ამირან გამყრელიძე რისკ ჯგუფებში მყოფ ადამიანებს გრიპის საწინააღმდეგო აცრისკენ მოუწოდებს

ამირან გამყრელიძე რისკ ჯგუფებში მყოფ ადამიანებს გრიპის საწინააღმდეგო აცრისკენ მოუწოდებს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ზამთარში გრიპის ვირუსთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს. 
როგორც გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მნიშვნელოვანია, რომ ყველამ დაიცვას ზოგადი სანიტარულ-ჰიგიენური პირობები. 

"მნიშვნელოვანია, რომ დავიცვათ ზოგადი სანიტარულ-ჰიგიენური პირობები, ხშირად გავანიაოთ ჩვენი სამუშაო თუ საცხოვრებელი ადგილები, სველი წესით დავალაგოთ ეს ადგილები, ნაკლებად უნდა ვიყოთ მასობრივი თავშეყრის ადგილებში. გრიპის საუკეთესო პროფილაქტიკა არის გრიპის საწინააღმდეგო სპეციალური აცრა, რომელიც არის ქვეყანაში და სასურველია ყველა აიცრას, ვინც არის ძირითად რისკ ჯგუფებში", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

მისივე თქმით, ქვეყანაში გრიპის ერთეული შემთხვევებია დაფიქსირებული. 

"ზამთარში ყველაზე ხშირად გვაქვს გრიპოზული ინფექცია, რომელიც გამოწვეულია ან თვითონ გრიპის ვირუსით ან სხვადასხვა ადენოვირუსებით და ა.შ. საბედნიეროდ, გრიპის ერთი-ორი შემთხვევაა გამოვლენილია. ამის ყოველდღიური მონიტორინგი ხდება, ძალიან კარგი გრიპის ლაბორატორია გვაქვს ლუგარის ცენტრში, რომელიც ყველა ტიპის გრიპის ვირუსის იდენტიფიცირებას ახდენს", - განაცხადა გამყრელიძემ.