"მიხეილ დიდის"კანონი ივანიშვილის და მისი პოლიტიკური პარტნიორებისთვის

რეალურად ეს არის სახელწოდება იმ კანონპროექტების, რომელიც 1 იანვრიდან უკვე კანონად იქცევა და ივანიშვილს, თავის პარტნიორებთან ერთად, ყველაფერი აეკრძალება. ხელისუფლება ამას აღარც მალავს და უკვე პირდაპირი განცხადებები კეთდება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ივანიშვილმა სხვებზე მეტი უპირატესობა არ მოიპოვოს.

გასაგებია, რომ ხელისუფლება რეალურად მხოლოდ საკუთარი თავისთვის ზრუნავს და სულაც არ ადარდებთ სხვა პარტიები, რომელთა სახელსაც ასე ხშირად იშველიებენ სამართლიანობის დემონსტრირებისთვის. ხელისუფლება იმდენად არის მიჩვეული პრივილეგირებულ მდგომარეობაში ყოფნას, რომ ახლა მთელი სახელმწიფო მანქანა, რაიმე ფორმით, ამ მდგომარეობის შენარჩუნებაზეა გადასული. 

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში ჩატარებული სამი არჩევნების დროს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არჩევნებში მონაწილე სუბიექტებისთვის არათანაბარი პირობები იყო. ხელისუფლება, რომელიც სხვადასხვა სოციალური პროგრამების განხორციელებით ისედაც პრივილეგირებულ მდგომარეობაში იყო, დამატებითი დაფინანსება მისდიოდა ბიზნესიდან, რასაც არჩევნებში მონაწილე პარტიების მიერ არჩევნების შემდეგ გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშებიც ადასტურებს. რეალურად ყველა პარტია ერთად ვერ ახერხებდა იმდენის დახარჯვას, რასაც ხარჯავდა სახელისუფლებო პარტია.

მას შემდეგ კი, რაც პოლიტიკაში მოსვლის სურვილი ივანიშვილმა გამოთქვა, გაჩნდა მოლოდინი, რომ ხელისუფლებისთვის რეალური კონკურენციის გაწევას შეძლებდა. თუმცა, პრეზიდენტმა მას მოქალაქეობა ძალიან მალე ჩამოართვა და ამით პოლიტიკაში მონაწილეობისა და დაფინანსების უფლება წაართვა.

ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, რომელიც მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის ამ აკრძალვების გაუქმებას და საარჩევნო პროცესში ჩართვის საშუალების მიცემას ითვალისწინებდა.  

ამის მიუხედავად, ივანიშვილს პარტიების იურიდიული პირების მეშვეობით დაფინანსების საშუალება რჩებოდა. თუმცა, გამოსავალი ხელისუფლებამ იმაში იპოვა, რომ  2012 წლის 1 იანვრიდან პარტიების დაფინანსება იურიდიულ პირებსაც აეკრძალებათ. ანუ, ივანიშვილის პარტნიორები დაფინანსებას ამ გზითაც ვეღარ მიიღებენ.

გარდა ამისა, ხელისუფლების გადაწყვეტილებით ისეთი აკრძალვები წესდება პოლიტიკური პარტიებისთვის და ამ აკრძალვების დარღვევისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობები წესდება, საარჩევნო რეგისტრაციაში არგატარებიდან დაწყებული და 3 წლამდე პატიმრობის ჩათვლით დამთავრებული, რომ რეალურად პარტიები დაფინანსების მიღებას ვეღარ შეძლებენ.

ამასთან, ეს აკრძალვები გავრცელდება იმ იურიდიულ პირებსა და იურიდიული პირების წარმომადგენლებზე, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად არიან დაკავშირებულნი პოლიტიკურ პარტიებთან. ასევე იმ პირების ოჯახის წევრებზე და მასთან საქმიან ურთიერთობაში მყოფ ადამიანებზე, ვისაც გაცხადებული აქვს საკუთარი პოლიტიკური მიზნები და ამოცანები.

ეს იმას ნიშნავს, რომ თუ რომელიმე პარტიის რიგითი წევრის ოჯახის წარმომადგენელს რაიმე ფორმით, იქნება ეს პირდაპირი თუ ირიბი, ურთიერთობა აქვს რომელიმე იურიდიული პირის წევრთან, ამ იურიდიულ პირზეც ისეთივე შეზღუდვები გავრცელდება, რაც წესდება პარტიისთვის.

აღსანიშნავია, რომ ამ აკრძალვებთან დაკავშირებით მეორე მოსმენისთვის გარკვეული დაზუსტებები გაკეთდა. კერძოდ, პოლიტიკურ პარტიებს დღესასწაულებზე შეეძლებათ საჩუქრების დარიგება 2 ათასი ლარის ფარგლებში, მაგრამ ერთი წლის განმავლობაში დარიგებული საჩუქრების ფასმა მთლიანად 60 ათას ლარს არ უნდა გადააჭარბოს. 

თუმცა, უცვლელად დარჩა ის დებულება, რაც რიგითი ადამიანისთვის 3 წლიანი პატიმრობის დაწესებას ითვალისწინებს, თუკი პარტიის მხრიდან ისეთ საჩუქარს მიიღებს, რომელიც პარტიისთვის დაწესებულ ლიმიტს იქნება გადაცილებული.

არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გაუგებარია, რატომ უწესებენ კანონმდებლები ფიზიკურ პირებს ვალდებულებას, განსაზღვრონ თუ რა ღირებულების საჩუქარს იღებენ და, ასევე, განსაზღვრონ, არის თუ არა მათთვის საჩუქრის გადაცემა პოლიტიკური მიზნის მატარებელი. 

არასამთავრობო ორგანიზაციები დარწმუნებულნი არიან, რომ ამ რეგულაციის ამოქმედება ქვეყანაში ან მასობრივი დაჭერების პროცესს გამოიწვევს ან ადამიანები იმის შიშით, რომ არ დაიჭირონ, არც ერთ პოლიტიკოსთან არანაირ შეხვედრაზე აღარ მივლენ.

საპარლამენტო უმრავლესობა ფიქრობს, რომ შესაბამის ნორმაში ჩაემატოს „წინასწარი შეცნობა“ და ფიზიკურ პირზე სანქცია მხოლოდ იმ შემთხვევაში გავრცელდეს, თუ კანონდარღვევით საჩუქარს პოლიტიკური პარტიისგან „წინასწარი შეცნობით“ მიიღებს და ეცოდინება, რომ საჩუქარს პარტიისგან მისი, ან პარტიის პოლიტიკური მიზნებისთვის იღებს. 

თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციები ამ ნორმასაც აპროტესტებენ და მიაჩნიათ, რომ გაუგებარია ვინ უნდა დაადგინოს ამ „წინასწარი შეცნობის“ არსებობა. რაც მთავარია, მათი თქმით, ეს ნორმა ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, რომელიც, შესაძლოა, შერჩევითი მიდგომისთვის იქნას გამოყენებული.

ყველა ეს აკრძალვა 1 იანვრიდან შედის ძალაში, მაგრამ ხელისუფლებას გარკვეულწილად დაასწრო ივანიშვილმა და მის პარტნიორ ოთხ პოლიტიკურ პარტიას საქართველოში არსებული იურიდიული კომპანიების მეშვეობით თითოს 1 მილიონ 100 ათასი ლარი ჩაურიცხა.

ეს ქმედება დღეს მოქმედი კანონმდებლობით სრულიად კანონიერია, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან უკვე გაკეთდა განცხადებები, რომ ისინი აკრძალვების დაწესებას უკვე გადარიცხულ ფულთან დაკავშირებითაც ფიქრობენ. ხელისუფლების ერთ-ერთი იდეა გუშინ სესიაზე უმრავლესობის წარმომადგენელმა ვახტანგ ბალავაძემ გაახმოვანა და მოითხოვა, რომ პარტიისთვის დაწესებული ფინანსური ლიმიტი საარჩევნო სუბიექტზეც გავრცელდეს.

მის მიერ გაჟღერებული ხელისუფლების ახალი მოთხოვნა კი, რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ იქნა გათვალისწინებული და კანონში ჩაიწერა, რომ პარტიისთვის დაწესებული ფინანსური ლიმიტი შეეხება საარჩევნო სუბიექტებსაც. რაც იმას ნიშნავს, რომ საარჩევნო ბლოკის შექმნის შემთხვევაში, რამდენი პარტიაც არ უნდა გაერთიანდეს, იმაზე მეტს ვერ დახარჯავს, რაც ერთი პარტიისთვის არის დაწესებული. ეს ლიმიტი კი მთლიანი შიდა პროდუქტის 0,2%-ით არის განსაზღვრული, რაც მომავალი წლის ბიუჯეტის პარამეტრების თანახმად 53 მილიონამდე ლარს, დაახლოებით, 30 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. იმ შემთხვევაში კი, თუ ბლოკში შემავალი პარტიების მიერ დახარჯული თანხა აღემატება ამ ლიმიტს, მაშინ ბლოკს საარჩევნო რეგისტრაციაში არ გაატარებენ.

თავისთავად ეს არც ისე ცოტა თანხაა და ქართული რეალობის გათვალისწინებით, მით უმეტეს ამ ახალი შეზღუდვების ფონზე, ძნელი წარმოსადგენია, რომ ამდენის დახარჯვა ვინმემ მოახერხოს. მაგრამ მთავარი პრობლემა ის არის, რომ ხელისუფლებას სურს, პარტიებს 2012 წლის ანგარიშში ჩაუთვალოს ის, რაც 2011 წელს მიიღეს. ასეთი კი მხოლოდ ივანიშვილის პარტნიორი ის ოთხი პარტიაა, რომლებსაც 2011 წლის ნოემბერ-დეკემბერში თითოს 1 მილიონ 100 ათასი ლარი გადაერიცხათ.

ეს რა ფორმით შეიძლება განხორციელდეს, ხელისუფლებამ ჯერ არ იცის და ფორმულირების მოსაფიქრებლად დრო დღის ბოლომდე აქვს. მაგრამ ყველაზე საინტერესო ის იდეაა, რაც გუშინ კობა ხაბაზს გაახმოვანებინეს თუ, მან ხელისუფლების რაღაც იდეის საკუთარი ინტერპრეტაცია წარმოადგინა.

გუშინ სესიის შესვენების დროს იურიდიული კომიტეტის სხდომა მიმდინარეობდა, სადაც „სისხლის სამართლის“ კოდექსში და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის პროექტები იხილებოდა. საკითხის განხილვა უკვე დასრულებული იყო, კობა ხაბაზი კომიტეტის სხდომაზე რომ შემოიჭრა და კატეგორიულად მოითხოვა, რომ იმ ახალ შეზღუდვებს, რაც პარტიებისთვის და არამარტო პარტიებისთვის 2012 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს, უკუძალა ჰქონდესო.

ხაბაზი მიიჩნევს, რომ იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც იურიდიული პირებისაგან თანხები უკვე მიიღეს, რაც მისივე თქმით, არჩევნებისთვის არის აკუმულირებული, ამ თანხების გამოყენების საშუალება არ უნდა მიეცეს.

სწორედ ამიტომ მან მოითხოვა, რომ შემუშავდეს მექანიზმები, რომლის საფუძველზეც რიგი პოლიტიკურ პარტიების ანგარიშებზე გადარიცხული თანხები მათ მფლობელს უკან დაუბრუნდება, ხოლო ეს პარტიები ჯერ კიდევ არმიღებულ ახალ საკანონმდებლო შეზღუდვებს დაექვემდებარება.

როგორც იგი აღნიშნავს, ამ შეზღუდვებისთვის უკუქმედების ძალის მინიჭება საჭიროა, რათა „ყველა პარტია ფინანსური რესურესების კუთხით თანაბარ მდგომარეობაში ჩადგეს“.

შეგახსენებთ, რომ ნოემბერ-დეკემბერში ბიძინა ივანიშვილის გარშემო გაერთიანებულ ოთხ პოლიტიკურ პარტიას 11 იურიდიული პირისგან თითოს მილიონ 100 ათასი ლარი ჩაერიცხა, რაც ამჟამად მოქმედ კანონმდებლობას სრულად შეესაბამება.

კომიტეტის ზოგიერთ წევრს ხაბაზის ეს განცხადება უცნაურად მოეჩვენა, რადგან შემზღუდველ ნორმას, რომელიც უფრო ამკაცრებს პასუხმისმგებლობას, არ შეიძლება უკუქცევითი ძალა მიენიჭოს. მათ ხაბაზს ჩუმად ეს შეახსენეს, მაგრამ მან აღშფოთება ვერ დამალა, „აბა რატომღა დამაყენებინეთო?“.

ცხადია, ეჭვი არავის ეპარება, რომ ხაბაზის გაცხადებული სურვილი ხელისუფლების საერთო სურვილს წარმოადგენს, მაგრამ პრობლემა ის არის, იურიდიულად ამის გაფორმება ვერ მოხერხდება. მაგრამ, როგორც ჩანს, ხელისუფლება ამ ინიციატივის რაიმე ფორმით აღსრულების გზებს ეძებს. ყოველ შემთხვევაში, გუშინ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, აკაკი მინაშვილმა სესიის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ „ეს საკითხი ჯერჯერობით ჩამოყალიბებული არ არის“.

მისი თქმით, დეპუტატებმა აღნიშნულ საკითხზე დამატებითი კონსულტაციები უნდა გაიარონ საკითხის ინიციატორ კობა ხაბაზთან და საბოლოო გადაწყვეტილებაც სწორედ ამის შემდეგ იქნება მიღებული. 

როგორც იგი აღნიშნავს, თუ პარტიას მიმდინარე წელს მიღებული აქვს გარკვეული თანხა და მომავალი წლიდან მიღებული შემოსავლებიდანაც ჯამში შემოსავალმა მთლიანი შიდა პროდუქტის 0,2 პროცენტს გადააჭარბა, ამის შემდეგ სანქციები ამოქმედდება. 

მინაშვილი ჯერჯერობით ვერც სანქციის სახეს აკონკრეტებს და ვერც იმას ადასტურებს, რომ ამ შემთხვევაში პარტიას წელს მიღებული შემოსავლის უკან დაბრუნება მოუწევს თუ სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართვა.

საინტერესო კი ის არის რომ თუ ეს დამატებითი შეზღუდვები კიდევ დაწესდება, მაშინ ნაციონალებსაც იგივე ბედი ელით. შესაძლოა, ისინი საარჩევნოდ ვიმნმესთან დაბლოკებას არ აპირებენ და ამიტომ ბალავაძის მიერ გახმოვანებული იდეა, დიდად არ აწუხებთ, მაგრამ თუკი 2011 წლის დაფინანსება 2012 წლის დაფინანსებაში ჩაითვალა, ან ამ დაფინანსებაზე ახალი შეზღუდვები გავრცელდა, ცხადია, რაიმე ფორმით მათაც შეეხებათ.

თუმცა, საპარლამენტო კულუარებში უკვე იმაზე საუბრობენ, რომ ხელისუფლება ამ ეტაპზე საკუთარი დაფინანსების წყაროების მოსპობით არის დაკავებული. ამას კი ისიც ამძაფრებს, რომ ნაცმოძრაობის გენმდივანს პარტიის ფინანსური ანგარიშგება ჯერ კიდევ ორშაბათს უნდა გამოექვეყნებინა. მან ეს პირობა წინა კვირაში მას შემდეგ დადო, რაც „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელმა, ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა, რომ იგი ნაცმოძრაობის ფინანსურ ანგარიშებთან დაკავშირებით სადეპუტატო შეკითხვას უგზავნიდა მთავარ პროკურორს და იმედიც გამოთქვა, რომ ამ კითხვაზე პასუხის მიღებაში მას ისევე დაეხმარებოდა პარლამენტის თავმჯდომარე, როგორც ივანიშვილის პოლიტიკური პარტნიორების ანგარიშებთან დაკავშირებული შეკითხვის გაგზავნისას.

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებს გიორგი ცაგარეიშვილის სადეპუტატო მიმართვა მას შემდეგ გადაეგზავნათ, რაც დეპუტატმა გია თიორთლაძემ ბიძინა ივანიშვილის გუნდში შემავალი პარტიები რუსული ფულის მიღებაში დაადანაშაულა.

ცაგარეიშვილმა მოითხოვა, სამართალდამცავებს გამოეძიებინათ, კონკრეტულად რა თანხებით ფინანსდებიან აღნიშნული პარტიები, რათა, მისივე თქმით, „ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს იმაზე ლაპარაკი, რა ფულს აძლევს ივანიშვილი მის პარტნიორებს“. 

მისი ამ შეკითხვის სასწრაფო წესით გაგზავნა დავით ბაქრაძემ უზრუნველყო და ზუსტად სამ დღეში მიიღეს პასუხი. მართალია, ამ პასუხში კანონდარღვევა არაფერი იყო, მაგრამ ფაქტია, რომ ამ წლების განმავლობაში ცაგარეიშვილს სხვადასხვა უწყებაში ათობით წერილი აქვს გაგზავნილი და პირველი შემთხვევაა, რომ მან პასუხი მიიღო.

ნაციონალების დაფინანსებასთან დაკავშირებით კი მას ჯერ არც პასუხი მიუღია და ამ თემაზე საუბარი არც ხელისუფლებიდან სურს ვინმეს.

მართალია, წინა კვირას მელიქიშვილმა განაცხადა, რომ ნაციონალების ანგარიშებს პროკურატურა არ სჭირდება და ორშაბათს თავად გამოაქვეყნებდა, მაგრამ ეს ვადა ისე გავიდა, რომ მას არც სია გამოუქვეყნებია და არც პარლამენტში გამოჩენილა. ამ ანგარიშების მოკითხვისას კი უმრავლესობის დანარჩენი ლიდერები კი ისევ მელიქიშვილთან გვაგზავნიან, გენმდივანი ის არის და მას მოჰკითხეთო. მელიქიშვილი კი ამ ანგარიშებთან ერთად არის დაკარგული და, როგორც ჩანს, ახლა მართლაც ამ ანგარიშების იმ სანქციაზე მორგება ხდება, რომელიც ივანიშვილის პოლიტიკური პარტნიორებისთვის უკვე მიცემული ფულისთვის წესდება.