ჯოშუა კუცერა,“Eurasianet”
სად მოხდება ომი ყველაზე დიდი ალბათობით 2012 წელს? საქართველოს და რუსეთს შორის? სომხეთს და აზერბაიჯანს შორის? ტაჯიკეთს და უზბეკეთს შორის (ან თავად ტაჯკეთში)? კათოლიკურ შობასა და ახალ წელს შორის ახალი ამებების სიმწირეა, ამიტომ ანალიტიკოსებმა და სტრატეგებმა 2012 წლის პროგნოზების შემოთავაზება დაიწყეს. ბევრი მათგანი არ გამორიცხავს კონფლიქტების წარმოქმნის შესძლებლობას კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.
საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის ექსპერტმა, ლუიზა არბორმა, რომელიც გამოცემა Foreign Policy-სთვის წერს, თავის „მომავალი წლის ომების“ სიაში, სხვებთან ერთად ცენტრალური აზიაც ჩართო:
„მაგალითად, ტაჯიკეთში მწვავდება უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სიტუაცია, რაც იქმნება როგორც შიდა, ასევე გარე მადესტაბილიზებელი ელემენტებისგან, რომელსაც ქვეყანა ფაქტიურად ვერ უმკლავდება. სხვა პრობლემებთან ერთად, ამ ქვეყნის ურთიერთობა მეზობელ უზბეკეთთან დღეს რეკორდულად დაბალ ზღვარზეა: წყლის რესურსებთან დაკავშირებული ძველი კონფლიქტის გადაწყვეტაში არანაირი წინსვლა არ არის, პერიოდული სასაზღვრო ინციდენტები კი, რომელიც მსხვერპლით სრულდება, უფრო სერიოზულ ძალადობაში გადაზრდის საფრთხეს ქმნის“.
ექსპერტი ახსენებს ასევე აშშ-უზბეკეთის მჭიდრო ურთიერთობებს (თუმცა, გაურკვეველია, როგორ შეიძლება ამან გამოიწვიოს შეიარაღებული კონფლიქტი 2012 წელს), ასევე განხეთქილებას რეგიონებს შორის ყირგიზეთში.
ვებ-პორტალ Caspian Intelligence-ზე ალექს ჯექსონი თავის ბლოგში 2012 წლისთვის ფრთხილ ვარაუდებს გამოთქვამს კავკასიასთან მიმართებაში. მისი აზრით, მომავალ წელს საქართველოში დაგეგმილი არჩევნების გამო, ამ ქვეყანაში ძალადობის რიკსი მაღალია:
„არჩევნებისთვის მზადებამ, შეიძლება პროვოცირება გაუკეთოს ახალ საიდუმლო შეთქმულებებს და აფეთქებებს, რომლის ტალღაც ომის შემდეგ საქართველოს პერიოდულად გადაუვლის ხოლმე. მთავრობა ამტკიცებს, რომ ორგანიზატორი რუსეთია, რომელიც ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობს (რასაც საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ახალი კონცეფციითაც ადასტურებს). ოპოზიცია კი აცხადებს, რომ ეს ყალბი კამპანიაა, რომლის მიზანიც მოსახლეობის იძულებაა იმისკენ, რომ მან ხმა მმართველ პარტიას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მისცეს. სიმართლე, როგორც ჩანს სადღაც შუაშია. ყველა შემთხვევაში 2012 წელს შეიძლება მსგავსი მოვლენების რაოდენობამ იმატოს“.
ჯექსონის აზრით დაძაბული სიტუაცია შენარჩუნდება მთიან ყარაბახშიც, მაგრამ ესკალაცია არ მოხდება:
„ყარაბახში დაპირისპირებული მხარეების შეხების ხაზზე კვლავ მძიმე სურათი დარჩება: სროლები და მსხვერპლი სნაიპერების ცეცხლის შედეგად. სომხეთიც და აზერბაიჯანიც ამ ხაზზე დღეს უპილოტო თვითმფრინავებს იყენებენ, ასე რომ მოსალოდნელია, რომ კონფლიქტი ახალი, საავიაციო მიმართულებით შეიცვლება (პირველი ნიშნები უკვე ვნახეთ). იარაღის ჟღარუნი, სამხედრო წრთვნები და სამხედრო ბიუჯეტების ზრდა – ეს ყველაფერი გაგრძელდება, მაგრამ ახალი სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები სავარაუდოდ მოსალოდნელი არ არის“.
ცნობები, რომელიც რეგიონიდან მოდის იმის ვარაუდის საფუძველს იძლევა, რომ სამხედრო მოქმედებებისთვის მზადება სინამდვილეში დაწყებულია. როგორც „ნეზავისიამაია გაზეტა“-ში სერგეი კონოვალოვი წერს, რუსეთი, ემზადება რა ირანის წინააღმდეგ აშშ/ისრაელის შესაძლო ომისთვის, სომხეთში პოზიციებს განიმტკიცებს. ეს კი მოსკოვისთვის, სომხეთში რუსეთის სამხედრო ტვირთებისთვის საქართველოს მიერ დაწესებული ემბარგოს „გარღვევის“ აუცილებლობას ნიშნავს. სტატია სავსეა დეტალების აღწერით და რუსეთის თავდაცვის უწყების წყაროებს ეყრდნობა, თუმცა მაინც საკმაოდ არარეალურად გამოიყურება:
„ამ წლის აპრილში საქართველომ შეწყვიტა იმ შეთანხმების მოქმედება, რომლითაც რუსეთი სომხეთში სამხედრო ტვირთის ტრანზიტს ახდენდა. ფაქტობრივად რუსულ-სომხური დაჯგუფება სამხრეთ კავკასიაში უკვე იზოლირებულია. რუსეთის არმიის მომარაგება (საწვავით, სურსათით და სხვ) მხოლოდ საჰაერო და სომხეთთან პირდაპირი შეთანხმებების გზით ხორციელდება, სომხეთთან, რომელიც თავის მხრივ მსგავს პროდუქციას (საწვავს, დიზელის საწვავს, ნავთს) ირანში ყიდულობს. ომი ირანში იმას ნიშნავს, რომ ამ არხით ბაზის მომარაგება შეწყდება.
გენერალ-ლეიტენანტ იური ნეტკაჩოვს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ამიერკავკასიაში რუსეთის არმიის დანაყოფის მეთაურის მოადგილე იყო და პირდად იმით იყო დაკავებული, რომ მათ ტყვიაწამლით და შეიარაღებით (მათ შორის 102-ე ბაზასაც) ამარაგებდა, მიაჩნია, რომ ირანის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემთხვევაში რუსეთი დაიწყებს საქართველოს გავლით სამხედრო ობიექტის მომარაგების სანდო გზის მოძიებას. „შეიძლება აუცილებელი გახდეს ქართული სატრანსპორტო ბლოკადის გარღვევა და სომხეთისკენ მიმავალი სატრანსპორტო დერეფნების სამხედრო საშუალებებით უზრუნველყოფა“, – მიაჩნია სამხედრო ექსპერტს“.
კასპიის მეორე მხარეს კი, საინფორმაციო სააგენტო „აზია-პლიუსი“-ს ინფორმაციით, უზბეკეთი ტაჯიკეთთან საზღვარზე სამხედრო ძალას ზრდის:
„სოგდიის რაიონის მცხოვრებლები შეშფოთებულები არიან უზბეკეთის მხრიდან ტაჯიკეთის და უზბეკეთის საზღვარზე დიდი ოდენობით მძიმე სამხედრო ტექნიკის თავმოყრით.
როგორც „აზია-პლუსს“ ტელეფონით რაიონის ერთ-ერთმა მცხოვრებმა აცნობა, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა, ტაჯიკეთ-უზბეკეთის საზღვრის ისტარავშანის მიმართულებით, უზბეკეთის მხრიდან მძიმე ტექნიკის, ძირითადად ტანკების მობილიზება ხდება.
ადგილობრივი მცხოვრებლები სიტუაციით შეშფოთებულები არიან. „ადრე აქ მსგავსი რამ არ მომხდარა, ახლა კი უზბეკეთთან მთელი ამ ურთიერთობების ფონზე, ჩვენ ძალიან ვღელავთ“ – განაცხადა სატელეფონო საუბარში ანონიმურმა წყარომ.
ის, რომ უზბეკეთი ტაჯიკეთის საზღვართან მძიმე ტექნიკის (ტანკები და არტილერია) მობილიზებას ახდენს, „აზია-პლუსს“ ერთ-ერთ სამხედრო უწყებაშიც დაუდასტურეს. „ტექნიკის მობილიზება ჯერ კიდევ ერთი თვის წინ მოხდა, მალევე მას შემდეგ, რაც ტაჯიკეთ-უზბეკეთის საზღვარზე, ისტარავშანის მიმართულებით, ამ ორი ქვეყნის მესაზღვრეებს შორის სამხედრო შეტაკება მოხდა. მაშინ, სროლების დროს უზბეკი მესაზღვრე დაიღუპა“, – აღნიშნა წყარომ.
ხოლო, გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ში სამხედრო ექსპერტმა, სტრატეგიისა და ტექნოლოგიების ანალიზის ცენტრის დირექტორის მოადგილემ და ჟურნალ Moscow Defence Brief-ის მთავარმა რედაქტორმა მიხეილ ბარაბანოვმა დაგმო რუსეთის სამხედრო ძალების გენერალური შტაბის უფროსის ნიკოლოზ მაკაროვის ახლახანს გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ ბოლო დროს რუსეთის სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობის შანსები იზრდება:
„ამის მიზეზი შეიძლება გახდეს დიდი დასავლური სახელმწიფოების (პირველ რიგში აშშ-ს) ჩარევა ყოფილი სსრკ-ს ტერიტორიაზე არსებულ კონფლიქტებში. რესპუბლიკები, რომლებიც შედიან კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების ორგანიზაციაში, ცალსახად ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ეროვნული ინტერესების ზონად რჩებიან. თუკი აშშ და ნატოს სხვა ქვეყნები ამ ზონაში ცხვირს შემოყოფენ, ამან შესაძლოა შექმნას წინაპირობები დასავლეთის სახელმწიფოებისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების პირდაპირი შეტაკებისთვის; ბირთვული იარაღის გამოყენების გარდაუვალი რისკით“.
ესეც ასე! იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ასეთი შესაძლებლობა ძალიან მცირეა. ყველაფერი ზემოთჩამოთვლილისა და ყურადღების ცენტრში მოხვედრის იაფფასიანი მცდელობების, ასევე დამთვალიერებელთა რიცხვის გაზრდის სურვილით, გთავაზობთ EurasiaNet-ის ბლოგის “The Bug Pit”-ის ოფიციალურ სიას იმისა, თუ სად არის ყველაზე მეტად მოსალოდნელი კონფლიქტები 2012 წელს:
1. სომხეთ-აზერბაიჯანის ომი მთიანი ყარაბახის ირგვლივ. ეს ის ადგილია, სადაც მომდევნო ათი წლის განმავლობაში ომის გაჩაღების დიდი ალბათობაა. და მართალია, ამ მომენტისთვის აზერბაიჯანის შეტევაზე გადასვლის მზადყოფნა ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა რაიმე არასწორი გათვლის ან პროვოკაციის შესაძლებლობა ყოველთვის რჩება.
2. სამოქალაქო ომი ტაჯიკეთში. შარშანდელი ზამთრის მოვლენების შემდეგ სიტუაცია, თითქოს უფრო სტაბილური გახდა, მაგრამ მისი გამომწვევი მიზეზები (ადგილობრივი ლიდერების უკმაყოფილება, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ცენტრალური მთავრობა არღვევს შეთანხმების პირობებს, რომელიც 1990-იანი წლების სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ იქნა მიღწეული) ძველებურად შენარჩუნებულია. ხოლო ტაჯიკეთს ფაქტობრივად არ აქვს საკუთარი ხელისუფლების საფრთხესთან დაპირისპირების შესაძლებლობა. და მართალია ძალადობის განახლება დიდად არავის გაუკვირდება, თუმცა იმის ალბათობა, რომ ის სრულმასშტაბიან სამხედრო მოქმედებებში გადაიზრდება, ძველებურად მცირეა.
3. უზბეკეთის პროვოკაცია ტაჯიკეთის ან ყირგიზეთის წინააღმდეგ. უზბეკეთს და მის მეზობლებს შორის სამხრეთის და აღმოსავლეთის საზღვრებზე ხშირად სხვადასხვა ტიპის შეტაკებები და დავებია, და უზბეკეთმა შეიძლება კუნთები აათამაშოს, თუკი მასზე ბევრად სუსტი მეზობლები ისეთ ნაბიჯებს გადადგამენ, რაც ტაშკენტს არ მოეწონება.
დამატებითი შესაძლებლობები: სამხედრო მოქმედებები საქართველოს/სამხრეთ ოსეთის/აფხაზეთის/რუსეთის მონაწილეობით, სამოქალაქო ომი ყირგიზეთში, სამხედრო-საზღვაო კონფლიქტი კასპიის ნავთობისა და აირის რესურსებისთვის, შეიარაღებული დაპირისპირება ირანს და აზერბაიჯანს შორის, ისლამისტების გააქტიურება უზბეკეთში, ირანისთვის დარტყმის მიყენება გაუთვალისწინებელი შედეგებით კავკასიაში.
აღსანიშნავია, რომ ამ სცენარებიდან რეალური ფაქტობრივად არცერთი არ არის. ყველაზე რეალური კონფლიქტიც კი, კერძოდ მთიანი ყარაბახის, მომავალ წელს, შეიძლება მაქსიმუმ 5%-ის ალბათობით გაჩაღდეს. რაც შეეხება დანარჩენებს, ალბათობა იქ 1%-ზე ნაკლებია. მაგრამ ვინ იტყოდა ერთი წლის წინ, რომ ყველა იმ მოვლენას ექნებოდა ადგილი, რომლის მოწმენიც გავხდით 2011 წელს? მაგრამ თუკი 2012 წელს კონფლიქტი მაინც გაჩაღდება, ძალიან გამიკვირდება, თუკი რომელიმე მათგანი აღნიშნული სიიდან იქნება.
განახლება: ეს სტატია უკვე დაწერილი იყო, როდესაც ჯექსონმა თურქმენეთთან დაკავშირებული თავისი პროგნოზი გამოაქვეყნა:
„დღეს ყველას აინტერესებს, გააჩაღებს თუ არა მოსკოვი ომს ტრანსკასპიური მილსადენის მშენებლობის დასაბლოკად. ეს თითქოს ნაკლებსავარაუდოა: მუქარების მიზანი, როგორც ჩანს, პოტენციური ინვესტორების დაშინება, ასევე ტაჯიკეთის და აზერბაიჯანის გადარწმუნებაა. მშენებლობის გეგმების შემდგომი რელიზაციის შემთხვევაში, შესაძლოა, რუსეთმა ახალი სადამსჯელო ზომები მიიღოს, მაგალითად შავ სიაში შეიყვანოს პროექტის მუშაობაში მონაწილე კომპანიები, სავაჭრო ურთიერთობა გაწყვიტოს ბაქოსთან და აშხაბადთან და ამ ქვეყნებიდან მიგრანტი მუშახელის დევნა დაიწყოს“.
foreignpress.ge
1216
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85