ნაციონალები შიზოფრენიამ და პანიკამ ერთდროულად მოიცვა

ნაციონალები შიზოფრენიამ და პანიკამ ერთდროულად მოიცვა

პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ დაპანიკებული ხელისუფლება  ოპოზიციას გამუდმებით ახალ-ახალ შეზღუდვას უწესებს. არც გუშინდელი დღე გახლდათ გამონაკლისი, როცა პარლამენტმა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ შემზღუდავი კანონი დაამტკიცა. კანონის თანახმად, პოლიტიკურ პარტიებს ბიძინა ივანიშვილისგან მიღებული ფულ უკან დაბრუნებას აიძულებენ. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების“ შესახებ კანონის მიხედვით, ივანიშვილის პოლიტიკურ პარტნიორებს იმ თანხას ჩამოართმევენ, რაც ბოლო ორი თვის განმავლობაში იურიდიული პირებისგან ჩაერიცხათ.

თუ განსაზღვრულ სუბიექტებს ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის აღნიშნული თანხები არ დაუხარჯავთ, ისინი ვალდებულნი არიან, კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს სამი კალენდარული დღის ვადაში დაუბრუნონ თანხის მიმცემს. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, თანხა მიიქცევა სახელმწიფო საკუთრებაში. კანონმა თვით ედპ-ელებიც გააოგნა და დეპუტატმა გურამ ჩახვაძემ მართლაც მისთვის უპრეცედენტო რამ ჩაიდინა და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების“ შესახებ მიღებულ კანონს არადემოკრატიულობისა და ბუნდოვანების გამო მხარი არ დაუჭირა.

ცვლილებების თანახმად, ახლებურად რეგულირდება პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხი – იურიდიულ პირებს პოლიტიკური პარტიის დაფინანსება აეკრძალება, ხოლო ფიზიკურ პირს წელიწადში, საერთო ჯამში, მაქსიმუმ 60 ათასი ლარის მიცემის უფლება ექნება. მხოლოდ ბანკებს შეეძლებათ პარტიებისთვის სესხის გაცემა 100 ათასი ლარის ლიმიტის ფარგლებში. პარტიის წევრის მიერ საწევროს სახით გადახდილი თანხა წელიწადში 1200 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. ამასთან, პარტიებსა და იურიდიულ პირებს აეკრძალებათ ფულის, საჩუქრებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების ამომრჩევლებისთვის გადაცემა. კერძოდ, პოლიტიკურ პარტიებს დღესასწაულებზე შეეძლებათ საჩუქრების დარიგება 2000 ლარის ფარგლებში, მაგრამ ერთი წლის განმავლობაში დარიგებული საჩუქრების ფასმა მთლიანად 60 ათას ლარს არ უნდა გადააჭარბოს.

ამ კანონის ამოქმედებას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ხელისუფლების მხრიდან ძალაუფლების დაკარგვის გარდაუვალი შიშით ხსნიან.   ისინი აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ ძალიან კარგად შეარჩია საშობაო არდადეგების პერიოდი, რადგან ამ დროს, როგორც წესი, დიპლომატები თავიანთ ქვეყნებში მიემგზავრებიან და საქართველოსთვის არ სცალიათ. პარლამენტის მიერ ახალი კანონის მიღების შემდეგ Presage.tv სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების რეაქციით დაინტერესდა.

„ხალხის პარტიის“ ლიდერი კობა დავითაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნულ  კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს, რადგან კანონი უშუალოდ მიმართულია „ქართული ოცნების“ და კოალიციაში შემავალი პარტნიორების წინააღმდეგ. 

შეკითხვაზე, აპირებს თუ არა სამდღიან ვადაში მიღებული თანხის დაბრუნებას, კობა დავითაშვილმა გვიპასუხა: „ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში“. ამასთან, დავითაშვილი არ გამორიცხავს, რომ ახალმა კანონმა მეტი რადიკალიზმისკენ უბიძგოს პოლიტიკურ პარტიებს.

„ბუნებრივია, პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც არჩევნებზე არიან ორიენტირებულნი, ხელისუფლება პირდაპირ ეუბნება, თქვენ არ მოგცემთ ხელისუფლებასთან თანაბარი კონკურენციის საშუალებას. იმ ხელისუფლებასთან, რომელსაც მთელი საბიუჯეტო რესურსი აქვს“, – აღნიშნა კობა დავითაშვილმა.

 მისი თქმით, ვენეციის კომისიის დასკვნა ამ კანონის ამოქმედებას სრულებით არ ითვალისწინებდა.

„ეს კანონი ბოლოს შემოადგეს და ვენეციის კომისიის არანაირი ექსპერტიზა ამ დებულებას არ გაუვლია. ჩვენ მოველით საერთაშორისო საზოგადოების რეაქციას, რადგან ქვეყანაში დაუფარავი დიქტატურის დამყარების მცდელობაა. ხელისუფლება უკვე აღარ მალავს, რომ არ დაუშვებს სამართლიანი არჩევნების ჩატარებას და ოპოზიციაში მყოფი პარტიებისთვის კონკურენტულ პირობებს“, – აღნიშნა კობა დავითაშვილმა.

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერს, თინა ხიდაშელს, უჭირს იმის განმარტება, თუ რატომ გადაწყვტა ხელისუფლებამ ამ ნაბიჯის გადადგმა.

„არ ვიცი, ადამიანები შიზოფრენიით რატომ ავადდებიან, ამაზე პასუხი ხომ არ არსებობს?! იგივე მდგომარეობაა, ეს არის კანონი დიდი შიშის შესახებ ბიძინა ივანიშვილის მიმართ. გასაგებია, რომ სააკაშვილს ეშინია, ისე ეშინია, რომ უკვე აღარაფერს ყურადღებას არ აქცევს. არც იმას, მთელი მსოფლიო გაოგნებული რომ დარჩება, როცა ამ ყველაფერს გაიგებენ, რადგან მას ყველაზე მეტად ახლა გარდაუვალი ძალაუფლების დაკარგვის ეშინია,“ – გვითხრა თინა ხიდაშელმა.

მისი თქმით, ოპოზიციური სპექტრი ამის შესახებ დიპლომატებს აუცილებლად შეატყობინებს, მაგრამ სამწუხაროა, რომ, პრაქტიკულად, არცერთი მათგანი საქართველოში არ იმყოფება.

„ამ მხრივაც კარგად აქვთ დრო შერჩეული. სააკაშვილი ძალიან ცუდად ეთამაშება არა მარტო პოლიტიკურ პარტიებს, არამედ – ყველას, ვინც განსხვავებულად აზროვნებს, რადგან ამ კანონში შავით თეთრზე წერია, რომ მისი მოქმედება ვრცელდება მათზეც, ვინც მოუწოდებს საზოგადოებას, თავი შეიკავოს რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერისგან. ეს მომენტი არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან, რადგან ეს ჟურნალისტებსაც ეხებათ, არასამთავრობო ორგანიზაციებსაც, ყველას, ვინც აკეთებს პოლიტიკური ძალის მხარდაჭერის ან მის საწინააღმდეგო განცხადებებს“, – აცხადებს თინა ხიდაშელი.

რაც შეეხება ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური პარტიებისთვის თანხების დასაბრუნებლად მიცემულ შემზღუდავ დროს –სამდღიან ვადას, თინა ხიდაშელს ამაზე პასუხის გაცემა უჭირს: „არ ვიცი, ამის შესახებ განცხადება ოფიციალურად გაკეთდება. ახლა არ შემიძლია ამაზე გიპასუხოთ“.

„თავისუფალი დემოკრატების“ პოლიტიკური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი   აცხადებს, რომ პარლამენტის მიერ მიღებული ახალი ცვლილებები და ის ფორმა, როგორც ეს განხორციელდა, ყოველგვარ კონსტიტუციურ ჩარჩოს სცდება.

„ერთმნიშვნელოვნად, ეს სახელისუფლო ექსტრემიზმის, ყაჩაღობის მორიგი გამოვლინებაა უკვე საკანონმდებლო სივრცეში. ესაა ლოგიკური ჯაჭვის ნაწილი, რომელიც ხელისუფლებამ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენისთანავე განახორციელა. გახსოვთ, მოქალაქეობის ჩამორთმევა, საინკასაციო მანქანაზე თავდასხმა, თანამოაზრეების დევნა, ქველმოქმედების შეზღუდვა და ა.შ. ეს არის პირდაპირი შეტევა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე, ხელისუფლებამ რეალურად მოახდინა ავტორიტარული მართვის სტილის კიდევ ერთი აშკარა დემონსტრირება, უგულებელყო საერთაშორისო აზრი, ჩვენი პარტნიორების რჩევები საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე,“ – აცხადებს ალექსი პეტრიაშვილი.

მისი აზრით, ხელისუფლების ყველა ეს მოქმედება თვითგადარჩენის ინსტიქტითაა  ნაკარნახევი და გადაწყვეტილება შიშითაა მიღებული.

„საერთაშორისო პარტნიორებსა და მეგობრებთან მჭიდრო კავშირი გვაქვს, რომლებიც აღნიშნავენ, რომ ყველა დემოკრატიულ და კონსტიტუციის პატივისმცემელ ქვეყანასა და საზოგადოებაში ასეთ ნაბიჯებს აუცილებლად გააპროტესტებდნენ და ამას არ მიიღებდა არცერთი ქვეყნის დემოკრატიაზე მზრუნველი ხელისუფლება. აუცილებლად მივიღებთ ზომებს, რათა სამართლებრივ სიბრტყეში დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე და ამ ქმედებების უკანონობა. ნახავთ, რა იქნება, ეს არ იქნება ერთადერთი ჟესტი, რასაც გამოვიყენებთ“, – აცხადებს პეტრიაშვილი.

მისი თქმით, ხელისუფლებამ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს მოქმედების ისედაც შეზღუდული არეალი შეუვიწროვა.

„ფული მნიშვნელოვანია, მაგრამ არ არის გადამწყვეტი. როდესაც 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებში ირაკლი ალასანია მერობისთვის კენჭს იყრიდა, ჩვენი კამპანიისთვის დახარჯულმა თანხამ შეადგინა 134 ათასი ლარი, მაშინ, როდესაც ხელისუფლებამ 14 მილიონი ლარი დახარჯა. ამ მიზერული თანხის პირობებშიც კი  20 %-ის აღება მოვახერხეთ. გარწმუნებთ, დღეს უფრო მეტი დროა  ცვლილებებისთვის და ამას ვერაფერი გააჩერებს. ამ აგონიურ ქმედებას საერთაშორისო თანამეგობრობის მძაფრი რეაქცია მოჰყვება“, – აღნიშნა ალექსი პეტრიაშვილმა.

 „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე აცხადებს, რომ  ხელისუფლება ცდილობს, წარმოაჩინოს, თითქოს ეს ცვლილება ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა. სინამდვილეში, ეს შერჩევითი დამოკიდებულებაა.

„აღნიშნული კანონი ყველა ოპოზიციურ პარტიას შეეხება. ამ ბუნდოვან და ხიფათიან ჩანაწერებს, როგორც მინიმუმ, ის მაინც უნდა ჩამოშორდეს, რომ თითქოს იგი საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციითაა გაკეთებული. თორემ ამით ხელისუფლება ხშირად მანიპულირებს. ყველა ოპოზიციურ პარტიას ამ ხელისუფლებასთან ურთიერთობის გამოცდილება მეტ-ნაკლებად გვაქვს, ამიტომ ალტერნატივის საფუძველზე მიდგომა უნდა ჩამოყალიბდეს. როცა რაიმე არ მოგვწონს და ვერ ვასაბუთებთ, ხელისუფლება უფრო თამამად დგას საკუთარ პოზიციაზე. ამიტომ ამ ხელისუფლებისთვის ანგარიშგასაწევია ქართული ოპოზიციაც, არასამთავრობო სპექტრიც, მაგრამ ყველაზე მეტად, უფრო მომძლავრებულად ანგარიშს უწევენ საერთაშორისო ფაქტორს. ამიტომ ამ მხრივ ძალისხმევა არ უნდა დავაკლოთ“, – მიიჩნევს მამუკა კაციტაძე.