სუს-ის ახალი ხელმძღვანელი და პრიორიტეტები

სუს-ის ახალი ხელმძღვანელი და პრიორიტეტები

85 ხმით, საქართველოს პარლამენტმა სუს-ის ხელმძღვანელად მამუკა მდინარაძე დაამტკიცა. იქამდე კი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს, რომელიც დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა. სუს-ის ახალმა ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა კოლეგებს, დროებით დაემშვიდობა და იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტის დიდ ოჯახში დაბრუნდება. შეგახსენებთ, რომ ანრი ოხანაშვილმა სუს-ის უფროსის თანამდებობა 23 აგვისტოს დატოვა და მთავრობაში გადაინაცვლა. ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობას დაიკავებს. 

მამუკა მდინარაძე სუს-ში საკუთარი გუნდით მიდის. ვინ გადაინაცველბს სუს-ში ამის შესახებ დღეს გახდება ცნობილი. მისი თქმით, იმდენად პროფესიონალი კადრები ეყოლება, რომ გასაკრიტიკებელიც არაფერი იქნება. უკვე ცნობილია, რომ ამ გუნდში არ მოიაზრება დაზვრევის სამსახურის ხელმძღვანელი, ირაკლი ბერაია. მდინარაძის განცხადებით, ის ძალიან კარგი კადრია, მაგრამ ამბობს, რომ საკუთარი ხედვა და გუნდი ჰყავს.

სუს-ის ახალმა ხელმძღვანელმა პრიორიტეტებზე ისაურა - ანტიკორუფციული მიმართულებით, ბოლომდე უნდა აღმოიფხვრას კორუფცია; ადამიანებმა უნდა დაიჯერონ, რომ შეიძლება იყო მაღალი თანამდებობის პირი, მაგრამ არავითარი შეხება არ გქონდეს კორუფციულ გარიგებებთან, თანამონაწილეობაზე საუბარიც კი ზედმეტია. მამუკა მდინარაძე პირად გამოწვევად მიიჩნევს იმას, რომ ქართული სპეცსამსახურები ისეთივე ძლიერები იყვნენ, როგორი ამბიციაც ქართულ სახელმწიფოს აქვს.

„ქვეყნის ტერიტორიის 20%-მდე ოკუპირებულია. თუ იმ პერიოდში, როდესაც ამ სამსახურს ვუხელმძღვანელებ, ყინული დაიძვრება და საბოლოოდ მიიყვანს ქვეყანას გამთლიანებამდე, არ არსებობს ადამიანი, რომელიც უბედნიერესი არ იქნება და მეც მათ რიგში ვარ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ბევრი სამუშაო ექნება. ოკუპაციის შედეგებთან ბრძოლაც ერთ-ერთი, მთავარი პრიორიტეტი იქნება და არა მხოლოდ ანტიკორუფციული მიმართულება, იქ უამრავი მიმართულებაა. ესაა გამოწვევები, რომელთა დაძლევა უშუალოდ დაკავშირებულია გაძლიერებასთან. შემიძლია თამამად ვთქვა, ხვალინდელი გადასახედიდანაც, რომ ამაზე საუბარი რეალისტურია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, მამუკა მდინარაძეს ის უნარ-ჩვევები აქვს, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფრო გამართულ მუშაობას უზრუნველჰყოფს. ქადაგიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია მამუკა მდინარაძის პატრიოტიზმი და კეთილსინდისიერება.

„მნიშვნელოვანია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განვითარდეს და ახალი შესაძლებლობები წარმოჩინდეს. მამუკა მდინარაძე სწორედ ის პიროვნებაა, რომელსაც აქვს პოლიტიკური, სახელმწიფოებრივი ცხოვრებისა და მუშაობის გამოცდილება. მას სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობის გამოცდილებაც აქვს. ამ ერთობლიობიდან გამომდინარე, ის უნარ-ჩვევები გააჩნია, რაც ამ სამსახურის უფრო გამართულ და დახვეწილ მუშაობას უზრუნველჰყოფს“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

რაც შეეხება მდინარაძის კიდევ ერთ, მნიშვნელოვან ინიციატივას, რომ აღდგეს ეროვნული უშიშროების აკადემია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით გაუქმდა, ანალიტიკოსი, „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი წლების განმავლობაში, ელოდა. მისი თქმით, სპეცსამსახურების საქმიანობაში, როდესაც „ავი სახელმწიფოებრივი“ სულით შეპყრობილმა მიხეილ სააკაშვილმა, 2004 წლის 19 ივლისს, თავისი განკარგულებით გააუქმა ეროვნული უშიშროების აკადემია, შეიქმნა კუდ-ი და სოდ-ი, რომელიც შეავსეს „კმარელებით“, სისტემიდან გათავისუფლებული პროფესიონალების ნაცვლად. სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესი ეს სააზროვნო ცენტრი და ხერხემალი კი მთლიანად დაუქვემდებარეს სააკაშვილი ოჯახისა და მმართველი კლანის ხუშტურების უზრუნველყოფას.

„ჩემი კოლეგების დიდმა ნაწილმა, 2004-2012 წლებში, თავი აარიდა „კუდ“ - იანების რიგებში დარჩენას, მაგრამ 2013 წელს, სისტემაში დაბრუნებულს, სპეცსამსახურებში უმძიმესი მემკვიდრეობა დამხვდა. მაქსიმალურად, რაც მოვასწარით ორ წელიწადში, გამოვასწორეთ, სანამ უბედურების ზარმა მეორედ არ დარეკა. ქვეყნის უსაფრთხოება ნავთლუღის ბაზრის ხორცის ყასაბს ჩააბარეს, რომელმაც სისტემიდან უკანასკნელი, დარჩენილი პროფესიონალები გაათავისუფლა და სპეცსამსახური გაავსო სრულიად შემთხვევითი კადრებით.

დღევანდელ დღეს, მამუკა მდინარაძის გადაწყვეტილებას და პარლამენტის მყისიერ გამოხმაურებას - აღდგეს უსაფრთხოების ეროვნული აკადემია - წლებია ველოდებოდი. გაუქმებული ეროვნული უშიშროების აკადემიის მსმენელის, ლექტორისა და სპეცდისციპლინების კათედრის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციიდან ველოდებოდი.

მჯერა და დიდი იმედი მაქვს, რომ გაწყვეტილი პროფესიული მემკვიდრეობა და უსაფრთხოების სისტემის სპეციფიკა კვლავ აღდგება. ჩემი პიროვნული და პროფესიული მადლობა სუს-ის ახალ დირექტორს! წარმატებები და წინსვლა მინდა ვუსურვო მას, სახელმწიფო საქმისადმი მისთვის დამახასიათებელ ერთგულებაში“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.