პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან 27 დეკემბრის გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციებში გასაჩივრებას.

როგორც ჩანს, იანვრის ბოლოს გაირკვევა, სააკაშვილი რას აპირებს. თუკი გადაწყვეტს, რომ ივანიშვილს გზა ბოლომდე ჩაუკეტოს, მაშინ იგი სასამართლო გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს და ამ გასაჩივრებებში საკმაოდ დიდი დროის მოგება შეუძლია. ამასობაში კი არჩევნებიც ჩაივლის.

თუმცა, ისიც გასათვალისწინებელი იქნება, თუ სააკაშვილის ამ გადაწყვეტილებას საერთაშორისო საზოგადოება როგორ შეხვდება და ადვილი წარმოსადგენია, რომ სააკაშვილს მათი უკმაყოფილება არანაირად არ უნდა აწყობდეს. მით უმეტეს იმ საყვედურების შემდეგ, რაც ხელისუფლებამ აშშ-ის საელჩოსგან მიიღო. 

იმ შემთხვევაში კი თუ სასამართლო გადაწყვეტილება ძალაში შევა, ხვედელიძეს საშუალება ექნება ივანიშვილის ყველანაირი რესურსი გამოიყენოს. ამას დაემატება ისიც, რომ სააკაშვილი თავად ივანიშვილს არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას არ აძლევს და საბოლოოდ ეს ყველაფერი საზოგადოებაზე რა გავლენას იქონიებს, არავინ იცის.