ასი დღე, რომელმაც შეძრა საქართველო (მეოთხე ნაწილი)

ასი დღე, რომელმაც შეძრა საქართველო (მეოთხე ნაწილი)

განვლილი ასი დღის განმავლობაში საქართველოს პოლიტიკური სივრცე ძალიან წააგავს რინგს, სადაც ერთ მოკრივეს მოწინააღმდეგე ბაგირთან მიუმწყვდევია და გამეტებით სცემს.

ხოშკაკალასავით ცვივა მუშტები -  ჰუკი, ჰუკი... აპერკოტი, აპერკოტი... ჰუკი...

ბაგირთან მიმწყვდეული სპორტსმენი კლასიკური კრივის წესებს იცავს, სახეს ხელთათმანებით იფარავს და პერიოდულად კლინჩში შესვლით ახერხებს გავეშებული მეტოქის დაცხრობას.

 

თავდამსხმელი წესებს არაფრად დაგიდევთ. სცემს ყველგან და ყველაფრით-  მუშტებით, იდაყვებით, ფეხით, თავით... სახეში, მუცელში, სარტყელს ქვემოთ, ფეხებზე, ფერდებში...

 

მოკლედ, ერთი მხრივ კრივია, მეორე მხრივ - ბრძოლა წესების გარეშე.

 

ბაგირთან მიმწყვდეული ჯერჯერობით უძლებს, თან, დროდადრო, მზერას რინგის ცენტრისკენ აპარებს და რეფერის ეძებს.

 

სად არის რეფერი?

 

რეფერი არ ჩანს.

 

ძნელი მისახვედრი არაა, რომ ბაგირთან მიმწყვდეული მოკრივე ბიძინა ივანიშვილია, თავდამსხმელი კი -  სააკაშვილში პერსონიფიცირებული მთელი სახელისუფლებო მანქანა (პლუს გაკიკუვებული მედიაპოლკი).

 

პირველი შოკიდან გამოსვლის შემდეგ ხელისუფლება მთელი ძალით ამოქმედდა და მიზნად დაისახა, ნებისმიერი საშუალებით მიეღწია სახიფათო მოწინააღმდეგის ნეიტრალიზებისთვის.

 

არაერთგზის დაწერილის გამეორება მიწევს, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიხსენოთ წესების გარეშე მიყენებული დარტყმების მთელი კასკადი.

 

მოქალაქეობის ჩამორთმევა... ბანკის საინკასაციო მანქანის დაყაჩაღება და ფულის ჩამორთმევა... აქტივისტების დევნა-დაპატიმრება... ერეკლეს მოედანზე მდებარე ოფისის დაყადაღება... ”ქართუ ბანკის” კლიენტების ტერორიზება და უკანონო საფინანსო რევიზია... არაკონსტიტუციური მანიპულაციების მეშვეობით პოლიტიკური პარტიების დაფინანსების უფლების ჩამორთმევა... საცხოვრებელ სახლზე ტოტალური თვალთვალის დაწესება... ყოველგვარ სამანს გადასული შავი ფიარის კამპანია...

 

ვერაფერი შვილი სახარბიელო მდგომარეობაა,  ხალხის დასაცავი შეიქნას ის, ვისგანაც იგივე ხალხი თვითონ ელოდა დაცვას, ვისაც მხსნელივით შეეგება და არნახული ნდობა გამოუცხადა.

 

ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით უბრალო ადამიანებმა უმოკლეს ვადაში შეაგროვეს 300 000 ხელმოწერა.

 

ჯიბეგამოფხეკილი მოქალაქეები საათობით იდგნენ ”ქართუ ბანკის” რიგში ანგარიშის გასახსნელად და დეპოზიტზე სიმბოლური თანხის დასადებად.

 

მოსახლეობის მხრიდან გამოვლენილ სოლიდარობის აქტებს უდიდესი მორალური მნიშვნელობა გააჩნია. ეს ნიშნავს, რომ ასეულათასობით ადამიანი არ ეპუება ხელისუფლების ძალადობას და მზადაა, ყველაფერი გაიღოს უსამართლობის დასაძლევად.

 

თუმცა... თეთრი შავის გარეშე არ არსებობს.

 

ქართული ფსიქოტიპი სიბრალულითა და თანაგრძნობითაა გამსჭვალული დაჩაგრულის მიმართ, მაგრამ ლიდერად ვერ მიიღებს მას.

 

ნაცემი მხარდაჭერას მხოლოდ მაშინ იმსახურებს, როდესაც არა მხოლოდ თავს იცავს, თვითონაც იბრძვის და ხელს არ აკლებს მოწინააღმდეგეს. ამ დროს ხალხის სიმპათია მთლიანად მის მხარესაა. საილუსტრაციოდ შეიძლება გავიხსენოთ თავის დროზე ოპოზიციაში მყოფი ნაცმოძრაობის ”გმირული” ბატალიები ბათუმში, ფოთში, გორში, ვანსა თუ  ბოლნისში, სადაც  სააკაშვილის  ”ბოევიკებმა” წიხლქვეშ გაიგდეს  რაიონის გამგებელი, ვინმე ჯაფარიძე.

 

როდესაც თეთრ ცხენზე ამხედრებულ რაინდს ელი და შენგან  დასაცავი ჩვეულებრივი მოკვდავი შეგრჩება, ძნელია, ხელი არ დაგრიოს ყოვლის მომცველმა ფრუსტრაციამ.

 

ბევრი ვინმე, ასე აღტაცებული და ოპტიმისტურად განწყობილი რომ იყო ასი დღის წინ, ახლა ყურებჩამოშვებულია. ყველა გაფაციცებით ელოდება ორ რამეს-  ან რეფერის გაახსენდება თავისი ფუნქცია  იკადრებს წესების დამრღვევი მოკრივის დისკვალიფიცირებას, ან ბაგირთან მიყუჟული მოახერხებს კუთხიდან ცენტრში გასვლას და თვითონვე მიაყენებს საპასუხო დარტყმებს მეტოქეს.

 

ჯერჯერობით რეფერი დუმს და სურათიც უცვლელია.

 

ბატონო ბიძინა, სადამდე?!

 

მართალი გითხრა, არც  ვიცი, რა გირჩიო. კაცი არ მეგულება, მზამზარეული რეცეპტი ჰქონდეს, რისი გაკეთება ჯობია დღევანდელ სიტუაციაში. თითქოსდა, ჭკუისკოლოფებითაა სავსე ქვეყანა და არც შენს უახლოეს გარემოცვას აკლია ცოდნა-გამოცდილება. ნუთუ არავინ გეუბნება, რომ გარედან დამკვირვებლის თვალში გალახვას შეგუებული კაცივით გამოიყურები? პასიურობა და დაყოვნება შენი უპირველესი მტერია. პატარა გაინძერი, მიდექ-მოდექი, შენც შეწუხდი და ჩვენც შეგვაწუხე, თორემ ყალიონში ჩასატევი ფიორი  იმედიღა დარჩა საქართველოში და თუ ხელი არ გამოიღე, არც ის გაგვყვება დიდხანს.

 

ხომ ხედავ, სანამ ჩვენ შემოდგომაზე დასათვლელ წიწილებზე ვოცნებობთ, მიშამ და მისმა ბიჭებმა მარტვილის ნასუქი დედალივით აქნეს და აკუწეს საქართველო?!

 

+ + +  

 

ბევრი გონჯი და უზნეო ხელისუფალი იცის ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანმა ისტორიამ.

 

ტახტის ფლობის ან შენარჩუნების ჟინით პირუტყვად ქცეულ უამრავ კაცუნას უბოგინია ქართულ მიწაზე. არაერთი შექსპირული მასშტაბის დრამა გათამაშებულა მათი ნებით და მონაწილეობით. ზოგმა მოასწრო და მოინანია, ზოგმა კი მოუნანიებელ-უზიარებლად მიაბარა ცოდვილი სული უფალს.

 

მამები მოუკლავთ, ძმებისთვის თვალები დაუთხრიათ, ტახტის მოცილესთვის მყესები გადაუჭრიათ და პირში ადუღებული ტყვია ჩაუსხამთ, ძელზე გაუსვამთ, კოცონში ჩაუგდიათ, შაყი უკრავთ, ცოცხლად ტყავი გაუძვრიათ...

 

ბრიყვებიც ყოფილან, ვერაგებიც, ქვეგამხედვარნიც, უზნეონიც, სოდომიტებიც, მოშურნენიც, უსამართლონიც,  უსასტიკესნიც და უმოწყალონიც...

 

მაგრამ არასდროს - სასაცილონი.

 

ასე იყო მიიმჟამიდან მოაქჟამამდე, ვიდრე ქრისტეს აქეთ 2004 წლის დამდეგს სკიპტრა ხელთ არ იპყრა უშჯულო და ცუნდრუკი აღსართანის რეინკარნაციად მოვლენილმა მიხეილ სააკაშვილმა, თანამედროვეთაგან ჩოყლაყად წოდებულმა.

 

და დღეს, მისი ”მირონცხებული” გვირგვინოსნობის მერვე ინდიქტიონს, თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ ის არის ყველაზე უმგვანი და სასაცილო ხელისუფალი საქართველოს ისტორიაში.

 

ვერაგი და სასაცილო...

სასტიკი და სასაცილო...

უზნეო და სასაცილო...

უსამართლო და სასაცილო...

 

მოკლედ, ეს არის ადამიანში განსხეულებული ყველა მიწიერ-ბიწიერი ვნების  ბუკეტი, რომელიც მკაფიოდ გამოკვეთილ გენეტიკურ სიახლოვეს ამჟღავნებს კალიგულასთან.

 

მიხეილ სააკაშვილმა უმოკლეს პერიოდში შექმნა ძალაუფლების შენარჩუნების კარგად ორგანიზებული მექანიზმი და დაიმსგავსა მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი. დღეს საქართველოს მართავს აფთრების ხროვა, რომლებიც თავიანთი ზოლიან-ხალიანი  წინაპრების მსგავსად მზად არიან ყელი გამოღადრონ ყველას, ვინც გაბედავს და პრეტენზიას გამოხატავს ადამიანურ არსებობაზე.

 

გაოგნებული ქართველი ხალხი მხოლოდ იმის შეტყობასღა ცდილობს, სადამდე დაეცემა ხელისუფალთა უზნეობა და კიდევ რას მოიმოქმედებს მათი ბინძური ფანტაზია.

 

ისტერია, რაც ივანიშვილის პოლიტიკურ განცხადებას მოჰყვა შედეგად, ცხადყოფს, რომ სააკაშვილის კამარილია ერთი წამითაც არ უშვებს თავისუფალი არჩევნების ჩატარებისა და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების შესაძლებლობას. იგი მზადაა, გადადგას ნებისმიერი ნაბიჯი, განახორციელოს ნებისმიერი ღონისძიება, დაიჭიროს და აწამოს ნებისმიერი ოპონენტი, საკუთარი შეხედულებით გადააკეთოს ნებისმიერი საკანონმდებლო აქტი, კონსტიტუციის ჩათვლით, და მოარგოს იგი  ხელისუფლებად წოდებული კრიმინალური სინდიკატის ინტერესებს.

 

ხელისუფლებისთვის არსებობს მხოლოდ რამდენიმე ღირებული ცნება: ჩვენ, ჩვენი, ჩვენთვის.

 

სამაგიეროდ არ არსებობს ცნებები: ისინი, მათი, მათთვის.

 

და ეს ხდება ცივილიზებული მსოფლიოს თვალწინ, არაბული გაზაფხულის ჯერ კიდევ ჩაუმცხრალი მოვლენების ფონზე.

 

არასდროს საქართველოს არ ჰყოლია ასეთი ბოროტი და ცინიკოსი მმართველი.

 

არასდროს ერთმანეთისგან ასე არ ყოფილა დაშორებული ხალხისა და ხელისუფლების ინტერესები.

 

ავი თუ კარგი, კეთილი თუ ბოროტი, სამართლიანი თუ უსამართლო- ქვეყანას ყოველთვის ჰყავდა  წინამძღოლი.

 

დღეს ჩვენ გვყავს წინამძღომი, რომელიც პირველი ტოვებს ბრძოლის ველს, სამაგიეროდ  უკანასკნელი გააქვთ სუფრიდან.

 

ასეთები ნებით არ თმობენ ზედ შეხორცებულ სამეფო ტახტს. ისინი ისტორიის ევაკუატორით გაჰყავთ სასახლიდან.

 

მითოლოგიური კასანდრასავით გამომდის, მაგრამ სისხლის სუნითაა გაჟღენთილი ირგვლივ ცარგვალი. ზანტად დაყაშყაშებს საქართველოს მთებს და ველებს ლეშის მონატრული სვავების გუნდი.

 

როდემდე, კატილინა?!

 

+ + +   

 

”საქმე იმიტო უფროა ცუდად, რო  ცუდად როა, არ იცის ბევრმა” - ეს სტრიქონები ცხოვრების დაისზე წარმოთქვა პოეტმა, რომელმაც ორიოდე წლის წინ მიაბარა სამშობლოზე ჯავრით დამძიმებული გული მთაწმინდის სავანეს.

 

მუხრანი განსაკუთრებული სიფაქიზით გრძნობდა და აღიქვამდა იმას, რასაც ჩვენ, საუბედუროდ, ყური შევაჩვიეთ და თვალი შევაგუეთ. ეს სიტყვები იშვიათი სიზუსტით ასახავს თანამედროვე ქართული საზოგადოების სულიერ მდგომარეობას, განსაკუთრებით იმ ფენის შინაგან სიცარიელეს, რომლის წარმომადგენლები ჩვენს მომავალზე არიან პასუხისმგებელნი...

 

ზოგი -  თანამდებობრივად.

ზოგიც - შინაგანი მოწოდებით.

 

განვლილმა ასმა დღემ კიდევ ერთხელ გააოგნა ბევრი რამის მხილველი და იმუნიტეტგამომუშავებული ქართული საზოგადოება. მათ შორის საგანგებოდ უნდა გამოიყოს ორი გარემოება, რომელთა ზედაპირული ანალიზიც კი ცხადყოფს ჩვენი ყოფის უმთავრეს მახასიათებელს - ღირსების დეფიციტს.

 

ის, რაც საქართველოს ხელისუფლებამ, კერძოდ - საკანონმდებლო ორგანომ მოიმოქმედა პოლიტიკური პარტიების  დაფინანსების თაობაზე კანონპროექტის  ცვლილებათა დამტკიცების დროს, არის ზნეობრივი დეგრადირებისა და უღირსებობის კლასიკური ნიმუში.

 

ძაღლიშვილი ვიყო, თუ არ მეცოდებოდეს ის 86 პარლამენტარი, ვინც ხელი აუწია (ააწევინეს) წარმოუდგენელი უკანონობის დაკანონებას. მათ  იმ დღეს მთელ საქართველოს უჩვენეს, რომ არიან ნახერხით გატენილი ფიტულები, დაპროგრამებული რობოტები თუ ზომბირებული შუდრები, ვინც მზადაა, ყველაფერზე წავიდეს საკუთარი კეთილდღეობის შესანარჩუნებლად.

 

საკანონმდებლო თახსირობის მზე შუბის ტარზე დგას. მეცოდება მათი მშობლები, ვინც ამ ქვეყნად მოავლინა ადამიანის ფორმის მქონე ინფუზორიები; მეცოდება მათი ოჯახის წევრები (განსაკუთრებით - შვილები), მეცოდება ყველა, ვინც ხვდება, როგორ უსახურებთან აქვთ საქმე და მაინც იძულებული არიან, ხელი გაუწოდონ ჩამოსართმევად. ვინც ვერ ხვდება, ის კიდევ  უფრო მეცოდება.

 

ახალი წლის წინა დღეს ”გუდვილში” დავით დარჩიაშვილი დავინახე.  მშვიდი, უემოციო სახით არჩევდა სტელაჟებზე პროდუქტს და შუბლზე ეწერა თანამოსაგრე კოლეგებთან ერთად საქართველოს ყველა მოქალაქისთვის გაგზავნილი მესიჯი - ”ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ მე მზად ვარ, ყველაფერი ვიკადრო. მე მთხლე ვარ!”

 

პროფესიულმა ინტერესმა მიბიძგა და ახლოს მივედი, რომ დეტალურად დავკვირვებოდი მექი ვაშაკიძის თანამედროვე შთამომავლის ფიზიონომიას. ჩემს წინ იდგა კაცი-ყინული, ყინულის თმებით და წვერ-ულვაშით, თვალებით და შუბლით, ყინულის  პალტოში ჩაცმული, ყინულისავე შარვლით და ფეხსაცმელებით.

 

ღირსება ცხელსისხლიანი ფენომენია. ღირსება ყინულოვან სხეულში ვერ იარსებებს.

 

ღირსებაგანძარცვული ნაკაცარების საჯლიგინო არენადაა ქცეული ოდესღაც თჳს-ახლოელების, მოკიდებული დასელების, კაი ყმების, გამზრდელ-გაზრდილებისა და ფიცისკაცების საქართველო.

 

თუმცა, პარლამენტართა საქციელს შოკი ნამდვილად არ გამოუწვევია საზოგადოებაში. ჩვენ უკვე  დიდი ხანია ვხედავთ, ყოველ ოთხ წელიწადში  ერთხელ როგორ ისრუტავს იუნკერთა ძვლებზე აგებული ცოდვიანი სასახლე ყველა ჯურის ნაყარ-ნუყარს.  შევეჩვიეთ და პარლამენტში წესიერი ადამიანი თუ მოხვდა, ის უფრო გვიკვირს, ვიდრე ხაბაზისა და წიკლაურის მსგავსი პრიმიტივების არჩევა.

 

პირადად ჩემზე შოკი სხვა ფაქტმა მოახდინა მხედველობაში მაქვს ინტელიგენციად წოდებული სოციალური წრის ერთი, ყველაზე პრივილეგირებული ნაწილის საქციელი, რომლის წარმომადგენლები ყოველთვიურად იღებდნენ ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდიდან სოლიდურ თანხებს.

 

რამდენი შემთხვევა გავიხსენო?

 

მე ღვთის გლახას და ენადრკუს სიტყვები არ მყოფნის. იქნებ ვინმე მომეშველოს და სახელი დაარქვას ბუბა კიკაბიძის საქციელს, რომელმაც ივანიშვილის განცხადებიდან მეორე დღესვე ანგარიშზე არსებული მთელი  თანხა გაიტანა ბანკიდან.

 

გეგულებათ ასეთი დატვირთვის მქონე ცნება ქართულ ლექსიკონში?

 

ეს იმ კაცის ნამოქმედარია, 40 წელია რომ გვმოძღვრავს ესტრადიდან - ”ოღონდ კაცი იყავი და სადაც გინდა, იქ ილოცე”-ო?

 

ეს იმ კაცის ნამოქმედარია, დღესაც რომ ბევრს ჰგონია, მისი მსგავსები ”ნა ულიცე ნე ვალიაიუტსაო”?

 

ან ის რაზე მეტყველებს, მეცნიერებათა აკადემიამ ”ქართუ ბანკიდან” სახელფასო ანგარიში რომ სხვა საფინანსო დაწესებულებაში გადაიტანა? რამდენადაც ვიცი, მხოლოდ ფიზიკოსებმა და მათემატიკოსებმა  განაცხადეს პროტესტი ასეთი სულმდაბალი გადაწყვეტილების გამო.

 

მოდი და ასეთი აკადემიკოსების შემხედვარე ნუ დაეთანხმები  ინტელიგენციის  ილიჩისეულ  შეფასებას.

 

არ ხართ ბატონებო, თქვენ, უფლებამოსილი, ილაპარაკოთ ჩემი ხალხის სახელით.

 

მთხლეები ხართ თქვენ და არარაობანი, მშიშრები და უსულგულო ცინიკოსები. თქვენი ერთადერთი სურვილია, თივა არ მოგაკლდეთ ბაგაზე და მაშინაც ვერ გაბედეთ ხმის ამოღება, როდესაც სხვისი მოტანილი თივა  ცხვირწინ აგაცალეს. შემირცხვენია თქვენი სამეცნიერო ხარისხები, წოდებანი  და ჯინჯილ-რეგალიები. თქვენ ხალხის გვერდით როგორ დადგებით, როცა საკუთარი თავის გვერდით  დგომა არ შეგიძლიათ?! ერთხელ ამ ოცი წლის წინ დასჭირდით ქვეყანას და მაშინაც ბუჩქებში შეიმალეთ. განვლილმა ოცმა წელმა კი აჩვენა, რომ ვერც ვერაფერი გისწავლიათ და ვერც დაგივიწყებიათ.

 

თქვენი საქციელი კიდევ უფრო ამაზრზენია, ვიდრე მილიარდერის შუშის სასახლეში გამართულ პრეს-კონფერენციაზე მისული სახელისუფლებო ტელევიზიების მონა ჟურნალისტების თავგამოდება. მათ  იციან  მაინც  საკუთარი არარაობა, შეგნებულად აქვთ თავი შერგული ხელისუფლების უკანალში, კმაყოფილი არიან ნეხვის ჭიების ხვედრით და უკეთესზე არც აქვთ პრეტენზია. თქვენ კი  ერის მამობაზე, ინტელექტუალურ სახეზე  და სამეცნიერო პოტენციალზე  დებთ თავს და, დარწმუნებული ვარ, არ შეგრცხვებათ, ვარდისფერი ხორველას მოცილების შემდეგ კვლავ განაგრძოთ ერის დამოძღვრა მაღალი ტრიბუნიდან.

 

მესმის, ძნელია ამ სიტყვების მოსმენა, მაგრამ რატომ გგონიათ, რომ წარმოთქმა იოლია?  მით უმეტეს, როცა იძულებული ხარ, განზოგადებულად ილაპარაკო. ზოგადში კი კერძო ხშირად იკარგება და კაცმა არ იცის, რამდენ ვინმეს დაუმსახურებლად მოხვდა მათრახი. არა უშავს, ჭინჭარი და შოლტი  სწორედ ისაა, ყველაზე მეტად გვჭირდება ახლა შვილების მომავალზე დაფიქრებულ ქართველობას. ან ტკივილისგან უკიდურესად გამწარებული დავძლევთ ფატალურ  ნიჰილიზმს და გადავარჩენთ უფსკრულის პირას მდგარ ქვეყანას, ან ”გულმხურვალე”ჭირისუფლების  ამალა მიგვაცილებს ისტორიის სასაფლაომდე, სადაც უკვე გველოდება შავად ხახადაღრენილი, დაუძინებელი გულშემატკივარების  მიერ გათხრილი ტაგრუცი.

 

+ + +   

 

არაფერია იმაზე უფრო ძნელი, დღევანდელის მსგავს, ჭრელ  სოციალურ-პოლიტიკურ გარემოში  მიახლოებით მაინც განჭვრიტო მომავალი და დასახო სამოქმედო სტრატეგია, ისევე, როგორც არაფერია საკუთარი აზრის ჭეშმარიტების უკანასკნელ ინსტანციად წარმოჩენაზე დიდი სიბრიყვე.

 

და მაინც, რაკი დილემის წინაშე ვდგავართ, რადგან სახვალიო ორიენტირები ჯერ კიდევ არ განგვისაზღვრავს, კითხვა- ”რა გზას დავადგეთ”, კვლავაც აქტუალურია. ამ მხრივ, ნებისმიერ დაინტერესებულ და მეტნაკლები პასუხისმგებლობის მქონე ადამიანს შეუძლია იკისროს ნებაყოფლობითი სიბრიყვე, რაც მუდამ  თან ახლავს საზოგადოებისათვის საკუთარი მოსაზრების  შეთავაზების სურვილს.

 

მე, პირადად, სხვა განზრახვა არ მამოძრავებს.

 

თუ ზემოთქმულის მოკლე რეზიუმირებას მოვახდენთ, შეიძლება დავასკვნათ, რომ:

 

საქართველოს ხელისუფლება მტკიცედ ადგას ავტორიტარული მართველობის დამკვიდრების კურსს და ჩვენი ქვეყანა ნელ-ნელა უახლოვდება ლიბერალური ფრაზეოლოგიით შეპუდრულ დიქტატურას. ფარიდ ზაქარიას ტერმინოლოგიით თუ ვისარგებლებთ, სახეზეა ”არალიბერალური დემოკრატიის აღზევების” ეროვნული სუნელ-სანელებლებით გადაკმაზული პრეცედენტი.

 

ხელისუფლებამ არნახული გამომგონებლური ნიჭი გამოამჟღავნა ძალაუფლების შენარჩუნებისთვის საჭირო ინსტიტუტების შექმნა-სრულყოფის საკითხში. ამ თვალსაზრიით, ვეჭვობ, მას ბადალი მოეპოვებოდეს მთელ მსოფლიოში. მან რვა წლის განმავლობაში მოახერხა ხალხის  დაშინება, ნიჰილიზმისა და ინდიფერენტიზმის დათესვა, უიმედობისა და უპერსპექტივობის განცდის კულტივირება. სწორედ ეს ფაქტორებია (გაყალბების მაღალოსტატურ მეთოდებთან ერთად) დღემდე ჩატარებულ არჩევნებში მისი ”წარმატების” საიდუმლო.

 

პოლიტიკურ ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ დაწყებული  ძალადობის  ესკალაცია,  უპრეცედენტო საკანონმდებლო ჭრა-კერვა და ცალსახად არაკონსტიტუციური ხასიათის სხვა ქმედებანი  იმის დასტურია, რომ უახლოეს მომავალში ხელისუფლება არაფრის (ვიმეორებ - ა რ ა ფ რ ი ს) დათმობას არ აპირებს.  საქართველოში თავისუფალი არჩევნების ჩატარებისა და ამომრჩეველთა მიერ გამოხატული ნდობის საფუძველზე  ხელისუფლების ცივილიზებულად შეცვლის მოლოდინი თავის მოტყუებაა და სხვა არაფერი.

 

ასი დღის წინ საქართველოს პოლიტიკურმა ლანდშაფტმა მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა, რაც შედეგად მოჰყვა ივანიშვილის დემარშით გამოწვეულ ცხრაბალიან მიწისძვრას. ასი დღის შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, ხელისუფლება მალევე გამოვიდა შოკის მდგომარეობიდან და ანაკონდას მეთოდით შეუდგა ”ქართული ოცნების” იდეის მოგუდვას. დღეს არსებობს ერთგვარი სტატუს-ქვო,მაგრამ იმდენად მყიფე, რომ ნებისმიერ მომენტში მოსალოდნელია მისი დარღვევა კატასტროფული სიმძლავრის მქონე ელექტრული განმუხტვის საფუძველზე.

 

ორმაგი სტანდარტის მქონე საერთაშორისო აზრი მხოლოდ კოსმეტიკური ხასიათის რეპლიკებით რეაგირებს საქართველოს ხელისუფლების წარმოუდგენელ თვითნებობაზე. ღმერთმა ქნას, ვცდებოდე, მაგრამ გამოცდილება ადასტურებს, რომ დასავლური სამყარო არაბული დიქტატურების მსგავსად არ გადატეხავს ჯოხს სააკაშვილის მთავრობის ზურგზე და მისი მხრიდან ახალი 7 ნოემბერი-26 მაისის გამეორების (თუ გამესამების?) შემთხვევაში მხოლოდ  ტრადიციულად  დემოკრატიული შეშფოთებით დაკმაყოფილდება (თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს, ითქვას, რომ ბოლო ხანებში დასავლეთის სახელმწიფოთა არა მხოლოდ დამოკიდებულება, მათი დიპკორპუსის სიტყვიერი განცხადებებიც კი შედარებით მკაცრი გახდა. ეს გარემოება ზედაპირულ დონეზეც  საგრძნობია, მაგრამ მასზე გადაჭარბებული იმედების დამყარება წმინდა წყლის ილუზიაა).

 

შექმნილ სიტუაციაში ოპოზიციური პარტიების მხრივ ალტერნატიული ცენტრის ჩამოყალიბების, კონსტრუქციული პოლიტიკის წარმოებისა და არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსვლის მცდელობა წმინდა წყლის უტოპიაა. არანაირი საშინაო და საგარეო ფაქტორი არ მეტყველებს, რომ ეს მცდელობა წარმატებებით დაგვირგვინდება.

 

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ საარჩევნო გზასა და არჩევნებისათვის მზადებაზე ხელი უნდა ავიღოთ და ტერენტი გრანელივით სადღაც, მესამე განზომილებაში დავიწყოთ გამოსავლის ძიება.

 

არამც და არამც!

 

არჩევნები დღის წესრიგში კვლავაც რჩება, ოღონდ, როგორც შუალედური რგოლი, აუცილებელი ეტაპი  ხელისუფლების მოსაპოვებლად გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმამდე.   შესაბამისად, ძალაშია გაფართოებული საარჩევნო სამზადისიც.

 

ლოგიკური მსჯელობის შედეგად შეიძლება ვივარაუდოთ მოვლენათა განვითარების ორი შესაძლო სცენარი: 1) რაკი პერსონალურად სააკაშვილის წასვლის პერსპექტივა რეალურია, დასავლეთი როგორღაც აიძულებს მას, ჩაატაროს შედარებით თავისუფალი არჩევნები, რის შედეგადაც  პრეზიდენტი დაკარგავს  საპარლამენტო უმრავლესობას. ჭადრაკის ენაზე, ამას ჰქვია უპირატესობის მოპოვება მიტელშპილში და ენდშპილში გადასვლა, სადაც გამარჯვება უკვე ტექნიკის საქმეა (მოვლენების ასეთი განვითარება გამორიცხული არაა, თუმცა - არა გარდაუვალი);  2) ხელისუფლება ტრადიციულ სტილში ჩაატარებს ამ არჩევნებსაც და მის ხელთ არსებული ყველა რესურსის გამოყენებით დადებს სასურველ შედეგს (ეს უფრო მოსალოდნელია. დღევანდელი სიტუაციისა და განწყობის ანალიზს ძალაუნებურად მივყავართ ასეთ დასკვნამდე).

 

რა რეაქცია ექნება ამაზე დასავლეთს?

 

ჩანს, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული მახლობელ აღმოსავლეთში განვითარებულ პროცესებსა და ამერიკელთა გეგმებზე. თუ ირანი იმ დროისათვის დაჩოქებული იქნა, სააკაშვილს იოლად გაწირავენ, მაგრამ ახლანდელი მდგომარეობის შენარჩუნების შემთხვევაში, მას მომდევნო საარჩევნო ფარსიც ხახვივით შერჩება.

 

არის თუ არა ქართული ოპოზიცია მოვლენათა მსგავსი სცენარით განვითარებისთვის? ექნება თუ არა მას შავი დღისთვის გადანახული სათადარიგო სცენარი?

 

ივანიშვილის ბანაკის მიერ დეკლარირებული ბრძოლის ტაქტიკა მხოლოდ მშვიდობიან მეთოდზეა დამყარებული, რაც ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობას არ იძლევა. თუმცა, იმედი მაქვს, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად ისინი ცხადად იგრძნობენ ტაქტიკური ცვლილებების აუცილებლობასაც

 

რა გვრჩება ჩვენ, საქართველოს მოსახლეობას?

 

გვრჩება ის, რასაც საერთაშორისო  სამართალი „დემოკრატიულ აჯანყებას“ უწოდებს და სავსებით ლეგიტიმურ ნორმად მიიჩნევს მოძალადე ხელისუფლებასთან დამოკიდებულების გასარკვევად. ჩვენ გვაქვს სრულიად კანონიერი უფლება, ავუჯანყდეთ ანტიხალხურ რეჟიმს და დავამხოთ იგი, ისე, რომ ერთი მილიმეტრითაც არ გავცდეთ საერთაშორისო სამართლის მიერ მოხაზულ სამანებს.

 

ვიმეორებ: დიახაც, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება თავისი ანტიხალხური საქმიანობის გამო (პოლიტიზებული სასამართლო და შერჩევითი სამართალი, არადემოკრატიული საარჩევნო კოდექსი და გაყალბებული არჩევნები, კერძო მეწარმეობისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, არათანმიმდევრული სოციალური პოლიტიკა, ელიტური კორუფციის დამკვიდრება, ადამიანის უფლებათა სისტემური შელახვა, წარუმატებელი საგარეო პოლიტიკა) ნამდვილად იმსახურებს გარეკვას ნებისმიერი, თუნდაც ძალადობრივი გზით.

 

ეს არაა მოწოდება კონსტიტუციური წესრიგისა და სახელმწიფო წყობის ძალადობრივი შეცვლისაკენ. ესაა კერძო პირის შეფასება და მასზე დამყარებული პოზიცია, რომლის უკან დგას საერთაშორისო სამართლით უზრუნველყოფილი ნორმა. არანაირი გარანტია არ მაქვს, რომ შერჩევითი სამართლის მიმდევარი ხელისუფლება ამ სიტყვებს მთავრობის დამხობის მოწოდებად არ ჩამომართმევს და გალიაში არ გამომამწყვდევს. ასეთები გაუკეთებიათ? სადაც ბათიაშვილის სატელეფონო ზარი  ამბოხების ინტელექტუალურ მხარდაჭერად შეფასდა, იქ გამორიცხული არაფერია.

 

პოზიცია რომ ბოლომდე ნათელი იყოს, აქვე დავამატებ - იმის მიუხედავად, რომ ნამდვილად იმსახურებს, მე მაინც არ ვარ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდით შეცვლის მომხრე. ამას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს, მაგრამ აქ მხოლოდ  სამ უმთავრესს გამოვყოფ. ჯერ ერთი, ქვეყანაში არ არსებობს ორგანიზებული ძალა (პლუს, ტექნიკური საშუალებანი), რომელიც ამის გაკეთებას შეძლებს, რის გამოც აღნიშნული წამოწყება წინასწარ დამარცხებისათვის განწირული ავანტურა იქნება; მეორე - ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდით შეცვლა, როგორც წესი, იშვიათად წარმოადგენს უკეთესი სახელმწიფოებრივი წეს-წყობილების დამყარების წინაპირობას (თეორიულად, გამორიცხული არაფერია, მაგრამ დღევანდელ საქართველოში ამგვარ პერსპექტივას ვერ ვხედავ); მესამე და უმთავრესი - მოვლენათა ასეთი განვითარების შემთხვევაში იხეირებს გარეშე ძალა (ძნელი მისახვედრი არაა, ვინ), რომელიც თავის საზღვრებთან ფეთქებადსაშიში სიტუაციის დარეგულირების საბაბით უეჭველად ”დაიკისრებს” მედიატორის ფუნქციას...

 

მერწმუნეთ, ეს უარესი პერსპექტივაა, ვიდრე სააკაშვილის რეჟიმის შენარჩუნება.

 

სხვა რა გზა და მეთოდი არსებობს?

 

ძალიან ვრისკავ. შესაძლოა გამჟღავნებული პუტინოფილის იარლიყიც დავიმსახურო, მაგრამ ტერმინი, რომელიც ენის წვერზე მიტრიალებს, ძალიან წააგავს რუსეთის პრემიერის მიერ საერთაშორისო თანამეგობრობისთვის აგვისტოს ომის შემდეგ თავის გასამართლებლად მიგდებულ ფორმულას - იძულება მშვიდობისათვის.

 

ჩვენ გვრჩება გზა, რომელიც ორი სიტყვით შეიძლება ასე დავახასიათოთ - იძულება დემოკრატიისთვის.

 

Presage.tv-ის ფორუმზე რამდენჯერმე გაიხსენეს  რუსეთის იმპერატორის  ერთგვარად ნაივური  ”რეზოლუცია” ჩერნიშევსკის ცნობილ  თხზულებაზე - ჩტო დელატ?

 

- კაკ ჩტო? რუდუ კოპატ!

 

ეს სიტყვები, რამდენადაც ზედაპირული და გულუბრყვილოა, იმდენად ღრმა და ორაზროვანი.

 

ჩვენ სწორედ მადნის თხრა უნდა დავიწყოთ, ჩვენშივე დაკონსერვებული მადნის თხრა.

 

თუ მთავრობის კრიტიკოსებს (აქ, პირველ რიგში, ივანიშვილის ბანაკს ვგულისხმობ) ხელისუფლების შეცვლა ნამდვილად სურთ და არსებულ სპექტრში ოპოზიციური ნიშის შენარჩუნება მათი თვითმიზანი არაა, თავიც უნდა შეიწუხონ, ყველა საქმე გვერდით  გადადონ და XIX საუკუნის ხალხოსნების მსგავსად ქვეყანას მოედონ.

 

ნურავინ დასვამს კითხვას, XXI საუკუნეში რაღა დროს ხალხოსნობააო?

 

ისეთ პირობებში, როცა არ არსებობს ღია საინფორმაციო ველი (ეროვნულ დონეზე მაუწყებელი ყველა ტელევიზია ხელისუფლების კონტროლს ექვემდებარება) და სათანადო ფინანსები (რა მნიშვნელობა აქვს, გაქვს თუ არა ფული, თუ მისი გამოყენების უფლება საკანონმდებლო დონეზე დაგიბლოკეს), სხვა რა გზა რჩება საკუთარი პოზიციის მასამდე მისატანად და მის ასამოძრავებლად?

 

ერთადერთი, რაც რეალურად არსებობს, ესაა ხელისუფლების მიმართ უარყოფითად განწყობილი უმრავლესობა, რომელიც სათანადო ორგანიზების შემთხვევაში მზადაა, თუნდაც სიცოცხლის რისკის ფასად, გადადგას გადამწყვეტი ნაბიჯი. ეს უზარმაზარი რესურსია და მისი გამოუყენებლობა დანაშაულის ტოლფასია.

 

მუშაობა უნდა წარიმართოს ყველგან და ყოველდღიურად, ქუჩა-ქუჩა, შუკა-შუკა, ფოლორც-ფოლორც, შარა-შარა, კორპუს-კორპუს, სოფელ-სოფელ, დაბა-დაბა, ქალაქ-ქალაქ... გამოყენებული უნდა იქნას ადამიანურ ურთიერთობათა ფაქტორები, განსაკუთრებით, ხელისუფლების წარმომადგენელთა და მათი ოჯახის წევრების მიმართ. იმავე ფაქტორის გამოყენებით უნდა შევუდგეთ სპეცრაზმებსა და ძალოვან სტრუქტურებში დასაქმებულთა ”დამუშავებას”, რომ მათ გადამწყვეტ მომენტში უარი თქვან უკანონო ბრძანების შესრულებაზე, ან რადიკალურად არ დაუპირისპირდნენ მშვიდობიან მანიფესტანტებს. გამოყენებული უნდა იქნას მასობრივი აგიტაციის ყველა ხელმისაწვდომი საშუალება. უნდა შეიქმნას მობილური მოძრავი ჯგუფები, რომლებიც პერიოდულად შეიცვლიან დისპოზიციას და ერთგვარად გააკონტროლებენ სხვათა ნამუშევარს. ადგილებიდან მიღებული ინფორმაციის  შეკრება და გადამუშავება უნდა ხდებოდეს ერთიან საკოორდინაციო ცენტრში. აქვე უნდა განისაზღვროს შედარებით პრობლემური და მძიმედ ასამოძრავებელი რეგიონები, რომ მათზე მოხდეს ყურადღების უპირატესი კონცენტრაცია (მსგავსი მეთოდების შესახებ ამ ცოტა ხნის წინ საინტერესოდ იყო საუბარი ამავე საიტზე გამოქვეყნებულ ლოგოსის ბლოგტექსტში)... ყველაფერი უნდა გაკეთდეს საიმისოდ, რომ საჭირო მომენტში (პირობითად-  ერთ მშვენიერ დღეს) რეალურად განხორციელდეს ეროვნული დაუმორჩილებლობა.

 

ხელისუფლების დამარცხება, პირველ რიგში, სიბრძნით შეიძლება, იმ სიბრძნით, რომელიც მელაკუდასა და გარეული ტახის იგავშია ჩაქსოვილი. ჭკვიანი ტახი მანამდე ილესავს ეშვებს, სანამ მტერი გამოჩნდება, რომ მომზადებული შეხვდეს მას, თორემ მერე გვიან იქნება. იგივეს თქმა შეიძლება მოსახლეობის ”საბრძოლო” მზადყოფნის შესახებაც. ამ მიმართულებით არა მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოები უნდა ჩატარდეს, არამედ, სასურველია,  მოხდეს ძალების დემონსტრირება არჩევნებამდე გარკვეული დროით ადრე. ხელისუფლებას უნდა დავანახოთ, რომ ძველებური მეთოდებით გაყალბების შემთხვევაში ქუჩაში იმდენი ადამიანი გამოვა, რომელსაც იგი ვერანაირი სპეცრაზმით ვეღარ შეაჩერებს.

 

ერთი სიტყვით, ოპოზიციამ უნდა აიძულოს ხელისუფლება, ისეთი მასშტაბის გაყალბებას მიმართოს გამარჯვებისათვის, რაზეც საერთაშორისო ორგანიზაციები თვალს ვეღარ დახუჭავენ და შემდეგ მანამდე არნახული რაოდენობის მასის მობილიზებით გაანეიტრალოს მისი ძალადობის მექანიზმი.

 

ეროვნული დაუმორჩილებლობა თვითმიზანი არაა. ესაა ბოლო გზა და საშუალება, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება მოქალაქეთა მასობრივი გამოცხადების მიუხედავად ისევ მიმართავს ტოტალურ გაყალბებას. სწორედ ესაა ის, რასაც მაღალფარდოვანი ფრაზეოლოგიის მოყვარული პოლიტიკოსები სხვაგვარად ”საკუთარი ხმების დაცვას” ეძახიან.  სახლში ჯდომით, ვაი-ვიშით, ტელეეკრანზე ფურთხებით და, თუნდაც, რუსთაველზე გამართულ ხუთიათასიან მიტინგზე წაკიკინებით ხმებს ვერ დავიცავთ.

 

ურგენტული  ფუნქციის მქონე სამსახურების გარდა გარეთ უნდა გამოვიდეს ყველა, ვისაც ფეხზე დგომა შეუძლია. მშვიდობიანმა მასამ უნდა შეკრას ქუჩები და ალყაში მოაქციოს ადმინისტრაციული შენობები. თბილისსა და დიდ ქალაქებში უნდა მოხდეს ყველა სახელმწიფო სტრუქტურის საქმიანობის ერთდროული, მშვიდობიანი ბლოკირება, ყოველივე ამის დაფიქსირება და საერთაშორისო მისაწვდომობის მქონე საინფორმაციო არხებით გავრცელება.

 

გარწმუნებთ, ასეთ სიტუაციაში ხელისუფლებამ შეიძლება გაძლოს მხოლოდ რამდენიმე დღე და მისი პირველი პირის საყვარელ გამოთქმას თუ მოვიშველიებთ,  იგი აუცილებლად ”ჩამოიშლება”...

 

დაახლოებით ასეთია საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი დრამატული ”ასდღედის”  მონახაზი.

 

ეს, ცხადია, ყველაფერი როდია. უფრო სწორად, ეს ისაა, რაც გამახსენდა, აქტუალურად ჩავთვალე და რის თაობაზეც თქვენთვის საკუთარ მოსაზრებათა გაზიარება გადავწყვიტე.

 

რამდენად გამოვიდა ამ ასოციაციური ფრაგმენტებისგან მთლიანი სურათი, ამის გარკვევა-შეფასება მკითხველის საქმეა. თუმცა, ეს გაცილებით უმნიშვნელო პრობლემაა იმასთან შედარებით, რამდენად გამოვა პოლიტიკური ფრაგმენტების მექანიკური დაკავშირებით ახალი რეალობა.

 

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ ასმა დღემ გვიჩვენა, ისაა, რომ  თვითგადარჩენის ამომგდები ძალა უკვალოდ არ გამქრალა. საბედნიეროდ, იგი კვლავ არსებობს, მოქმედებს და ისტორიის ბობოქარი ოკეანის ფსკერზე ჩაშვების საშუალებას არ აძლევს ქართული სახელმწიფოებრივი ხომალდის გვერდებშენგრეულ, დანჯღრეულ კორპუსს.

 

არქიმედე ჩვენსკენაა. ახლა ისღა დაგვრჩენია, ამ ხომალდის კაპიტანმა, მიჩმანებმა, ბოცმანებმა, იუნგებმა და მეზღვაურებმა პატიოსნად შევასრულოთ ჩვენზე დაკისრებული მოვალეობა. თუ ამას დროულად გავაცნობიერებთ, შტორმი ვერაფერს დაგვაკლებს. თუ არა და, კაცობრიობის ისტორია სხვადასხვა დროს ჩაძირული კრეისერების, კარაველების, ფრეგატების, ბრიგანტინების, კორვეტების, კარჭაპების და ორჩხომელების  სასაფლაოა და მის ფსკერზე ადგილი პატარა კანჯოსთვისაც მოიძებნება.

 

ფრთიანი გამოთქმის არ იყოს, მინდოდა დამესრულებინა ლამაზად, გამომივიდა - როგორც ყოველთვის!

 

(დასასრული)