საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე დარწმუნებულია, რომ ფარული მოსმენების გასაღებთან დაკავშირებით მისი თანაავტორობით მომზადებული პროექტი დაბალანსებულია და იცავს როგორც სახელმწიფო უსაფრთხოებას, ასევე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას.
"ერთი გასაღები აუცილებლად უნდა იყოს შს სამინისტროში და აბსოლუტურად სწორია, რომ მეორე გასაღები პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს გადაეცეს. ამით უზრუნველოფილი იქნება სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვა და ასევე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა. პოზიცია, რაც ჩვენ გვაქვს, არის აბსოლუტურად სწორი", - აცხადებს გედევან ფოფხაძე.
ფოფხაძე-ბესელია-სესიაშვილის ავტორობით მომზადებული პროექტი ორგასაღებიანი სისტემის შემოღებას ითვალისწინებს, რომელთაგან ერთი გასაღები რჩება შს სამინისტროს, ხოლო მეორე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს გადაეცემა.
პარლამენტში წარდგენილია ვახტანგ ხმალაძის ავტორობით ინიცირებული პროექტიც, რომლის მიხედვითაც ყალიბდება ერთგასაღებიანი სისტემა და ეს გასაღები კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ექნება. მასზე კონტროლს კი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი განახორციელებს.