კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის განცხადებით, ნატოს-თვის მიუღებელია რუსეთსა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულება.
როგორც ჯეიმს აპატურაიმ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძესთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მათი შეფასებით ეს ე.წ. ხელშეკრულება არის რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯი, რათა მოხდეს კონტროლის დამყარება აღნიშნულ რეგიონზე, ბორდერიზაციის გაღრმავების თვალსაზრისით.
"ჩვენთვის ეს მიუღებელია. ამის შესახებ აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმაც. დარწმუნებულები იყავით, ნატო მუდმივად ერთგული დარჩება საქართველოს სუვერენიტეტის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში", - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
კითხვაზე, განიხილავს თუ არა ნატო რუსეთის ამ ქმედებას საქართველოს ტერიტორიის ანექსიად, ჯეიმს აპატურაიმ აღნიშნა, რომ ანექსიას აქვს იურიდიული ჩარჩოები.
"რაც ვიხილეთ უკრაინაში, ისეთი სცენარი საქართველოში არ ვითარდება. ჩვენ ამას განვიხილავთ, როგორც რუსეთის მცდელობად, საკუთარ ხელში", აიღოს ამ ტერიტორიებზე კონტროლი - განაცხადა აპატურაიმ.
მისივე თქმით, ეს პროცესები საქართველოს არ შეუქმნის ბარიერს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე.
"პირადად მე გიპასუხებდით, რომ ეს პროცესი არ შეუქმნის საქართველოს ბარიერს. ეს გართულებები უკვე არსებობდა, როდესაც ნატო-ს მოკავშირეებმა დაადასტურეს, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი", - აღნიშნა აპატურაიმ.
მისივე თქმით, რუსეთის ქმედებებს ნატო აღიქვამს, როგორც მცდელობას, შეცვალოს ევროპაში არსებული საზღვრები.