საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა 2011 წელი შეაჯამა და სასურველი ციფრები რომ წარმოედგინა, სიტვებით მანიპულაციის გზას დაადგა. პირდაპირი ინვესტიციებზე მსჯელობისას გილაური 150 მილიონის ფარგლებში მანიპულირებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის განცხადებით, მთავრობის მთავარ გამოწვევად უმუშევრობა რჩება. როგორც მან წლის შემაჯამებელ შეხვედრაზე აღნიშნა, მთავრობის 10-პუნქტიანი გეგმა სწორედ ამ პრობლემის გადაჭრას ემსახურება. მასში ის კონკრეტული ნაბიჯებია გაწერილი, რაც აღმასრულებელმა ხელისუფლებამ მომდევნო 4 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით უნდა გადადგას. გილაური დასაქმების ადგილების შექმნას განსაკუთრებით, ტურიზმის, ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში ელის.
პრემიერ-მინისტრი აქვე ხაზს უსვამს, რომ 2011 წელი პირველი წელი იყო, როცა უმუშევრობის მაჩვენებელი შემცირდა. კერძოდ, ის 16,5-პროცენტიანი ნიშნულიდან 15,7 პროცენტს გაუტოლდა. გილაური ვარაუდობს, რომ აღნიშნული მაჩვენებელი, შესაძლოა, კიდევ უფრო შემცირდეს.
უმუშევრობის მაჩვენებელი შემცირდება მაშინ, როდესაც ეკონომიკური რეალურად გამოცოცხლდება და ბიზნესი გააქტიურდება. ეს კი უშუალოდ არის დამოკიდებული ინვესტიციებზე. ამ მხრივ კი ბოლო წლები სავალალო შედეგებით სრულდება. 2009 წლიდან მოყოლებული მთავრობის საინვეტიციო გეგმა მიახლოებითაც კი ვერ სრულდება. თუმცა, ხელისუფლების მსხვილფეხა ჩინოვნიკები სიტყვით ბოლო დღემდე ერთმილიარდიან საინვესტიციო თამასასთან “ტრიალებენ”.
ტრადიცია არც ამჯერად დარღვეულა. მიუხედევად იმისა, რომ მომავალ წლამდე სულ ერთი დღეა დარჩენილი, ნიკა გილაური ჯიუტად ელის საქართველოში დაახლოებით 1 მლრდ აშშ დოლარამდე პირდაპირი ინვესტიციის შემოსვლას.
პრემიერის თქმით, პირველი სამი კვარტლის წინასწარი მონაცემებით, ქვეყანაში 640 აშშ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა და დაზუსტებული მონაცემებით, ეს ციფრი სავარაუდოდ, 740-780 მლნ აშშ დოლარის ფარგლებში იქნება. “რაც შეეხება მიმდინარე წლის პირდაპირი ინვესტიციების ჯამურ მოცულობას, ვფიქრობთ, ეს მაჩვენებელი 1 მლრდ აშშ დოლარამდე იქნება”, - აღნიშნა გილაურმა.
აშკარაა, რომ პრემიერი სიტყვებით მანიპულირებს. პირდაპირი ინვესტიციების მაჩვენებელი ყოველთვის იკრიბება და საჯაროდ ქვეყნდება ე.წ. ჯამური მაჩვენებელი; ანუ გილაურის მიერ დასახელებული 640 მლნ დოლარი (3 კვარტლის მონაცემები) უკვე არის “ჯამური მაჩენებელი” და მას ბევრი არაფერი მიემატება (მით უმეტეს 150 მილიონი დოლარი). ასე რომ, ინვესტიციების მოცულობა 1 მილიარდამდე ვერაფრით გაიზრდება, გილაურმა რა მეთოდებიც არ უნდა მოიშველიოს.
კარგა ხანია გარკვეულია, რომ მთავრობის საინვესტიციო ოცნებებს ასრულება არც წლეულს უწერია. ჯერ კიდევ დაუთვლელ მეოთხე კვარტალში იმისათვის, რომ 1 მილიარდ უცხოურ ინვესტიციას მოვუყაროთ თავი, 357 მილიონი დოლარის კაპიტალდაბანდება უნდა შემოსულიყო. ეს კი, ექსპერტების აზრით, პრაქტიკულად, შეუძლებელია.
რაც შეეხება 3 კვარტლის წინასწარ მონაცემებს, ასე გამოიყურება: პირველ კვატრალში შემოვიდა 174 მილიონი დოლარი, მეორე კვარტალში - 203 მილიონი, მესამე კვარტალში კი 266 მილიონი დოლარი, საერთო ჯამში სულ ქვეყანაში ჯერჯერობით მხოლოდ 643 მილიონი დოლარის უცხოური ინვესტიცია განხორციელდა.
რაც შეეხება მეოთხე კვარტალს, ანუ მთელი წლის მონაცემებს, “საქსტატი” მას 2012 წლის მარტში გამოაქვეყნებს, თუმცა როგორც ექსპერტები პროგნოზირებენ, ეს მონაცემი მთავრობის მოლოდინს ისევ ვერ გაამართლებს და ქვეყანაში 1 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ვერ შემოვა.
რეალობასთან უფრო მიახლოებული საერთაშორისო ფონდების მიერ გაკეთებული პროგნოზია. როგორც ცნობილია, ევრობანკის გათვლებით, წლეულს საქართველოში 750 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია შემოვა, სავალუტო ფონდი კი 800-850 მილიონის კაპიტალდაბანდებას ვარაუდობს.
729
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85