თორთლაძე ცუდი პოლიტიკოსის გარდა ცუდი შემსრულებელიც აღმოჩნდა

თორთლაძე ცუდი პოლიტიკოსის გარდა ცუდი შემსრულებელიც აღმოჩნდა

"რუსული ფე-ეს-ბე-ს ფულიო,“ - აღმოხდა გია თორთლაძეს და ბიძინა ივანიშვილის თანაგუნდელი პარტიების დაფინანსება რუსულ კვალს დაუკავშირა. თანაც ისე, რომ თორთლაძეს არც კი გახსენებია, თავად როგორ ეწაფებოდა „რუსი ოლიგარქის“ „რუსულ ფულს“. ამ საქმეში მას სხვა „ნაციონალი“ მინისტრებიც არ ჩამორჩებოდნენ და „საეჭვო“ თანხის ათვისებასთან ერთად, თავის გამოსაჩენ არაერთ პროექტს სწორედ ბიძინა ივანიშვილის სახსრებით ახორციელებდნენ.

ფრაქცია „ძლიერი საქართველოს“ თავმჯდომარეს გია თორთლაძეს კიდევ მეტი ფრთები შეასხა მთავარი პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულმა მასალამ და უფრო ომახიანად ათქმევინა, რომ ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში რუსეთის ფედერაციის ჩარევა დადასტურებული ყოფილა. ამასთან, დეპუტატისთვის „გაუგებარი“ აღმოჩნდა ჟურნალისტების დაინტერესება, თუ რატომ იყო მისთვის გასაკვირი ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის მიერ მისივე თანაგუნდელების დაფინანსება? რა იყო ამ ფაქტში კანონდარღვევა ან უცნაური? მით უფრო, მაშინ, როცა იგი დღემდე კანონდარღვევას ვერ ხედავს, რომ ამავე „რუსი ოლიგარქის“ „რუსულ ფულს“ წარმატებით იღებდა.

სამაგიეროდ, თორთლაძე არ დაინტერესებულა „ნაციონალური მოძრაობის“ დაფინანსებით, რომლის დამფინანსებელთა სიაში, დეპუტატ გია ცაგარეიშვილის თქმით, რუსეთის ფედერაციასა და ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებული პირები მოიძიებიან.

გია თორთლაძის კვალდაკვალ, მთავარი პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ჩამოთვლია „თავისუფალი დემოკრატების“, „რესპუბლიკელების“, „კონსერვატორების“ და „ხალხის პარტიის“ დამფინანსებელი ორგანიზაციები. სულ  დასახელებულია 9 კომპანია, რომლის მფლობელიც ერთი ადამიანია – ბიძინა ივანიშვილი, ორი კი საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ყოფილი კაპიტანს კახი კალაძეს ეკუთვნის.

„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი, საკრებულოს წევრი ვიქტორ დოლიძე იმედოვნებს, რომ პროკურატურა იმავე ოპერატიულობით გაავრცელებს ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ დაფინანსების შესახებ, როგორც მოიქცა ბიძინა ივანიშვილის პარტნიორი პარტიების შემთხვევაში. მათ შორის, „ქართუ ბანკის“ თუ სხვა ორგანიზაციების მიერ ქართული ჯარის, პოლიციის, სახელმწიფო მოხელეების დაფინანსების თაობაზე. ამასთან, „თავისუფალი დემოკრატები“ აცხადებენ, რომ ეს იგივე ფულია, რომელმაც თავის დროზე დიდი წვლილი შეიტანა ქვეყნის განვითრებაში და, რომლითაც ფინანსდებოდა „ნაციონალური მოძრაობა“.

„თუ ვინმეს დასამალი აქვს, ეს არის „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობა“, მისი სატელიტი პარტიები და მისი რადიკალური ფრთა – გია თორთლაძის პარტია“, - აღნიშნა „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა ზურაბ აბაშიძემ.

იმ დროს, როცა საქართველოში ნებისმიერ ბიზნესმენს ეშინია განსხვავებულად მოაზროვნე პარტიების დაფინანსება, საინტერესოა,საიდან უნდა მოიპოვოს ცალკეულმა პარტიამ საჭირო თანხები?! თუ ბიძინა ივანიშვილისგან თანაგუნდელი პარტიების დაფინანსება უკანონობა იყო, მაშინ რატომ იჩქარეს „ნაციონალებმა“ და სასწრაფოდ გამოაცხეს იურიდიული პირებისთვის შემოწირულობების გადარიცხვის ამკრძალავი კანონი?! წინასწარვე, პრევენციულად რატომ ითვლება მიუღებლად ბიძინა ივანიშვილისგან თანამოაზრე კოალიციის დაფინანსება მანამდე, სანამ პარლამენტის ეს კანონი ძალაში არ შესულა?! ამ შეკითხვებთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის თანამოაზრეებს ერთადერთი პასუხი აქვთ, რომ მათ კანონი არ დაურღვევიათ და მანამდე მოასწრეს ბიძინა ივანიშვილის დაფინანსების მიღება, სანამ პარლამენტი ამის შეზღუდვას დაუწესებდა.     

Presage. tv ესაუბრა ზემოხსენებული პარტიების წარმომადგენლებს. „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი თორთლაძის შესახებ საუბრისგან თავს იკავებს იმ მოსაზრებით, რომ ქართული პოლიტიკა ასეთ სუბიექტს არ იცნობს, რაც არჩევნებმაც დაადასტურა. რაც შეეხება ხელისუფლების მხრიდან ივანიშვილისგან დაფინანსების მიღების უკანონობის შესახებ პროპაგანდას, ეს დავით ბერძენიშვილოსთვის მდარე პროპაგანდაა.

„ბუნებრივია, ბლოკის ლიდერი საკუთარ ბლოკს და კოალიციაში შემავალ სუბიექტებს ანგარიშზე ფულს დაუსვამს. ეს სრულიად ნორმალური, კანონიერი და სამართლიანია. მაშინ, როცა ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა ქართულ ჯარს, პატრულს, ქართულ ბიუროკრატიას, სააკაშვილის ოჯახის წევრებს - დედას, მეუღლეს, მათ არ ჰქონდათ პრობლემები და პრეტენზიები, ამიტომაც არ აქვთ პასუხები ამ კითხვაზე“, - აცხადებს დავით ბერძენიშვილი.

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრის, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, მისი პარტიის  ფინანსები და დანახარჯები კანონის ფარგლებშია მოქცეული.

„ნაციონალური მოძრაობა“ ხან ერთს ამბობს, ხან - მეორეს. მათ სჩვევიათ ასეთი ქცევა და, სამწუხაროდ, ასეთ ქცევას გადააყოლეს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური სისტემა და სხვადასხვა დარგები. ამიტომ ეს მათგან არახალია. რაც შეეხება გია თორთლაძეს, მის მიმართ მე კომენტარს ვერ გავაკეთებ და ამით ნათელია, რა დამოკიდებულება არსებობს გია თორთლაძის გამონათქვამების მიმართ „თავისუფალ დემოკრატებში“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.  

„ხალხის პარტიის“ ლიდერი კობა დავითაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილისგან დაფინანსების მიღებაში უკანონო არაფერია, გია თორთლაძემ კი საკუთარ თავში უნდა მოიკითხოს „უანგარობა“, როცა თავის დროზე ოპოზიციური განწყობა სახელისუფლო განწყობაზე შეცვალა და არცთუ უანგაროდ...  

„უკაცრავად, მაგრამ ამაში უკანონობა არაფერი არ არის, მარტივი მიზეზის გამო: არსებობს კანონი პოლიტიკური პარტიების შესახებ, რომელიც საშუალებას აძლევს ამ პარტიებს, როგორც კერძო, ისე იურიდიული პირებისგან შემოწირულობები მიიღონ. საქმე ის არის, რომ მათ გადაწყვიტეს, იურიდიულ პირებს ჩამოართვან ეს უფლება. ჩვენ კი დავასწარით. საბედნიეროდ, მოვასწარით, რომ იურიდიული პირებისგან კანონის ფარგლებში მიგვეღო შემოწირულობა. ამდენად, ეს ოპერაცია კანონიერია“, - აცხადებს კობა დავითაშვილი.

საკუთარი არგუმენტის დასტურად კობა დავითაშვილი „ნაციონალების“ სიფრთხილეს იშველიებს, რომლებიც მათთვის მიუღებელ კანონს სასწრაფოდ ცვლიან.

„ბატონი თორთლაძისგან ასეთი განცხადებები არ მიკვირს. მთლმა საქართველომ იცის, რომ მან თავის დროზე ოპოზიციური განწყობა სახელისუფლოზე არცთუ უანგაროდ შეცვალა. ბუნებრივია, იგი სხვა ადამიანებში ეძებს ანალოგიებს, რათა საზოგადოებაში თავი გაიმართლოს და თქვას, რომ ასეთ მდგომარეობაში მარტო მე კი არ ვარ, სხვები უარესები არიანო“, - აღნიშნა კობა დავითაშვილმა. 

„კონსერვატიული პარტიის“ ლიდერი ზვიად ძიძიგური კანონიერ ფინანსურ დახმარებაზე უარის თქმას არ აპირებს. ამიტომ, მისი აზრით, პარტიების დაფინანსება მანამ უნდა მოესწროს, ვიდრე პარლამენტი აკრძალვას დააწესებს. ამასთან, ძიძიგურისთვის ფული მთავარი არ არის, არამედ მთავარია, რომ ივანიშვილს დღევანდელი ხელისუფლების შეცვლის უნარი გააჩნია.

„რაც შეიძლება მეტი თანხის გადმორიცხვა უნდა მოესწროს, სანამ ამკრძალავი კანონი არ მიუღიათ. ეს კანონის დარღვევად არ ითვლება, ამ ფულით უნდა მოხდეს სტრუქტურების აწყობა. თანაც ერთი და ორი მილიონი საკმარისი არ არის, რადგან, ასი ათასამდე ადამიანი უნდა ჩაერთოს სტრუქტურებში სამუშაოდ,“ - აცხადებს ზვიად ძიძიგური.

მისივე თქმით, საქართველოში ოპოზიციური პარტიების დაფინანსების თვალსაზრისით, არაჯანსაღი სიტუაციაა და ბოლო პერიოდში მას არ ახსენდება  ისეთი იურიდიული პირი ან ფირმა, რომელსაც მისი პარტიისთვის თანხა გადაერიცხოს.