გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენ აუცილებლად უნდა ავიმაღლოთ ხმა რუსეთსა და აფხაზეთს შორის გასაფორმებელი ე.წ. ხელშეკრულების თაობაზე

გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენ აუცილებლად უნდა ავიმაღლოთ ხმა რუსეთსა და აფხაზეთს შორის გასაფორმებელი ე.წ. ხელშეკრულების თაობაზე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვიცე პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ჩვენ აუცილებლად უნდა ავიმაღლოთ ხმა რუსეთსა და აფხაზეთს შორის გასაფორმებელი ე.წ. ხელშეკრულების თაობაზე. 

როგორც კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, უკიდურესად უარყოფითად აფასებს რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის თაობაზე ე.წ. ხელშეკრულების გაფორმებას, რომელიც დღეისთვის სოჭში არის დაგეგმილი. 

"ამ მიმართულებით უკვე მიმდინარეობს ძალიან სერიოზული საერთაშორისო კამპანია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა ძალიან მწვავე განცხადება. ჩვენ აუცილებლად უნდა ავიმაღლოთ ხმა და მივაწვდინოთ ხმა ჩვენს მეგობრებს, ჩვენს პარტნიორებს იმის თაობაზე, რომ მოხდეს საერთაშორისო აზრის კონსოლიდაცია ამ კონკრეტული, მართლაცდა სამწუხარო ფაქტის თაობაზე. ეს არის ანექსიისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი, აბსოლუტურად მიუღებელი საერთაშორისო კანონმდებლობის თვალსაზრისით და ჩვენთვის ძალიან უარყოფითი აქტი, ვინაიდან მთლიანად ალოგიკურია, ამოვარდნილია ყველანაირი კონტექსტიდან, თუნდაც იმ ფონზე, რა ფონზეც ჩვენ გვაქვს დღეს რაღაცა პოზიტივები ვაჭრობაში და ტურიზმის მიმართულებით", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 
მისივე თქმით, ეს ნაბიჯი არის აბსოლუტურად ალოგიკური და საქართველოს მთავრობის მოსაზრება ამასთან დაკავშირებით უკიდურესად უარყოფითია.