ირაკლი ჩიქოვანი:

ირაკლი ჩიქოვანი: " ხელისუფლება ცდილობს ცრუ პოლიტიკური კონსენსუსის იმიტაცია შექმნას"(VIDEO)

"ნაციონალური მოძრაობის" მიერ განხორციელებული საარჩევნო რეფორმა საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკური სუბიექტებისთვის მათ მიერ არჩევნებში მიღებულ ხმათა რაოდენობასთან მიახლოებული პროპორციით პარლამენტის მანდატების მიიღებას ვერ უზრუნველყოფს.

ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" გენერალურმა მდივანმა, ირაკლი ჩიქოვანმა პარტიის ოფისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი მტკიცებით, საარჩევნო სისტემის შესახებ წარმოდგენილი პროექტი თვისობრივად არ განსხვავდება დღეს არსებული სისტემისგან, რომელიც თავის მხრივ არაერთხელ გამხდარა ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების, მათ შორის, ვენეციის კომისიის კრიტიკის საგანი. 

"ეს სისტემა ვერ უზრუნველყოფს საპარლამენტო არჩევნების შედეგად პოლიტიკური სუბიექტებისათვის მანდატების მიღებას მათ მიერ არჩევნებში მიღებულ ხმათა რაოდენობასთან მიახლოებული პროპორციით და საარჩევნო მანდატებს არ აქვთ თანაბარი წონა. ამ სისტემის პირობებში, ერთადერთი გამოსავალი არის მაჟორიტარულ არჩევნებში 50%-იანი ბარიერის დაწესება, რაც ჩვენ შევთავაზეთ ხელისუფლებას", - აღნიშნა ჩიქოვანმა.

პარტიის გენმდივნის განცხადებით, პარლამენტში გამართულ მოსმენებზე "თავისუფალმა დემოკრატებმა" 20-ზე მეტი ალტერნატიული წინადადება დააყენეს, რომელიც ითვალისწინებდა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების გამოსწორებას როგორიცაა: ამომრჩეველთა სიების ფორმირება, საქართველოს პარლამენტის საარჩევნო სისტემა, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შეზღუდვა და სხვა, თუმცა "ნაციონალურმა მოძრაობამ" არც ერთ მათთგანს მხარი არ დაუჭირა. 

როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, სანაცვლოდ, ხელისუფლება ცდილობს ცრუ პოლიტიკური კონსენსუსის იმიტაცია შექმნას იმ პარტიებთან, რომლებიც რეალურად "ნაციონალური მოძრაობის" განშტოებას წარმოადგენენ. 

ჩიქოვანი იგივე პროცესის ნაწილად"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს კანონში" ინიცირებულ ცვლილებებს მიიჩნევს, რითაც, მისივე თქმით, მმართველი გუნდი პოლიტიკური პარტიების დაფინანსების სისტემის არა მოწესრიგებას, არამედ მაქსიმალურად შეზღუდვას ცდილობს, თავის მხრივ კი, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით კომპენსირდება.

"თავისუფელი დემოკრატების" გენერალური მდივნის განცხადებით, აღნიშნულ კანონზე ვენეციის დასკვნაში ნათლად წერია, რომ თუ პოლიტიკური პარტიებისათვის იზღუდება გარკვეული დაფინანსების წყარო, აუცილებელია ეს კომპენსირდეს სხვა წყაროთი. 

"ასეთი ალტერნატიული საშუალება "ნაციონალურ მოძრაობას" არ შემოუთავაზებია", - დასძინა მან და აღნიშნა, რომ ვენეციის კომისია, ერთის მხრივ, მიესალმება პოლიტიკური პარტიების ფინანსების ზედამხედველობის საკითხებში დამოუკიდებელი ორგანოს ჩართვას, როგორიც არის კონტროლის პალატა, მაგრამ იმავდროულად მოითხოვს, დაზუსტდეს კონტროლის პალატის უფლებემოსილებები პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხებში. 

"საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თაობაზე 2010 წლის ნოემბერში დაწყებული მოლაპარაკებები, სხვა საკითხებთან ერთად, მიზნად ისახავდა თვისობრივად ახალი საარჩევნო კოდექსისის შემუშავებას. ჩვენ გამოვთქვით მზადყოფნა, გაგვეზიარებინა პოლიტიკური პასუხისმგებლობა შეთანხმებული ცვლილებების განხორციელებასა და არჩევნების ჩატარებაზე. ხელისუფლებამ არ მოისურვა ურთიერთკომპრომისის საუძველზე გაუმჯობესებული საარჩევნო კოდექსის შემუშავება, მან უარი თქვა პოლიტიკურ დიალოგზე, რასაც ულტიმატუმის, პოლიტიკური ვაჭრობის და შანტაჟის ენა არჩია", - განაცხადა ჩიქოვანმა.