მოსმენებთან დაკავშირებული საკითხი კიდევ ერთხელ შეარყევს ღარიბაშვილის უმრავლესობას

მოსმენებთან დაკავშირებული საკითხი კიდევ ერთხელ შეარყევს ღარიბაშვილის უმრავლესობას

ცხადია, რომ ეს მთავრობა დგას სწორედ უკანონო მოსმენებზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას განაცხადა. მისივე შეფასებით, მოსმენებთან დაკავშირებული საკითხი კიდევ ერთხელ შეარყევს ღარიბაშვილის უმრავლესობას.

"ეს არის საკითხი, რომელიც კიდევ ერთხელ ძალიან შეარყევს ღარიბაშვილის უმრავლესობას, რადგან ამ თემაზე თვითონ "ქართული ოცნების" გუნდის შიგნით აზრთა დიდი სხვაობაა და ეს არც არის გასაკვირი. პრობლემები, მოსმენებთან დაკავშირებით, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან დაკავშირებით, იყო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დროს. ამას არავინ არ უარყოფს, ეს იყო ძალიან ცუდი და მძიმე პრობლემა, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ეს პრობლემა მოგვარებულიყო, დღეს გვაქვს სიტუაცია, როდესაც 100 000 ჩართულ ტელეფონს კიდევ 100 000 დაამატა ღარიბაშვილმა. ცხადია, რომ ეს მთავრობა დგას სწორედ უკანონო მოსმენებზე. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ამ ყველაფრის გამო უმრავლესობა დაეშალოს, ღარიბაშვილს მაინც არ უნდა, რომ ხელიდან გაუშვას ეს მექანიზმი. მე მიმაჩნია, რომ ის ახლა დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს, ეს ძალიან ცუდი შედეგით დამთავრდება. ეს საპარლამენტო სესია იქნება ძალიან მძიმე. ვაპირებთ ცხარე დისკუსიის გამართვას ამ თემაზე", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

მისივე თქმით, საკითხთან დაკავშირებით ფრაქციის სხდომაზე ჩამოყალიბდებიან.