ვახტანგ ხმალაძის შეფასებამ ეკა ბესელია გაანაწყენა

ვახტანგ ხმალაძის შეფასებამ ეკა ბესელია გაანაწყენა

დეპუტატ ვახტანგ ხმალაძის შეფასებამ მისი კოლეგა ეკა ბესელია გაანაწყენა. ერთგვარი წაკამათება მათ შორის, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე "ღრმა განსწავლულობის" ხსენებას მოჰყვა.

ბიუროს წევრებს შორის კამათის საგანი ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტებზე წამყვანი და სავალდებულო კომიტეტების განსაზღვრის საკითხი გახდა. ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრები გამოვიდნენ ინიციატივით, საკანონმდებლო პაკეტზე წამყვან კომიტეტად ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის განსაზღვრის თაობაზე. მათი შეთავაზება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ არ გაიზიარა, რომელმაც კოლეგებს შეახსენა, რომ თავის დროზე, ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ, ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში სწორედ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ იყო ინიცირებული და წამყვან კომიტეტადაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იყო წარდგენილი. ხმალაძემ განაცხადა, რომ წამყვან კომიტეტად კვლავ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უნდა დარჩენილიყო, "რომლის წევრებიც საკითხში საკმაოდ ღრმად არიან გარკვეულნი".

მისი ეს ფრაზა ეკა ბესელიას არ მოეწონა, რომელმაც პასუხად განაცხადა, რომ "საკითხი მაშინაც და ახლაც ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს ეხებოდა". 

"ღრმა განსწავლულობას რაც შეეხება, უკაცრავად, მაგრამ ამ საკითხებს 15 წელი მოვანდომე", - მიმართა ბესელიამ ხმალაძეს, რაზეც რეპლიკის ადრესატმა აღნიშნა, რომ მას თავად ბესელია არ ჰყავდა მხედველობაში.

დისკუსიაში პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილიც ჩაერთო. "განსწავლულობა არავის აკლია, გააჩნია ვინ როგორ ვიყენებთ, თორემ სულ სწავლულები ვართ აქ", - განაცხადა უსუფაშვილმა. 
პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, ორივე პროექტზე წამყვანი კომიტეტი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი იქნება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კი სავალდებულო დასკვნას დაწერს. 
ორივე საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტი მიმდინარე კვირას დაჩქარებული წესით განიხილავს.