მოსმენებთან დაკავშირებული კანონი მომავალში განვითარებას საჭიროებს და კიდევ გვაქვს დრო, რომ კანონი დაიხვეწოს, რათა საზოგადოება კიდევ უფრო დაწყნარდეს, კიდევ უფრო დაბალანსებული კანონი იყოს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას დღეს განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპისა და ამერიკის დემოკრატიულ სახელმწიფოებში, ძირითადად, გასაღებთან დაკავშირებით ორი ფორმა არსებობს.
"ამერიკის დემოკრატიულ სახელმწიფოებში, ძირითადად, გასაღებთან დაკავშირებით ორი ფორმა არსებობს, თუ სად არის გასაღები, როგორ უნდა მოიმართოს პროცესი, როგორ უნდა იყოს დაბალანსებული, რომ არ შფოთავდეს საზოგადოება და არ დაზარალდეს სახელმწიფო, ჰქონდეს ეფექტურად მუშაობის საშუალება. უმრავლესობა ევროპული ქვეყნებში გასაღებს ფლობენ სატელეფონო პროვაიდერები, მაგრამ საინტერესო ქვეყნების რიგში არიან საფრანგეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, ისრაელი და ამერიკა, იქაც არის მსგავსი პრაქტიკა, შს სამინისტრო ფლობს გასაღებს. უმრავლესობა სახელმწიფოებში სატელეფონო პროვაიდერები ფლობენ. მცდელობები იყო, როგორც ვიცი, საპარლამენტო პარტიების მხრიდან და გარედანაც, რომ უმრავლეს ქვეყნების რიგში ჩამდგარიყო საქართველო. ბევრი განმარტებები გაკეთდა და ფაქტობრივად გამორიცხეს პოლიტიკოსებმა, რომ სატელეფონო პროვაიდერებისთვის გადაეცათ გასაღები და მიზეზებს მე არ ჩამოგითვლით", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე განცხადებით, დარჩა მეორე ვარიანტი, რომელიც შეეხებოდა გასაღებზე შს სამინისტროს წვდომას.
"შეგახსენებთ, ჩემ დამოკიდებულებას ამ და სხვა თემებთან დაკავშირებითაც. როცა ოპოზიციაში ვიყავი და ხელისუფლებაში მოვედი, ჩვენ ოპონენტებს შევახსენებდი, რომ საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატია და ჩვენ ვერ მივცემთ თავს უფლებას, ევროპული ტიპის ქვეყნების მაგალითი არ ავიღოთ, ჩვენ მათ უნდა მივბაძოთ, რამეთუ გამოცდებისთვის ახალგაზრდა სახელმწიფო ვართ. შედეგად მივიღეთ გაუმჯობესებული ვარიანტი. გასაღები დარჩა შს სამინისტროს და ამავდროულად დამატებითი კონტროლი დაენიშნა ინსპექტორის სახით, რომელსაც უნდა კარგი ჩამოყალიბება და დახვეწას საჭიროებს ინსპექტორის უფლებები ხელისუფლების მხრიდან. რა თქმა უნდა, ეს არ არის საბოლოო ვარიანტი. თქვენ იცით, რომ ევროკავშირში ცდილობენ, 6 თუ 9 დეკემბერს არის მსგავსი კანონის განხილვა, დახვეწონ კანონი მოსმენებთან დაკავშირებით. ვერსად ვერ ნახავთ კანონს, სადაც ეს საკითხი არის აბსოლუტურად დაბალანსებული და ყველა კმაყოფილია. ვერ ნახავთ სახელმწიფოს, რომელშიც არ შფოთავენ მოქალაქეები, რომ მათ შეიძლება უსმენდნენ. საქართველოც არ არის გამორჩეული, მაგრამ ჩვენ არ ვართ უარესების რიგში", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე განცხადებით, ძალიან კარგი იყო, რომ ყველა პარტია და ყველა მოქალაქე იყო ჩართული ამის განხილვაში.
"ამას ჰქონდა დიდი პლუსი. საბოლოო კანონი ვერც ერთი ვერ იქნება, მომავალში განვითარებას საჭიროებს და კიდევ გვაქვს დრო, რომ ეს კანონი დაიხვეწოს, რათა საზოგადოება კიდევ უფრო დაწყნარდეს და კიდევ უფრო დაბალანსებული იყოს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.