ჯოშუა კუცერა,“Eurasianet”
შეერთებულ შტატებში სერიოზულად დაიწყეს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება. ხვალ ნიუ-ჰემპშირის შტატის რესპუბლიკელები კენჭისყრით გადაწყვეტენ საკუთარი კანდიდატის ბედს, რომელიც ნოემბრის არჩევნებში ბარაკ ობამას დაუპირისპირდება. თუკი, როგორც ეს მოსალოდნელია, მით რომნი გაიმარჯვებს, როგორც ეს გასულ კვირაში აიოვას შტატში მოხდა, დიდი ალბათობით სწორედ ის გახდება რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი. რა ვიცით რომნის, პოტენციური პრეზიდენტის შესაძლო გეგმებზე იმ ტერიტორიების მიმართ, რომელიც ბლოგ The Bug Pit-ის ინტერესის სფეროში შედის?
ბევრი არაფერი ვიცით. ამ მხრივ ყველაზე უკეთ შეიძლება რუსეთთან დაკავშირებულმა მისმა რიტორიკამ გვიკარნახოს, რომელიც (რაც გასაკვირი არ არის) აგრესიულობით გამოირჩევა. აი, რისი გაგება შეიძლება მისი წინასაარჩევნო შტაბის საგარეოპოლიტიკური ანგარიშიდან:
„თანამდებობაზე მუშაობის დაწყების შემდეგ მიტ რომნი აპირებს „გადატვირთვის“ პოლიტიკის გადატვირთვას. მისი სტრატეგია მიმართული იქნება რუსეთის აგრესიული და ექსპანსიონისტური ქმედებების შეკავებისკენ და მიესალმება დემოკრატიული პოლიტიკურ-ეკონომიური რეფორმების გატარებას“.
„გადატვირთვის“ პოლიტიკის ორი ყველაზე სერიოზული შედეგი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში შემდეგია: 1. აშშ-მ რუსეთისგან მიიღო თანამშრომლობის გარანტია მიწოდებების ჩრდილოეთის მარშრუტის (სატრანსპორტო არტერია, რომლითაც ავღანეთი სამხედრო ტვირთებით მარაგდება) ფუნქციონირების საკითხში. 2. ვაშინგტონი ერთგვარად გაემიჯნა საქართველოს (ყოველ შემთხვევაში, იმ ენერგიული დაახლოების ფონზე, რასაც ადგილი ჰქონდა ბარაკ ობამას წინამორბედის, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის დროს).
რომნის თქმით, მისი პოზიცია ბარაკ ობამასთან შედარებით ნაკლებად შემრიგებლური იქნება ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის საკითხში, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას მიწოდებების ჩრდილოეთის მარშრუტის ფუნქციონირებას (რუსეთმა არაერთხელ მიანიშნა, რომ ეს ორი საკითხი ურთიერთკავშირშია). გარიკსავს კი რომნი ასეთ ნაბიჯზე წასვლას? ზოგიერთებმა, შეიძლება არცთუ უსაფუძვლოდ, განაცხადონ, რომ რუსეთის გარშემო ანტისარაკეტო ფარის შექმნა აშშ-სთვის გრძელვადიან პერსპექტივაში გაცილებით სასარგებლო იქნებოდა, ვიდრე სატრანსპორტო დერეფანი იმ სამხედრო მოქმედებების თეატრისკენ, რომლის ბედიც უკვე გადაწყვეტილია, თუკი აშშ-ს ყველა შემთხვევაში გამოჰყავს თავისი ჯარი 2014 წელს. მაგრამ უდაოა, რომ სამხედრო მრჩევლები შეეცდებიან მის გადარწმუნებას, რადგან ეს ნაბიჯი ჩრდილოეთის მარშრუტის ფუნქციონირებას საფრთხეს შეუქმნის.
საინტერესოა, რომ რომნის რუსულ რიტორიკაში საქართველო ნახსენები არ არის. საქართველო და მიხეილ სააკაშვილი ამერიკელ რუსოფობთა უმრავლესობის (ისეთების როგორიცაა 2008 წლის რესპუბლიკელი კანდიდატი ჯონ მაკკეინი) გმირები არიან, თუმცა რომნის პროგრამაში, რომელშიც საუბარია რუსეთის „ექსპანსიონისტური ქმედებების“ საერთო საფრთხეზე, საქართველო საერთოდ არ არის ნახსენები. მეტიც, თავის ვებ-გვერდზე ის გამოთქვამს ვარაუდს, რომ რუსეთის აგრესიის ობიექტი, როგორი წარმოუდგენელიც არ უნდა იყოს ეს, ცენტრალური აზია გახდება. ამგვარად, რომნის ადმინისტრაციის პოლიტიკის მიზანი იქნება:
„რუსეთის ამბიციების შეკავება სამხრეთის მიმართულებით, დიპლომატიური კავშირების განმტკიცება, სამხედრო მომზადებისა და სამხედრო დახმარების გააქტიურება, სავაჭრო შეთანხმებების გაფორმება და გაცვლითი პროგრამების განხორციელება განათლების სფეროში ცენტრალური აზიის სახელმწიფოებთან“.
თავის ბლოგში მარკ ადომანისი იმ შიდა წინააღმდეგობაზე წერს, რომელიც რომნის მიერ შემოთავაზებულ მიდგომაში იკითხება, როდესაც ერთი მხრივ ის პარტნიორულ ურთიერთობებს ამყარებს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და იმავდროულად არ ურიგდება რუსეთის ავტორიტარიზმს. გარდა ამისა, საინტერესოა ქართული საკითხის მიჩუმათებაც. რომნის საგარეოპოლიტიკურ პროგრამაში ჩაღრმავების გარეშეც, სადაც რუსეთს და მოსაზღვრე სახელმწიფოებს, მხოლოდ ოთხი პარაგრაფი ეთმობა, ხომ არ შეიძლება ეს იმის ნიშნად მივიჩნიოთ, რომ საქართველოს ვარსკვლავი რუსოფობებს შორისაც კი ეშვება, ხოლო საქართველოს და სააკაშვილის აქტიური მხარდაჭერა პოლიტიკური მარცხის ტოლფასია? მგონი, ღირს ამაზე დაფიქრება.
foreignpress.ge
707
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85