ევროპის საბჭოს კონგრესის პრეზიდენტი ჟან-კლოდ ფრეკონი რუსეთსა და აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკას შორის ხელშეკრულების გაფორმებას ეხმაურება.
როგორც ჟან-კლოდს ფრეკონის განცხადებაშია აღნიშნული, აფხაზეთი საქართველოს რეგიონია და ევროპის საბჭო არ აღიარებს ე.წ. ხელშეკრულებას, რომელიც ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს.
"კონგრესის პრეზიდენტი გმობს ხელშეკრულებას, როგორც ერთ-ერთ ფაქტორს ევროპის ამ ნაწილში დესტაბილიზაციისთვის", - ნათქვამია ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის პრეზიდენტის განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულთან დაკავშირებით, კონგრესმა საკუთარი პოზიცია 2014 წლის ოქტომბრის სესიაზე გამოხატა და წევრ-ქვეყნებს მოუწოდა, დაიცვან "საერთაშორისო სამართლის პრინციპები, როგორიცაა ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი და საერთაშორისო აღიარებული საზღვრების ხელშეუხებლობა.
"პრეზიდენტი მწუხარებას გამოთქვამს რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინაში განხორციელებული ქმედებების გამო, რომელიც ხელს არ უწყობს არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებას", - ნათქვამია ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის პრეზიდენტის განცხადებაში.
აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 24 ნოემბერს სოჭში ხელი მოაწერეს "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის" შესახებ გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებას.
შეთანხმებას ხელი 10 წლის ვადით მოეწერა, ხუთწლიანი პერიოდების გახანგრძლივების პერსპექტივით.