ლორენს ნორმანი, "The Wall Street Journal"
წელს, როდესაც ევროს ბედი წყდება, საეჭვოა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა ბრიუსელის მთავარი პრიორიტეტი იყოს.
თუმცა, თუკი ევროკავშირი შეასუსტებს ყურადღებას საგარეო პოლიტიკის პრობლემების მიმართ, ამან შესაძლოა გარკვეული რისკები შექმნას. სამხრეთში გაურკვეველი რჩება „არაბული გაზაფხულის“ გრძელვადიანი შედეგები. თუკი მოვლენები ნეგატიურ ჭრილში განვითარდა, არსებობს მიგრაციის ზრდის დიდი საფრთხე, ხოლო სიტუაცია უსაფრთხოების სფეროში მარტივად გაუარესდება. აღმოსავლეთში, საპროტესტო აქციები რუსეთში ახალ გამოწვევებს ქმნის საპრეზიდენტო არჩევნების წელს; ხოლო ირანის ბირთვული პროგრამა და შენარჩუნებული ჩიხური სიტუაცია ისრაელს და პალესტინას შორის, სერიოზული საფრთხის შემცველია.
მიუხედავად ეკონომიკური კრიზისის გაღრმავებისა, ევროკავშირის ახალი საგარეოპოლიტიკური აპარატის უსიამოვნებების გაძლიერებისა და ღია კრიტიკისა, რომელიც ევროპის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის კეტრინ ეშტონის მისამართით ისმის, 2011 წელს ბრიუსელმა გარკვეულ წარმატებებს მაინც მიაღწია.
ევროკავშირმა, „არაბული გაზაფხულის“ საწყის ეტაპზე წარუმატებელი გამოსვლის მიუხედავად, შემდეგ გააერთიანა თავისი წევრი-ქვეყნების ძალისხმევა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს მომიტინგეებს ტუნისში, ეგვიპტესა და სხვა ადგილებში. ევროპა ძირითადად ინარჩუნებს ერთობას ირანის და სირიის საკითხებზე, ორგანიზება გაუკეთა რა, ერთი შეხედვით ეფექტურ ნავთობის ემბარგოს ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ, და გაყინა რა რამდენიმე ასეული ირანული კომპანიის, ბანკის და ხელმძღვანელთა აქტივები. მზადდება ზეწოლის უფრო მკაცრი ზომებიც.
ევროკავშირმა დაასრულა ხორვატიასთან გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებები, ასევე შუამავლის როლში წარსდგა კოსოვოს და სერბეთს შორის მოლაპარაკებებში. რაც შეეხება უფრო შორეულ ადგილებს, ის ეხმარებოდა პირატებთან ბრძოლას „აფრიკის რქის“ სანაპიროებზე.
თუმცა ევროპის წარმატება ლიბიაში საფრანგეთმა და ბრიტანეთმა უზრუნველყვეს აშშ და ნატოს სხვა მოკავშირეების მხარდაჭერით, იმ ფონზე, როდესაც გერმანია ეწინააღმდეგებოდა უფრო აქტიურ სამხედრო მოქმედებებს. ლიბიის მაგალითმა ცხადყო, რომ ინიციატივა საგარეოპოლიტიკურ საკითხებში ძვლებურად ცალკეულ სახელმწიფოებს ეკუთვნით და არა მთლიანად ევროკავშირს, ამიტომ ყველა საუბარი ევროპის ერთიან საგარეო პოლიტიკაზე ჯერ-ჯერობით კვლავ საუბრებად რჩება.
მიუხედავად ამისა, ბრიუსელი წარმატებებზე საუბრობს, და ამ მხრივ წამყვან პოზიციებზეა ირანის საკითხი, რომელზეც ის ზეწოლას აძლიერებს.
დეკემბერში ევროკავშირმა გადაწყვიტა იმ ზომათა კომპლექსი განეხილა, რომელიც „სერიოზულად უნდა აისახოს“ ირანის ფინანსურ, ენერგეტიკულ და ტრანსპორტის სექტორზე. გერმანიის და ბრიტანეთის მიერ მხარდაჭერილი ფრანგული წინადადებები, გულისხმობს სანქციებს ცენტრალური ბანკის წინააღმდეგ და ნავთობის ემბარგოს. თუმცა ეს საბერძნეთმა და სხვა სახელმწიფოებმა გააპროტესტეს. ოთხშაბათს, ამ საკითხში ერთგვარი წინსვლა დაფიქსირდა, როდესაც დიპლომატებმა ნავთობის ემბარგოზე თითქმის მიღწეული შეთანხმების შესახებ განაცხადეს, თუმცა მისი ვადების და დეტალების განხილვა კვლავ გრძელდება.
ევროკავშირს წინ შესაძლოა უფრო სერიოზული უთანხმოება ელის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ დაძაბულობა ბირთვული პროგრამის ირგვლივ გამწვავდება და პრობლემის სამხედრო გადაწყვეტა უფრო რეალური გახდება. დაძაბულობის ესკალაცია, როგორც ჩანს ევროპის ყველაზე სუსტ ეკონომიკებში, როგორებიცაა საბერძნეტი და იტალია, ნავთობის ფასის ზრდას გამოიწვევს. ეს ქვეყნები ირანული ნავთობის უმსხვილეს იმპორტიორთა რიგებში არიან.
პროფესორი რიჩარდ უიტმანი, კენტის უნივერსიტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი და საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტის Chatham House-ის მეცნიერ-თანამშრომელი, აცხადებს, რომ ძალის გამოყენების პერსპექტივას ევროპაში შეიძლება ახალი განხეთქილება მოჰყვეს, ათწლეულის წინ ერაყის მოვლენებთან დაკავშირებული განხეთქილების მსგავსი. „ვფიქრობ, ირანი ბრიუსელის სიაში დიდი პრობლემაა. ის იქნება ძალიან, ძალიან დიდი ტესტი როგორც ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური უწყებისთვის, ასევე მისი ხელმძღვანელის ეშტონისთვის“, – ამბობს უიტმანი.
თითქმის მთელი 2011 წელი „არაბულ გაზაფხულის“ შესახებ კარგი ცნობები ვრცელდებოდა. ევროპელმა ჩინოვნიკებმა მისი შედარება დაიწყეს 1989 წლის აღმოსავლეთ ევროპის მოვლენებთან. ევროკავშირმა პირობა დადო, რომ ამ ქვეყნებთან აბსოლუტურად ახალ ურთიერთობებს ააწყობდა. გაჩნდა ახალი ლოზუნგი – „მეტი მეტისთვის“. ანუ რაც უფრო მეტი დემოკრატიული ცვლილებაა, მით უფრო მეტი უპირატესობა და შეღავათი ექნება სახელმწიფოს.
მაგრამ მოვლენები უსიამოვნო სცენარით განვითარდა. თუკი ტუნისმა არჩევნები წარმატებით ჩაატარა, ეგვიპტეში სამხედროებმა გარდამავლი პერიოდისთვის ვერანაირი მკაფიო გეგმა ვერ წარმოადგინეს. ლიბიაში სიტუაცია მყიფეა, იქ უამრავი იარაღია. რაც შეეხება სირიას, ბევრი ანალიტიკოსი შიშობს, რომ ის სამოქალაქო ომის ზღვარზეა.
ხოლო, რადგან სურათი საკმაოდ მძიმეა, ევროპა მიზანსწრაფვას კარგავს. მაგრიბის ქვეყნებს დამატებითი დახმარების სახით რამდენიმე მილიარდ ევროს დაპირდნენ, თუმცა მათ ამ თანხის მხოლოდ მცირე ნაწილი მიიღეს. ვაჭრობის სწრაფ განვითარებას და სავიზო რეჟიმის გამარტივებას ხელს უშლის მიგრაციის ზრდასთან და სასოფლოსამეურნეო პროდუქციის იაფ იმპორტთან დაკავშირებული ტრადიციული შიში. ამან კი შეიძლება რეგიონალური ლიდერების გუნება-განწყობაზე იმოქმედოს.
„ნაცნობი ისტორიაა“, – ამბობს ბრიუსელის არაკომერციული ანალიტიკური ორგანიზაციის „ევროპის მეგობრები“ გენერალური მდივანი ჯაილს მერიტი, „ევროპის ქვეყნები ჯერ იღებენ ვალდებულებებს, რომ რაღაცას გააკეთებენ და შემდეგ გაურკვეველი მიზეზის გამო ეს არ ხდება“.
ჩრდილოეთ აფრიკის ზოგიერთი ახლო მეზობლისთვის, როგორებიც არიან საბერძნეთი, კვიპროსი და მალტა, „არაბული გაზაფხულის“ მოვლენები ძალიან საგანგაშო აღმოჩნდა. სხვები კი, მაგალითად საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის დროშებს აფრიალებდნენ.
2011 წელს დემოკრატიული გარდაქმნების მხარდამჭერთა ბანაკმა გაიმარჯვა. მაგრამ თუკი 2012 წელს, ხმელთაშუა ზღვის სამხრეთ სანაპიროდან ცუდი ამბები გავრცელდება, ევროპაში შესაძლოა კვლავ განხეთქილება მოხდეს, აღმოჩნდეს რა ის ძველი დილემის წინაშე: სტაბილურობა თუ დემოკრატია.
რაც შეეხება რუსეთს, ბრიუსელს და მოსკოვს შორის არანაირ გადატვირთვას ადგილი არ აქვს. 2008 წლის საქართველოს ომის შემდეგ ურთიერთობა გაუმჯობესდა, თუმცა ამ გაუმჯობესების ტემპი ნელია. ენერგეტიკაში ლიბერალიზაციის ზომებისადმი რუსეთის წინააღმდეგობა ბოლოდროინდელ სამიტებს ამძიმებს, და რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა თებერვლის ვიზიტის დროს ბრიუსელი „საკუთრების კონფისკაციაში“ დაადანაშაულა, რადგან ევროკავშირმა ახალი წესები შემოიღო, რომელიც ენერგეტიკულ კომპანიებს მათი კუთვნილი მილსადენების გაყიდვას ავალდებულებს.
ქვეყნიდან ქვეყანაში ორმხრივი ურთიერთობა ძალიან განსხვავებულია. იტალია ბერლუსკონის დროს კრემლთან ახლოს იყო. ძლიერდება გერმანია-რუსეთის ურთიერთობები ვაჭრობის აქტიური განვითარების ფონზე, ვაჭრობის, რომლის საფუძველიც გერმანულ წარმოებასა და რუსეთის ენერგომიმწოდებლებს შორის კავშირები გახდა. სხვებისთვის, მაგალითად ბრიტანეთისთვის, მრავალწლიანი მტრობის შემდეგ კვლავ დათბობის ხანაა.
ამ დახლართული ინტერესებისა და ეჭვიანობის გარდაქმნა მკაფიო და ცხად სტრატეგიად ჩვეულებრივ დროშიც კი რთულია. კიდევ უფრო რთულია ამის გაკეთება რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, რადგან რუსეთის ლიდერები იმუქრებიან, რომ ევროკავშირის საზღვართან რაკეტებს განათავსებენ, ანტისარაკეტო სისტემის შექმნასთან დაკავშირებული ნატოს გეგმების გამო, ხოლო მოსკოვის მისამართით სულ უფრო ხმამაღლა გაისმის პოლიტიკური რეფორმების ჩატარებისკენ მოწოდებები.
საერთაშორისო ურთიერთოების ევროპის საბჭოს ახლახანს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ევროკავშირი ხელიდან უშვებს რუსეთის პარტნიორად გარდაქმნის შესაძლებლობას ისეთ საკითხებში, რომლებიც საერთო შეშფოთების საგანია: „ევროპელები აღარ ფიქრობენ რუსეთზე, როგორც „დიდ პოლონეთზე“ – ქვეყანაზე, რომელსაც ლიბერალურ დემოკრატიად გარდაქმნის უნარი აქვს. დღეს ისინი ფიქრობენ მასზე, როგორც „პატარა ჩინეთზე“, რომელთანაც შეიძლება გქონდეს მხოლოდ ბიზნესი და სხვა არაფერი“
foreignpress.ge
806
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85