მალე ნახავთ, ნატო საქართველოში კიდევ უფრო მეტად იქნება წარმოდგენილი, ასევე ნახავთ, საქართველოს უფრო მეტად ნატო-ში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სამხრეთ კავკასიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ განუცხადა.
მან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პროფესიონალიზმზე გაამახვილა ყურადღება და კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ უწყების ახალ გუნდთანაც უმაღლეს დონეზე გრძელდება თანამშრომლობა.
"მალე ნახავთ, ნატო საქართველოში კიდევ უფრო მეტად იქნება წარმოდგენილი, ასევე, ნახავთ საქართველოს უფრო მეტად ნატო-ში. ნება მომეცით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პროფესიონალიზმზე ვისაუბრო. მოხარული ვარ, რომ ახალ გუნდთან უმაღლეს დონეზე ვაგრძელებთ თანამშრომლობას. ვგეგმავთ უსაფრთხოების სფეროში კონსულტაციებს, რომელშიც სამოქალაქო სექტორიც იქნება ჩართული. საქართველო სწორედ ის ქვეყანაა, რომლის მოქალაქეებიც ნატოს და ნატო-საქართველოს ურთიერთობების ექსპერტები არიან", - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
ამასთან, ნატოს გენმდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა საერთაშორისო მისიებში მონაწილეობისთვის საქართველოს მადლობა გადაუხადა და განმარტა, რომ მას დიდი წვლილი შეაქვს გლობალურ უსაფრთხოებაში.
"საქართველო პატარა ქვეყანაა, თუმცა დიდი წვლილი შეაქვს გლობალურ უსაფრთხოებაში. ქართველ სამხედროებს რთულ რეგიონებში უწევთ მსახურება, ჩვენ ეს კარგად გვესმის", - აღნიშნა აპატურაიმ.