ლადო გურგენიძე - უკრაინისთვის გარკვეული რჩევების მიცემას არ დავიზარებ, თუკი იქნება საჭიროება და ეს ბევრ დროს არ წაიღებს

ლადო გურგენიძე - უკრაინისთვის გარკვეული რჩევების მიცემას არ დავიზარებ, თუკი იქნება საჭიროება და ეს ბევრ დროს არ წაიღებს

"ლიბერთი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე კერძო სექტორის დატოვებას და საჯარო სამსახურში გადასვლას არ აპირებს. გუშინ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, ის შესაძლოა უკრაინის ხელისუფლებაში ერთ-ერთ თანამდებობაზე დაინიშნოს, გურგენიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე განმარტებას აკეთებს. 

გურგენიძე წერს, რომ , კონკრეტულ ეკონომიკურ თუ ფინანსურ საკითხებზე უკრაინისთვის გარკვეული რჩევების მიცემას არ დაიზარებს - თუკი იქნება ამის საჭიროება და ეს ბევრ დროს არ წაიღებს. 
ამასთან, გურგენიძე არ აკონკრეტებს, იყო თუ არა შეთავაზება რაიმე თანამდებობის დაკავების თაობაზე უკრაინის ხელისუფლების მხრიდან. 

"დღესდღეობით, მე თავს ყველაზე კომფორტულად კერძო (და არა საჯარო) სექტორში ვგრძნობ. "ლიბერთი ბანკი" განვითარების ახალ, საინტერესო ფაზაში გადადის, ბევრი დაწყებული და ჯერ დაუსრულებელი ინიციატივა და პროექტი მაქვს Bayport-ში, რომლის სამეთვალყურეო საბჭოში ვარ. Bank of Kigali-საც ჭირდება ჯერ მიხედვა, ხოლო ბოლო დროს დაწყებული სტარტაპ ბიზნესები გამუდმებულ ყურადღებას საჭიროებენ. აქედან გამომდინარე, ჩემს მიერ ნებისმიერი ახალი full-time პროექტის დაწყება, რაოდენ საპატიოც არ უნდა ყოფილიყო ის, ამ ეტაპზე ნაკლებად რეალისტურია. ამავდროულად, არასდროს დამზარებია, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, გამეწია კონსულტაციები ან რჩევები მიმეცა სხვა ქვეყნების მთავრობებისთვის (და ეს არაერთხელ გამიკეთებია აფრიკაში ბოლო წლების მანძილზე), იმ შემთხვევაში როცა ვგრძნობდი იდეოლოგიურ სიახლოვეს და ადგილი ქონდა ძირითადი ღირებულებების თანხვედრას - ბიზნესში სახელმწიფოს მაქსიმალურ ჩაურევლობას, რაც შეიძლება დაბალ გადასახადებსა და რაც შეიძლება ნაკლებ სახელმწიფო ხარჯებსა და რეგულაციებს. ბუნებრივია, მითუმეტეს არ დავიზარებ კონკრეტულ ეკონომიკურ თუ ფინანსურ საკითხებზე ჩვენი მეგობარი ქვეყნისთვის გარკვეული რჩევების მიცემას - თუკი იქნება ამის საჭიროება და თუკი ეს ბევრ დროს არ წაიღებს", - აცხადებს გურგენიძე. 

მისივე თქმით, უკრაინა დღეს ძალიან მწვავე ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დგას. 

"თუმცა, მქონდა რა საშუალება რამდენიმე დღის წინ უშუალოდ გავცნობოდი პრეზიდენტ პოროშენკოსა და პრემიერ იაცენიუკის მიდგომებს, რეფორმების კონკრეტულ გეგმებს, გარკვეული ოპტიმიზმი ჩამესახა. ჩემი მოკრძალებული აზრით, ამ მიდგომათა აბსოლუტური უმეტესობა სწორი და დროულია. მხოლოდ 2-3 საკითხში მე პირადად ვუსურვებდი უფრო რადიკალური ნაბიჯების გადადგმას ლიბერალიზაციის მიმართულებით", - აცხადებს ყოფილი პრემიერ-მინისტრი. 

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა, ალექსანდრე კვიტაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ არ არის გამორიცხული, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე უკრაინის ხელისუფლებაში ერთ-ერთ თანამდებობაზე დაინიშნოს. 

როგორც ალექსანდრე კვიტაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარია გურგენიძის საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში დასახელებაზე. 

"ლადოს ნამდვილად ესაუბრებოდნენ. ალბათ გაკეთდება საკოორდინაციო ტიპის საბჭო ან რაღაც კომიტეტი", - განაცხადა კვიტაშვილმა.