საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ტოივო კლაარის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე, დავით უსუფაშვილთან შეხვედრაზე ე.წ. მოკავშირეობისა და პარტნიორობის შესახებ შეთანხმება განიხილეს, რომელიც აფხაზეთის მარიონეტულ რეჟიმსა და რუსეთს შორის დღეს უნდა გაფორმდეს.
"განვიხილეთ, თუ რა სხვა შესაძლებლობები და ვარიანტები აქვს საქართველოს არსებული კრიზისის მოსაგვარებლად, რომ აღდგეს ურთიერთობა თბილისსა და სოხუმს შორის", - განაცხადა ტოივო კლაარმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, ევროკავშირი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
"ვფიქრობ, ამ ე.წ. შეთანხმების გაფორმება მნიშვნელოვნად ვერ შეცვლის ვითარებას ქვეყანაში, ამიტომ მშვიდად უნდა ვიყოთ და გავერთიანდეთ მისი ანალიზისთვის. პრინციპულად ეს ე.წ. შეთანხმება ვერაფერს შეცვლის ევროკავშირის მიდგომაში, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ისეთივე ხელშეუხებელია, როგორიც ყოველთვის იყო", - განაცხადა ტოივო კლაარმა.
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი და აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ლიდერი, რაულ ხაჯიმბა, დღეს, სოჭში, "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" ე.წ. შეთანხმებას მოაწერენ ხელს.
შეთანხმებაში "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის" შესახებ შემდეგი პრიორიტეტებია ასახული: "კოორდინირებული საგარეო პოლიტიკის განხორციელება"; "საერთო თავდაცვის და უსაფრთხოების სივრცის", "საერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცის" შექმნა, აფხაზეთის სოციალურ–ეკონომიკური განვითარების დახმარება და ა.შ.
"კოორდინირებული საგარეო პოლიტიკის განხორციელების" ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, რუსეთი გააგრძელებს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების კუთხით მუშაობას და შეეცდება გააფართოვოს იმ ქვეყნების სია, რომლებიც ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ. ამასთან, შექმნიან შესაბამის პირობებს იმისათვის, რომ აფხაზეთი გაწევრიანდეს საერთაშორისო ორგანიზაციებში და გაერთიანებებში.
"საერთო თავდაცვის და უსაფრთხოების სივრცის" ფარგლებში, იგულისხმება რუსეთის და აფხაზეთის ერთიანი სამხედრო ძალების შექმნა, რომლის მიზზნი იქნება ნებისმიერი შეირაღებული აგრესიის მოგერიება; დოკუმენტის ეს პუნქტი ასევე ითვალისწინებს ერთობლივ ზომებს აფხაზეთის ე.წ. საზღვრების დასაცავად.
დოკუმენტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმების მონაწილე თუ ერთი მხარის წინააღმდეგ სხვა სახელმწიფოს, ან სახელმწიფოების ჯგუფის მხრიდან განხორციელდება შეირაღებული თავდასხმა, ეს განხილული იქნება, როგორც შეთანხმების მონაწილე მეორე ქვეყანაზე თავდასხმად. ასეთ შემთხვევაში, ერთი მხარე მეორეს გაუწევს საჭირო დახმარებას, მათ შორის სამხედროს.
დოკუმენტის მიხედვით, იგეგმება კოორდინირებული ქმედებები ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ, ასევე ერთობლივ საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის შექმნა დავალებების შესასრულებლად.
აღნიშნული დოკუმენტის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 3 წელიწადში, მოხდება კომპლექსური ღონისძიებების რეალიზაცია საბაჟო სფეროში კანონმდებლობის ჰარმონიზაციასთან დაკავშირებით.
ერთ-ერთი მუხლის მიხედვით, რუსეთის ფედერაცია მიიღებს დამატებით ზომებს, რომელიც მიმართული იქნება ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურების გამარტივებას.
შეთანხმების მიხედვით, 1 იანვრიდან, 3 წლის განმავლობაში, რუსეთის ფედერაცია აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეების პენსიონერულ უზრუნველყოფას განახორცილებს და ისინი იმავე რაოდენობის პენსიას მიიღებენ, რაც რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით არის განსაზღვრული.
შეთანხმება განსაზღვრავს ჯანდაცვის სფეროში თანამშომლობასაც. მათ შიორის არის ის, რომ ეწ. აფხაზეთის რესპუბლიკა ქმნის აუცილებელ პირობებს აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების სამედიცინო დაზღვევისთვის.
ერთ-ერთი მუხლის მიხედვით, რომელიც განათლების სფეროს ეხება, რუსეთი აფხაზეთს დახმარებას გაუწევს აფხაზური ენის განვითარების პროგრამების რეალიზებაში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შეთანხმება იდება ათი წლის ვადით მისი ხუთწლიანი პერიოდებით გახანგრძლივების შესაძლებლობით.