ნოდარი ხადური - პანიკა არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელმაც შეიძლება კიდევ უფრო ცუდი ზეგავლენა მოახდინოს ლარის კურსზე

ნოდარი ხადური - პანიკა არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელმაც შეიძლება კიდევ უფრო ცუდი ზეგავლენა მოახდინოს ლარის კურსზე

დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსის შემცირებაზე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ზეგავლენა არის ნული პროცენტი, - ამის შესახებ "საზოგადობრივ მაუწყებელს" საქართველოს ფინანსთა მინისტრმა,  ნოდარ ხადურმა განუცხადა. მისი თქმით, ლარის კურსზე ბევრმა ფაქტორმა იმოქმედა, თუმცა მათ შორის ბიუჯეტი არ არის. 

"ლარის კურსზე მოქმედებს ძალიან ბევრი ფაქტორი – საშინაო და საგარეო ფაქტორები, ფსიქოლოგიური ფაქტორები. საშინაო ფაქტორებიც ძალიან ბევრია, მათ შორის ერთ-ერთი, რაზეც ხშირად ხდება აპელირება, არის ბიუჯეტიდან გაწეული დიდი რაოდენობით ხარჯები. ჩვენი ოპონენტები ხშირად ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ, რომ ერთი მხრივ თითქოს ბიუჯეტი არ სრულდება, მეორეს მხრივ ბიუჯეტი ბევრ ფულს ხარჯავს. ჩვენ ხარჯავთ მხოლოდ იმ თანხას, რომელსაც ეკონომიკიდან ვიღებთ გადასახადების სახით, ანუ ბიუჯეტის მხრიდან არ არსებობს არანაირი ზემოქმედება მიმოქცევაში არსებული ფულის რაოდენობის ზრდაზე", - განაცხადა ხადურმა. 

მისივე თქმით, მონეტარულ პოლიტიკას საქართველოში აყალიბებს ეროვნული ბანკი, რომელიც არის დამოუკიდებელი თავის საქმიანობაში და, შესაბამისად, არ იქნება სწორი, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელმა ღიად ისაუბროს ეროვნული ბანკის მუშაობაზე. 

რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას – არის თუ არა ლარის კურსის ვარდნაში ეროვნული ბანკის გარდა სხვა ფაქტორებიც, ხადურის თქმით, "რა თქმა უნდა, არის". 

"მთელ მსოფლიოში, ჩვენ მეზობლებიდან ერთის გარდა, ეროვნული ვალუტის კურსი არის შეცვლილი. დოლარი აგრძელებს გამყარებას ყველა დანარჩენის ვალუტის მიმართ. მეორე ფაქტორი უკავშირდება ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, უკრაინასა და რუსეთში მიმდინარე მოვლენებს", - აღნიშნა ხადურმა. 

ფინანსთა მინისტრის თქმით, პანიკა არის ერთ-ერთი ის ფაქტორი, რომელმაც შეიძლება კიდევ უფრო ცუდი ზეგავლენა მოახდინოს ლარის გაცვლით კურსზე. 

"ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს. როგორც ეროვნულ ბანკს აქვს რეზერვები, რომ მოახდინოს ინტერვენცია, ასევე არანაირი მაკროეკონომიკური პარამეტრები არ იძლევა საფუძველს, ვივარაუდოთ ლარის კურსის დაცემის გაგრძელება", - აღნიშნა ხადურმა. 

გარდა ამისა, ფინანსთა მინისტრის თქმით, საქართველო სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციიდან წლის ბოლომდე მიიღებს უცხოურ ვალუტას, რაც ხელს შეუწყობს ლარის გამყარებას.
"ფინანსთა სამინისტრომ წლის ბოლომდე უნდა მიიღოს გარკვეული უცხოურო ვალუტა როგორც ევროებში, ასევე დოლარებში. ეს არის აზიის განვითარების ბანკის, მსოფლიო ბანკის, საერთაშისო სავალუტო ფონდისა და ევროკავშირის გრანტები და შეღავათიანი კრედიტები. ასე რომ, წლის ბოლომდე საქართველოს მთავრობის სახარჯო პოლიტიკით ჩვენ პირიქით ხელი უნდა შევუწყოთ ლარის გამყარებას", - განაცხადა ხადურმა.