ე.წ. შეთანხმების გაფორმების პროცესს ვაკვირდებით და ინფორმაციას ვაგზავნით ვაშინგტონში

ე.წ. შეთანხმების გაფორმების პროცესს ვაკვირდებით და ინფორმაციას ვაგზავნით ვაშინგტონში

აფხაზეთსა და რუსეთს შორის ე.წ. შეთანხმების გაფორმების პროცესს ვაკვირდებით, საქართველოს მთავრობასთან გვაქვს კონსულტაციები და ინფორმაციას ვაგზავნით ვაშინგტონში , - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა.

"ჩვენ ვაკვირდებით ამ პროცესს. ვაკვირდებით მოვლენათა განვითარებას ისევე, როგორც სხვები. დავაკვირდებით დღეს და ხვალ. საქართველოს მთავრობასთან გვაქვს კონსულტაციები და ინფორმაციას ვაგზავნით ვაშინგტონში. ამასთან დაკავშირებით უფრო მიზანშეწონილი იქნება პასუხის გაცემა მაშინ, როდესაც მეტი ინფორმაცია გვექნება", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ლიდერი რაულ ხაჯიმბა დღეს სოჭში გაემგზავრება. კრემლის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი სოჭში ვლადიმერ პუტინის მიწვევით ჩადის. კრემლის ინფორმაციით, დაგეგმილია რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერაც.