ირაკლი ალასანია - ღია ეთერებში ასეთი კინკლაობა საჭირო აღარ არის

ირაკლი ალასანია - ღია ეთერებში ასეთი კინკლაობა საჭირო აღარ არის

ღია ეთერებში ასეთი კინკლაობა საჭირო აღარ არის, - ასე გამოეხმაურა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებებს. ალასანიას თქმით, მისი და ივანიშვილის მხრიდან პოზიციები დაფიქსირდა, როგორც საჯაროდ, ისე პრივატულ საუბრებში. 

"უკვე აღარ არის საჭირო ასეთი კინკლაობა ღია ეთერებში. ჩვენ, ორივემ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიციები პრივატულ საუბარშიც, საჯაროდაც და ახლა საჭიროა, გავიხედოთ მომავალში და გამოვასწოროთ ის შეცდომები, რომლებიც ქვეყანას გახდის უფრო დემოკრატიულს. "თავისუფალი დემოკრატები" მთავარ პოლიტიკურ საყრდენს გავიჩენთ შეთავაზებებში და იმ ხარვეზებს, რომლებიც დღეს აქვს ხელისუფლებას, გამოვასწორებინებთ", - განაცხადება ალასანიამ გუშინ, ნატო-ს სპეციალურ წარმომადგენელ, ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრის შემდეგ. 

მისივე თქმით, ნატოელი პარტნიორებიც იზიარებენ, რომ წარმოდგენები სამართალდამცველი სტრუქტურების პოლიტიკური მიზნებით გამოყენებასთან დაკავშირებით, საჭიროა აღმოიფხვრას.
"ვისაუბრეთ ნატო-სთან ურთიერთიერთობაზე, იმ გეგმებზე, რომლებიც ერთად შევქმენით და რომელთა განხორციელებაც უახლოეს მომავალში უნდა დაიწყოს. მისი დაინტერესება იყო იმასთან დაკავშირებითაც, თუ როგორ მიდის შიდა პოლიტიკური პროცესები. ვისაუბრეთ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებზე, რომლებიც არიან უდანაშაულოები და არიან დაკავებულები. ნატო-ელი პარტნიორებიც იზიარებენ, რომ წარმოდგენები, რომლებიც კიდევ უფრო გამყარდა ევროპაში და სხვა ქვეყნებში, რომ საქართველოში შესაძლოა სამართალდამცველ სტრუქტურებს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ, საჭიროა რეალური ქმედითი ნაბიჯით აღმოიფხვრას", - აღნიშნა ალასანიამ. 

რაც შეეხება საქართველოს ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის შეფასებებს, როგორც გუშინ ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ირაკლი ალასანია იყო პიროვნება და მინისტრი, რომელსაც იცნობ დიდი ხანია, სწორედ პრობლემები ჰქონდა მენეჯმენტში და არაერთხელ ქონია მასთან ამაზე საუბარი. 

"ირაკლი ალასანიამ ერთი წლის განმავლობაში ოთხი ტენდერი ჩაშალა, ისევ ძველი კომპანია, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობას" ჰქონდა დაფუძნებული ისევ ეს კომპანია ემსახურებოდა. ბევრი მოიწამლა და დიარეა ჰქონდა ჯარისკაცებს, ეს არის ცუდი მენეჯმენტის შედეგი. ჩემი აზრით, ირაკლი ალასანია უპასუხისმგებლო განცხადებას აკეთებს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 
ყოფილმა პრემიერმა ალასანიას სამგრელოს რეგიონში, კერძოდ ზუგდიდში წაგებული არცევნებიც შეახსენა. 

"მე ბევრჯერ მითქვამს, რომ შეკითხვები მაქვს სამეგრელოსთან დაკავშირებით. ერთ-ერთი მიზეზი წარუმატებლობისა, სუსტი მენეჯმენტის და კიდევ რაღაცეების ბრალი შეიძლება იყოს. ასეთი უაზრო გამონათქვამების შემდეგ ვახსენებ ირაკლი ალასნაიას ამ ყველაფერს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.