თუკი არსებობს თეორიული შანსი იმისა, რომ ფარული მომსმენებზე წვდომის "გასაღებთან" დაკავშირებით მომზადებული ორი კანონპროექტი ერთ პროექტად იქცეს, ჩვენ ამ შანსს გამოვიყენებთ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ფრაქცია "ქართული ოცნება – რესპუბლიკელების" წარმომადგენელმა, თინა ხიდაშელმა განუცხადა.
დეპუტატი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პარლამენტში წარდგენილ პროექტებს შორის სხვაობა ერთ წინადადებაზე დაიყვანება - უნდა დარჩეს თუ არა "გასაღები" შინაგან საქმეთა სამინისტროს. ხიდაშელის აზრით, ამ თვალსაზრისით ვახტანგ ხმალაძის მიერ მომზადებული პროექტი გავლილია ოქროს შუალედში და პროექტში ყველა იმ კითხვაზეა პასუხი გაცემებული, რაც საფრთხეებთან დაკავშირებით ისმის.
"ჩვენ "გასაღების" კერძო პროვაიდერი კომპანიებისთვის გადაცემის ინიციატივას მხარს არ ვუჭერთ, მაგრამ არა იმ აგუმენტების გამო, რაზეც დღეს არის საუბარი. არ ვიზიარებ მოსაზრებას, მობილურ კომპანიებისთვის "გასაღების" გადაცემა იმის გამო არ შეიძლება, რომ უცხო ქვეყნის კომპანიები არიან. ეს ზედაპირული საუბარია. "გასაღების" მიცემა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ მოგისმენს. ამავე ლოგიკით, მაგალითად, რუსულ "ბილაინს" შეუძლია მოსასმენი აპარატურა შეიძინოს და ისე მოგისმინოს, რაც, რა თქმა უნდა, დანაშაული იქნება. ფარული მოსმენის კანონიერი უფლება აქვს და რჩება მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს. ე.წ. "გასაღების" კერძო კომპანიებისთვის გადაცემას ჩვენ მხოლოდ იმის გამო არ ვიზიარებთ, რომ ეს სისტემას არაეფექტურს გახდის, რადგან ბაზარზე რამდენიმე მსხვილი კომპანიის გარდა, ორ ასეულზე მეტი სუბიექტია", - აცხადებს თინა ხიდაშელი.
ცნობისთვის, "რესპუბლიკელები" "გასაღების" მიზნით ცალკე, დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს შექმნის იდეითაც გამოდიან.