„რუსეთი აფხაზეთში მუჰაჯირების შთამომავალთა მასობრივ დაბრუნებას არ დაუშვებს“

„რუსეთი აფხაზეთში მუჰაჯირების შთამომავალთა მასობრივ დაბრუნებას არ დაუშვებს“

სირიაში მიმდინარე სისხლიანი მოვლენების ფონზე აფხაზები ამ ქვეყანაში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოში დაბრუნებაზე ალაპარაკდნენ. ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის ვიაჩესლავ ჩირიკბას ინფორმაციით, განიხილება რეპატრიაციის კომიტეტისა და თურქეთში აფხაზთა ფედერაციის წარმომადგენლების გაგზავნა სირიაში, რათა იქ მაცხოვრებელი აფხაზური დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ და „ისტორიულ სამშობლოში“ დაბრუნების საკითხი განიხილონ.

 

„ჩვენ გვაწუხებს სირიაში მცხოვრები აფხაზების, აბაზინებისა და ადიღეელთა ბედი. ბუნებრივია, ჩვენ მუდმივ თვალყურს ვადევნებთ სირიაში მიმდინარე მოვლენებს და მუდმივ პირდაპირ კავშირზე ვართ აფხაზური დიასპორის წარმომადგენლებთან.

სირიაში გაგზავნილ წერილში მზადყოფნას გამოვთქვამდით, ხელი შეგვეწყო ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების მსურველი ჩვენი ძმებისათვის“.

 

ამასთან ერთად ჩირიკბა აცხადებს, რომ აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში შეიქმნა სპეციალური განყოფილება, რომელიც თურქეთსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს კურირებას გაუწევს.

 

აფხაზური მხარე ასევე იუწყება, რომ სწორედ ამ ქვეყნებში ცხოვრობს აფხაზების 80%. მათივე თქმით, სირიაში 30 ათასამდე აფხაზი ცხოვრობს.

 

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, სოხუმის უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების აფხაზეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი შარვაშიძის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი ზურაბ პაპასქირი მიიჩნევს, რომ „რუსეთი აფხაზეთში  მუჰაჯირების შთამომავალთა მასობრივ დაბრუნებას არ დაუშვებს“.

 

როგორც პაპასქირმა განაცხადა, „აფხაზები მათ მიერვე დანგრეული და გაჩანაგებული „სამშობლოს“ აღდგენას საკუთარი ხელით ვერ ახერხებენ":

 

„ქართველებს ისინი არ აბრუნებენ, რუსების ეშინიათ და მათ კაპიტალს გასაქანს არ აძლევენ - საკუთრების პრობლემა ხომ გადაუწყვეტელია.

 

ასეთ ვითარებაში ერთადერთ ხსნად მუჰაჯირთა შთამომავლები ეჩვენებათ, რომლებიც კომპაქტურად ცხოვრობენ უმთავრესად თურქეთის რესპუბლიკაში (ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში – სირიაში, იორდანიაში მხოლოდ მცირე ნაწილი ცხოვრობს).

 

მაგრამ მუჰაჯირთა შთამომავლების მასობრივად ჩამოსვლას და დაფუძნებას ისტორიულ სამშობლოში რამდენიმე გარემოება უშლის ხელს. პირველი ენობრივი ფაქტორია. აფხაზეთი დღეისათვის, სამწუხაროდ, რუსულენოვანი მხარეა. საზღვარგარეთ მცხოვრებმა აფხაზებმა კი რუსული არ იციან, ხოლო თავიანთი აფხაზურით იქ ფონს ვერ გავლენ.

 

მეორე და მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორიც რუსეთს უკავშირდება. დიდი მიხვედრა არ უნდა იმას, რომ ანტირუსულად განწყობილი (მუჰაჯირთა შთამომავლებს მშვენივრად ახსოვთ, თუ ვისი წყალობით მოაშორეს მათი წინაპრები დედა-სამშობლოს) რამდენიმე ათასი აფხაზური ოჯახის ჩამოსახლება პრობლემებს შეუქმნის ოფიციალური მოსკოვის იმპერიულ ზრახვებს რეგიონის მიმართ, ამიტომაც კრემლი, ბუნებრივია, არაფრით დაუშვებს აფხაზთა ამ ისედაც უტოპიური პროექტის რეალიზაციას“.

 

ბოლო ხანს ბევრს საუბრობენ დაბრუნებული მუჰაჯირების მზარდ გავლენაზე აფხაზეთის ისლამიზაციის პროცესზე. რაც ჩვენთან საუბრისას კავკასიის საკითხებში ექსპერტმა მამუკა არეშიძემ არ დაადასტურა.

 

მამუკა არეშიძე: „მოჰაჯირების შთამომავლები აფხაზეთში განსაკუთრებულ მდგომარეობაეში არიან. იმ თვალსაზრისით, რომ მათ გარკვეული ლეგენდა და ხიბლი ახლავთ.

 

ჩვენთან ხომ საბჭოთა სტერეოტიპი დღემდე მუშაობს - თუ უცხოეთში ცხოვრობ, ე.ი. აუცილებლად მილიონერი უნდა იყო. ისინი, ვინც საზღვარგარეთ, ამ შემთხვევაში - თურქეთში, ბიზნესი, თავისი მდგომარეობა მიატოვა და აფხაზეთში დასახლდა, უბრალო ადამიანებში გმირებად აღიქმებიან.

 

მაინცდამაინც ვერ ვატყობ, რომ ამ რელიგიურ პროცესებზე მოჰაჯირებს განსაკუთრებული გავლენა აქვთ. მაგალითად, პირადად ვიცნობ სირიიდან ჩამოსულ მოჰაჯირების შთამომავალ, ხუთი შვილის მამას. დურგალია და გუდაუთასთან ახლოს ცხოვრობს. განსაკუთრებული რელიგიურობით არ გამოირჩევა. სხვათა შორის, კარგი ხელოსანია, მცირე ბიზნესი აქვს აწყობილი და კარგადაც ცხოვრობს.

 

ასეთები ბევრნი არ არიან, დაახლოებით 60 ოჯახის ფარგლებში იქნებიან. პარლამენტში დეპუტატი ჰყავთ და ხელისუფლებაშიც უკვე არიან წარმოდგენილნი. რელიგიურ ჯგუფზე, ამ შემთხვევაში - მუსულმანურზე, მათი გავლენა დიდად არ შეიმჩნევა.

 

თუმცა, უნდა ითქვას, რომ ყველა ლიდერი, რომლებიც ჰყავდა და ჰყავს გუდაუთის მუსულმანურ თემს, რაღაც ფორმით თურქეთთან, საერთოდ, წინააზიურ სამყაროსთან არის დაკავშირებული.

 

მეორეც, გუდაუთის მუსულმანური თემი ძალიან კონსოლიდირებულია. რაოდენობით დიდი არ არის, დაახლოებით 150 კაცამდეა, მაგრამ ერთიანობის შენარჩუნების უნარით გამოირჩევა.

 

ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ რუსეთი ყველანაირად ცდილობს მათი გავლენის შემცირებას. ბოლოს და ბოლოს, ამ წლების მანძილზე სამი ლიდერი ჰყავთ მოკლული. დაიწყო გიძბას მკვლელობით და მას შემდეგ კიდევ ორი კაცი ჰყავთ ფიზიკურად განადგურებული“.

 

ცნობისთვის, „მუჰაჯირობა“ – რუსული მმართველობის დამყარებას აფხაზეთში თან მოჰყვა აფხაზი ხალხის წინააღმდეგობაც. ფართომასშტაბიანი შეიარაღებული აჯანყებები მოეწყო 1821-1827, 1840-1842, 1866 და 1877 წლებში. ყველა აჯანყება ჩახშობილ იქნა რუსული მმართველობის მიერ. აჯანყებების დამარცხებას თან სდევდა აფხაზთა იძულებითი გადასახლება ოსმალეთის იმპერიაში.

 

1864 წლის (კავკასიის საბოლოოდ დამორჩილების) შემდეგ რუსეთი უკვე პირდაპირ იწყებს მთიელ კავკასიელთა განდევნას სამშობლოდან. ამ პერიოდში ოსმალეთში გადასახლდა 700 ათასამდე ჩერქეზი, უბიხი, აფხაზი, ჩეჩენი, დაღესტნელი. განდევნილ მთიელ კავკასიელებს „მუჰაჯირებს“ უწოდებდნენ, რაც არაბულ ენაზე გადასახლებულს ნიშნავს.

 

1864 წელს გადასახლებულ აფხაზ მუჰაჯირთა რაოდენობა 20 000-ზე მეტია; დაახლოებით ამდენივე აფხაზი გადასახლდა ოსმალეთში 1866 წლის აჯანყების ჩახშობის შემდეგ; 1877 წლის უკანასკნელი აჯანყების დამარცხების შემდეგ კი აფხაზეთიდან 30-40 ათასი მუჰაჯირი წავიდა სამშობლოდან. საერთო ჯამში, აფხაზ და აბაზ მუჰაჯირთა საერთო რაოდენობა 135 000 ადამიანს შეადგენდა.

 

1877 წლის აფხაზური აჯანყების ჩახშობის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ „დასაჯა“ სამშობლოში დარჩენილი აფხაზური მოსახლეობა. ფაქტობრივად მთელი აფხაზი ხალხი, მცირე გამონაკლისის გარდა, ოფიციალურად გამოცხადდა „დამნაშავე მოსახლეობად“, რაც მათ უფლებებს მნიშვნელოვნად ზღუდავდა.

 

აფხაზებს აეკრძალათ აფხაზეთის ტერიტორიის დიდ ნაწილზე ცხოვრება, კერძოდ ზღვისპირეთში, მაღალმთიან ზონასა და სოხუმის მიდამოებში – ქალაქიდან 25 კილომეტრის სიახლოვეს. „დამნაშავე ხალხის“ სტატუსი აფხაზებს მხოლოდ 1907 წელს მოეხსნათ.

 

აღსანიშნავია, რომ რუსეთის იმპერიის ხელისუფლება დაბრკოლებებს უქმნიდა მუჰაჯირთა იმ ნაწილს, რომელიც შემდგომში სამშობლოში დაბრუნების სურვილს გამოთქვამდა. აფხაზთა იძულებით გადასახლების შედეგად აფხაზეთში გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე რუსეთი ხელს უწყობდა სომხების, რუსებისა და სხვა მოსახლეობის დამკვიდრებას.

 

ამ ტერიტორიაზე დასახლების უფლება ქართველებს არ ეძლეოდათ. როგორც ამ პერიოდის ქართული პრესიდან ჩანს, ქართველი ინტელიგენცია ჭავჭავაძის თაოსნობით ყველანაირად ცდილობდა, შეეჩერებინა მუჰაჯირობის პროცესი.

 

მუჰაჯირობის ისტორიას სათანადო ნაშრომი მიუძღვნა აფხაზმა ისტორიკოსმა გიორგი ძიძარიამ. 1920 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ მუჰაჯირობის საკითხი განსახილველად ანტანტის საბჭოს სხდომაზე შეიტანა.