საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკურ საკითხებში პრემიერის თანაშემწის, რომან ჩხენკელისა და რეგიონული განვითარების მინისტრის, დავით შავლიაშვილის მიერ თანამდებობების შესაძლო დატოვების შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.
"ინფორმაციას ვერც დაგიდასტურებთ და ვერც უარვყოფთ. ამ თემაზე კომენტარს არ ვაკეთებთ", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა სოფო მოსიძემ.
რომან ჩხენკელს ეკონომიკურ საკითხებში პრემიერის მრჩევლის გარდა, მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული, ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობაც უკავია.
რაც შეეხება დავით შავლიაშვილს, ის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად მთავრობაში ზაფხულში განხორციელებული საკადრო ცვლილებების დროს დაინიშნა.