"ნაციონალური მოძრაობის" საერთაშორისო მდივანი გიგა ბოკერია ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს აფასებს.
"ეს განცხადება არის იმის დემონსტრაცია, თუ რა პრობლემის წინაშე დგას დღეს საქართველო. ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელსაც მართავს ადამიანი, რომელიც პასუხისმგებლობას გაექცა და დაივიწყა ყველა თავისი დანაპირები; მუდმივად გვიცხადებს, რომ უფრო მეტი გააკეთა, ვიდრე საზოგადოებას დაპირდა. ის არის კმაყოფილი ვითარებით იმიტომ, რომ მას პრობლემები პირადად არ ეხება, მაგრამ საქართველო არის პოლიტიკურ, ეკონომიკურ კრიზისში და ეს განცხადება არის იმის დემონსტრაცია, რომ მას ეს არ ესმის და არ უნდა რომ გაიგოს. ამიტომ, დემოკრატიული გზით, ეს მთავრობა უნდა შეიცვალოს",- განაცხადა ბოკერიამ.
ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ლარის კურსი მერყეობს, დოლარი მყარდება ბევრ სახელმწიფოში და მსგავსი რამ ხდება საქართველოშიც.
"არაფრისგან გინდათ აჟიოტაჟი შექმნათ, ეკონომიკა არის მყარი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.