რუსეთი ცდილობს სამართლებრივი ანექსიის გზით საბოლოოდ გაიფორმოს საქართველოს ძირძველი ნაწილები

რუსეთი ცდილობს სამართლებრივი ანექსიის გზით საბოლოოდ გაიფორმოს საქართველოს ძირძველი ნაწილები

"ნაციონალური მოძრაობის" განცხადებით, რუსეთი "მეკავშირეობისა და თანამშრომლობის" შეთანხმების ხელმოწერით აპირებს უკვე სამართლებრივად , ბოლომდე მიიყვანოს აფხაზეთის რეგიონის ანექსია. სოჭში, დე-ფაქტო აფხაზეთის ლიდერ, რაულ ხაჯიმბას და რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს შორის დღეს დაგეგმილ "მეკავშირეობისა და თანამშრომლობის" შესახებ შეთანხმების ხელმოწერას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, ეს არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში დაიწყო აფხაზეთის და სამაჩაბლოსთვის განსაკუთრებული სტატუსის ავტონომიის მინიჭებით. როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, შემდეგ იყო 90-იანი წლების კონფლიქტის პროვოცირება და ეთნიკური წმენდა, ამას კი მოჰყვა 2008 წლის სამხედრო ოკუპაცია.

"დღეს უკვე რუსეთი ცდილობს სამართლებრივი ანექსიის გზით საბოლოოდ გაიფორმოს საქართველოს ძირძველი ნაწილები.

დღეს ხელმოსაწერ დოკუმენტს არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი და იურიდიული ძალა, მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველოს მხრიდან აუცილებელია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რომლითაც ჩვენ დავუპირისპირდებით დღეს მიმდინარე ანექსიის პროცესს. სამწუხაროდ, მიუხედავად ძალიან მკაფიო და ნათელი საფრთხისა, ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ პრაქტიკულად არაფერი არ გააკეთა და მოუმზადებელი შეხვდა დღევანდელ დღეს. ამიტომ ჩვენ აუცილებლად მიგვაჩნია უახლესი დღეების განმავლობაში გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, რომლითაც დავუპირისპირდებით რუსეთის ანექსიას. ამ ნაბიჯებს შორის გახლავთ ჩვენს მიერ პარლამენტში ინიცირებული რეზოლუციის პროექტი, რომელშიც გაწერილია კონკრეტული ნაბიჯები და პოლიტიკა ანექსიის საწინააღმდეგოდ", - განაცხადა ბაქრაძემ.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა ჩამოთვალა ამ რეზოლუციის 3 ძირითადი ელემენტი.

"პირველი, დაუყოვნებლივ მიუერთდეს საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს და იმუშავოს იმაზე, რომ ამ სანქციების მიზეზებს შორის მოხვდეს საქართველოს ანექსია, ვინაიდან დღეს არაბუნებრივია ჩვენ მოვთხოვოთ დასავლეთს მხარდაჭერა მაში, როდესაც ჩვენ თვითონ არ ვუჭერთ მხარს დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. მეორე, დაუყოვნებლივ მოვითხოვოთ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა, სადაც განხილული იქნება ანექსის საკითხი, ასევე ავამოქმედოთ ბერკეტები ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში, ასევე მომზადდეს სარჩელები საერთაშორისო სასამართლოებში. მესამე, გაუქმდეს ან გაიყინოს დროში განუსაზღვრელი ვადით ე.წ. აბაშიძე-კარასინის ფორმატი, ვინაიდან დღეს რუსეთთან ჩვეულებრივ რეჟიმში ურთიერთობის გაგრძელება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ თვითონ ვეგუებით და არაფრად ვაგდებთ აფხაზეთის ანექსიას", - განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" ელის პარლამენტისგან, რომ მიმდინარე კვირის პლენარულ სხდომაზე მიიღებენ აღნიშნულ რეზოლუციას.