ეკატერინე ხვედელიძემ პრეზიდენტს პროცესი

ეკატერინე ხვედელიძემ პრეზიდენტს პროცესი "მოუგო"

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე შოთა გეწაძემ ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინე ხვედელიძის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, პოლიტიკურ არენაზე ცნობილი მეცენატის გამოჩენისთანავე, საქართველოს პრეზიდენტმა ბიძინა ივანიშვილს და მის მეუღლეს სასწრაფო წესით, საქართველოს მოქალაქეობა გააუუქმა. 

მოსარჩელეებმა პრეზიდენტს სასამართლოში უჩივლეს და მის მიერ გამოტანილი ბრძანებულების ბათილად ცნობა მოითხოვეს. მოსამართლემ საქმის განხილვას 3 სხდომა მოანდომა, სადაც დეტალურად განიხილეს საქმის ვითარება. ივანიშვილის ადვოკატებმა არაერთი საკმაოდ დასაბუთებული არგუმენტი წარადგინეს პროცესზე და მათთვის წართმეული მოქალაქეობის აღდგენა მოითხოვეს, მაგრამ ამ მოთხოვნას პრეზიდენტის წარმომადგენელი თინათინ სირაძე არ დაეთანხმა. იგი ირწმუნებოდა, რომ კანონიერად მოხდა მოქალაქეობის შეწყვეტა.

საპირისპიროს ამტკიცებდნენ ადვოკატები. მათი თქმით, რუსული კანონმდებლობა ბიძინა ივანიშვილს აძლევს უფლებას ერთდროულად რამდენიმე ქვეყნის მოქალაქე გახდეს. ის ჯერ რუსეთის მოქალაქე იყო და 2004 წელს პრეზიდენტმა თავისი სურვილით მიანიჭა საქართველოს მოქალაქეობა.  
 მოსამართლე გეწაძემ ივანიშვილის ადვოკატების მოთხოვნები ნაწილობრივ გაიზიარა და მისი გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ეკატერინე ხვედელიძისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის ნაწილში, ხოლო ბიძინა ივანიშვილისათვის მოქალაქეობის შეწყვეტის ნაწილში კი სარჩელი არ დაკმაყოფილდა. 

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო და ეს გახდა საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი, რადგან „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 32-ე მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, პირი დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ იგი სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობას მიიღებს. 

რაც შეეხება ეკატერინე ხვედელიძეს, აქ საკამათოც არაფერი იყო, ცალსახად დადგინდა, როცა მას საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭეს ის უკვე იყო ორი ქვეყნის - მოქალაქე. სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით, სასამართლომ აღნიშნა, რომ, ვინაიდან საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების დროს იგი უკვე იყო, როგორც რუსეთის ფედერაციის, ასევე საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის ფაქტის მოგვიანებით შეტყობა სამართლებრივად ვერ გაუთანაბრდება საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შემდეგ ეკატერინე ხვედელიძის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებას. ამდენად, ბიძინა ივანიშვილისაგან განსხვავებით, ეკატერინე ხვედელიძისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა არ შეესაბამება კანონმდებლობას. 

სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებით მართებულად არ მოხდა ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინე ხვედელიძის ინფორმირება და აღნიშნულთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში მათი ჩართვა, რადგან ამგვარი ვალდებულება სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსა და საქართველოს პრეზიდენტს კანონმდებლობით არ გააჩნიათ. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეკატერინე ხვედელიძის წარმომადგენელს უკან დაუბრუნდება გადახდილი ბაჟი - 100 ლარი, რადგან მან პროცესი მოიგო. 

გადაწყვეტილების გასაჩივრება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში შესაძლებელია და ბუნებრივია, ამ შანსს ივანიშვილის ადვოკატები არ გაუშვებენ. საქმე აუცილებლად გასაჩივრდება და მოთხოვნა ძალაში დარჩება, რომ ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა აღუდგეს. 

ადვოკატი ეკა ბესელია:
 - ჩვენ მოვიგეთ სასამართლო პროცესი ეკატერინე ხვედელიძესთან მიმართებაში. სასამართლომ თქვა, რომ პრეზიდენტმა მას უკანონოდ ჩამოართვა მოქალაქეობა. შესაბამისად, ქალბატონ ეკატერინეს საქართველოს მოქალაქეობა აღუდგება. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ამ ნაწილში მოსამართლე შოთა გეწაძემ ვერ გაბედა ყოფილიყო სამართლიანი და კანონიერი. მან ვერ გაუძლო ამ გამოცდას, ვერ შეძლო პოლიტიკური ნებისგან თავისუფალი ყოფილიყო, ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას რომ ბიძინა ივანიშვილს უკანონოდ ჩამორთმეული საქართველოს მოქალაქეობა დაუბრუნდეს. ამ ნაწილში გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ. სხვა სასამართლო ინსტანციები უნდა გავიაროთ, ასევე უკვე არის დრო, რომ დავიწყოთ ევროპის სასამართლოში საქმის გაგზავნა.

ევროსასამართლოში რას ასაჩივრებთ?
- ეს ეხება შუამდგომლობას. ჩვენ ვითხოვდით მოსამართლისგან, რომ მას სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე შეეჩერებინა სადავო აქტი. ეს შუამდგომლობა მოსამართლე გეწაძემ არ დააკმაყოფილა. განჩინება გავასაჩივრეთ სააპელაციო სასამართლოში, მაგრამ იქაც დარჩა ძალაში. უზენაესში კი აღარ საჩივრდება, ამიტომ ამ ნაწილში გავასაჩივრებთ მას ევროპის სასამართლოში.

ქალბატონო ეკა, როგორც ცნობილია, ბიძინა ივანიშვილს რუსეთის მოქალაქეობა უკვე გაუუქმდა, საფრანგეთის ხელისუფლებისგანაც ანალოგიურ დოკუმენტს ელოდებით, ამ დოკუმენტის მიღების შემდეგ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებას ისევ არ მოითხოვთ?
- საფრანგეთის მოქალაქეობის პასპორტი როგორც კი ჩაბარდება საფრანგეთის ხელისუფლებას, ბუნებრივია, დაიწყება პროცედურა საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე. ეს არ იქნება თხოვნა, ეს პირდაპირ კანონის მოთხოვნაა და მას შეუძლია საქართველოს მოქალაქეობა მიიღოს.

ჯერჯერობით ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში ჩართვის საშუალება არ აქვს. ხომ არ არის მოსალოდნელი პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩაერთოს მისი მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე?
- ამაზე კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით, ჯერჯერობით ვერ ვიმსჯელებთ, რადგან გადაწყვეტილება მიღებული არ არის.