რას მოგვიტანს რუსეთში ნაციონალისტების შესაძლო აღზევება

რას მოგვიტანს რუსეთში ნაციონალისტების შესაძლო აღზევება

რუსეთის დიდ ქალაქებში სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით მრავალათასიანი მიტინგები გაიმართა. მონაწილეებმა 4 დეკემბერს გამართული სათათბიროს არჩევნების შედეგების გაუქმება მოითხოვეს. სახაროვის მოედანზე პუტინის გადადგომის საკითხიც დააყენეს.

ამასთან, რეზოლუციაში მეორდება 10 დეკემბერს ბალოტნაიას მოედანზე ჩატარებული მიტინგის მოთხოვნები, რადგან ისინი ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა.

მოთხოვნები ითვალისწინებს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, სახელმწიფო დუმის არჩევნების შედეგების გაუქმებას, ცესკო-ს თავმჯდომარის ვლადიმერ ჩუროვის თანამდებობიდან გათავისუფლებას, არჩევნების ფალსიფიცირებაში დამნაშავეების გამოვლენას და ახალი სამართლიანი და ღია არჩევნების ჩატარებას, რომელშიც ყველა ოპოზიციური პარტია მიიღებს მონაწილეობას.

მოსკოვურ მიტინგზე ბოლოს სცენაზე თოვლის ბაბუა ავიდა, რომელმაც რუსებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა და დაიყვირა- „რუსეთი ქურდების და თაღლითების გარეშე! რუსეთი პუტინის გარეშე!“

საპროტესტო გამოსვლებს თბილისში გამოხმაურება მოჰყვა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა რუსეთში მიმდინარე საპროტესტო აქციები „მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყისად“ შეაფასა:

„ეს მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყისია. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ეს მოხდებოდა.

ერთი რაღაც ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, ამ ეტაპზე ჩვენ განსაკუთრებული წინდახედულობის, სიმტკიცის, სიფრთხილისა და მომავლის დროულად განჭვრეტის უნარი უნდა გამოვავლინოთ. ეს ის პროცესია, რომელიც ჩვენთვის შეუქცევადი იქნება.

რუს ხალხთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არა საქართველოს დაპყრობის მოსურნე იმპერატორებთან, როგორც საქართველოში ზოგიერთი მე-5 კოლონის წარმომადგენელს მიაჩნია, რომელსაც თავისი ქვეყნის სიყვარული არ გააჩნია და ყველაფერს საკუთარ კეთილდღეობასა და მუცელზე აგებს, არამედ რუს ხალხთან, რომელთანაც ჩვენ ურთიერთპატივისცემასა და თანასწორუფლებიანობაზე დამყარებული ურთიერთობები უნდა დავამყაროთ.

ზუსტად იმავე რეჟიმისგან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობაც იტანჯება. რასაც ახლა ხალხი აპროტესტებს, ვფიქრობ, ეს ტალღა ჩრდილოეთით გაგრძელებადია“.

თუმცა, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის დირექტორი გოგი ხუციშვილი რუსეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებით რეალური შედეგის მიღებას პესიმისტურად უყურებს. როგორც ხუციშვილმა განაცხადა, პუტინის რეჟიმის პირობებში არჩევნების გადასინჯვის ფონი არ არსებობს:

„არა მგონია, საპროტესო აქციები ისეთი ფართო მასშტაბით გაიშალოს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ მხედველობაში მიიღოს. მმართველ ძალას არა მარტო რუსეთში, არამედ ჩვენს ქვეყანაშიც ყოველთვის აქვს ის არგუმენტი, რომ აქციებში მონაწილე ხალხის ოდენობა არასაკმარისია და საპროტესტო გამოსვლებს მოსახლეობის უმრავლესობა არ უერთდება.

ამიტომ არ მგონია, დაწყებულმა აქციებმა ხელისუფლებას რადიკალური ნაბიჯები გადაადგმევინოს ან რაიმე გადაწყვეტილება მიაღებინოს. მმართველი ძალა ყოველთვის იმ მომენტს დაელოდება, როდესაც ხალხი დაიღლება ან ამინდი გაუარესდება. გარდა ამისა, როგორიც არ უნდა იყოს საერთაშორისო კრიტიკა რუსეთში ჩატარებული არჩევნების მიმართ, ეს ხელისუფლებაზე არ იმოქმედებს“.

მისივე თქმით, თუ აქციები რუსეთში პერმანენტულად გაგრძელდება და ინტენსივობა არ მოიკლებს, შესაძლოა, ამ ყველაფერმა დროის გასვლის შემდეგ გარკვეული შედეგი გამოიღოს:

„თუ საპროტესტო მუხტი არ განელდება, აქციები უფრო მასშტაბური გახდება და „არაბული გაზაფხულის“ მსგავსად ინტერნეტისა და სოციალური ქსელი საშუალებით ორგანიზებულ ფორმას მიიღებს, შესაძლოა, დროის გასვლის შემდეგ გარკვეული შედეგი გამოიღოს, თუმცა ეს უცბად არ მოხდება“.

„პრესაგე.ტვ–სთან“ საუბრისას პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძესაც აქციის შედეგებთან დაკავშირებთ განსაკუთრებული მოლოდინები არ აქვს.

რამაზ საყვარელიძე: „პროტესტანტთა რაოდენობას რომ ვუყურებ, აქციის შედეგებს ცოტა არ იყოს სკეპტიკურად ვუდგები. მოგეხსენებათ, რომ ქართული სინამდვილისთვისაც ეს რაოდენობა ღიმილისმომგვრელია; რითაც რუსული დემოკრატია ამ აქციებზე წარმოდგა.

არ მგონია, აქციებმა პირდაპირი ნაყოფი გამოიღონ. პუტინისეულ პოლიტიკაში რაღაც ცვლილებების, კორექტივების  შეტანის თვალსაზრისით, ისინი ირიბ შედეგს რა თქმა უნდა გამოიწვევენ. მაგრამ ის რომ დემოკრატია გაიმარჯვებს, რახან ეს აქციები დაიწყო, მსგავსი დიაგნოზი ნაადრევი მეჩვენება. რუსეთში  დემოკრატია საკმაოდ ჩაჟანგებულია იმისთვის, რომ ასე იოლად გაიწმინდოს.

ერთი ციცქნა საქართველოში 200 ათასიანმა მიტინგებმა პოლიტიკური შედეგი ვერ გამოიღო. რატომ უნდა ველოდოთ, რომ რუსეთში გაცილებით მცირე მასშტაბის მიტინგები შედეგს გამოიტანენ? სადაც 200 ათასიც არ გამოვიდა, მაგრამ ასეც რომ ყოფილიყო, პროცენტულად უფრო ნაკლები მაჩვენებელი იქნებოდა.

ამიტომ, არ მგონია საპროტესტო მუხტი ისეთი სიძლიერის იყოს რუსულ საზოგადოებაში, რომ მან დემოკრატიული შედეგი მოიტანოს.

თუმცა, მეორეს მხრივ შეიძლება სხვა ტიპის მუხტი არსებობდეს; საუბარია ნაციონალისტურ მუხტზე. ვიცით, რომ ამ ტიპის ნაციონალისტური ლოზუნგების ქვეშ რუსეთში გაცილებით მეტი ადამიანი იკრიბება.

სიმართლე გითხრათ, ეს რეალობა უფრო მაშინებს, ვიდრე მამშვიდებს. თუ რუსეთმა პუტინს ნაციონალიზმის ერთგულება უსაყვედურა, შეიძლება იქ სულ სხვა რეალობა მივიღოთ.

კერძოდ, პუტინმა შეიძლება რუს ნაციონალისტებს თავისებური ანგარიში გაუწიოს. ნახეთ, რომ როგოზინი საკმაოდ მნიშვნელოვან თანამდებობაზე დაინიშნა. ნაციონალისტების ასეთი აღზევების შედეგად, ჩვენც და მსოფლიომაც შეიძლება გაცილებით მძიმე შედეგები მივიღოთ, ვიდრე აქამდე იყო“.