შერჩევითი ოპერატიულობა უმრავლესობის ბრიყვული კომენტარებით

შერჩევითი ოპერატიულობა უმრავლესობის ბრიყვული კომენტარებით

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გიორგი ცაგარეიშვილის სადეპუტატო შეკითხვას არნახული სისწრაფით უპასუხა. მართალია, ამისთვის პარლამენტის თავმჯდომარემაც კარგად იაქტიურა, მაგრამ ფაქტია, რომ ცაგარეიშვილმა პასუხი უკვე მიიღო.

სამართალდამცველებს გიორგი ცაგარეიშვილის სადეპუტატო მიმართვა მას შემდეგ გადაეგზავნათ, რაც დეპუტატმა გია თიორთლაძემ ბიძინა ივანიშვილის გუნდში შემავალი პარტიები რუსული ფულის მიღებაში დაადანაშაულა. ცაგარეიშვილმა მოითხოვა, სამართალდამცავებს გამოეძიებინათ, კონკრეტულად რა თანხებით ფინანსდებიან აღნიშნული პარტიები, რათა, მისივე თქმით, “ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს იმაზე ლაპარაკი, რა ფულს აძლევს ივანიშვილი მის პარტნიორებს”.   

ცაგარეიშვილს ამ კითხვის დასმა დამთავრებულიც არ ჰქონდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ საორგანიზაციო დეპარტამენტს მოუწოდა, ოპერატიულად უზრუნველყავით სათანადო კითხვის გაგზავნაო. 

ცხადია, კითხვა ოპერატიულად გაიგზავნა, მაგრამ პასუხი ამაზე ოპერატიულდ იქნა გაცემული. დღეს დილით ბაქრაძემ დაადასტურა ინფორმაცია, რომ მის სახელზე პროკურატურის პასუხი უკვე შესული იყო პარლამენტში. თუმცა, მან ისიც აღნიშნა, პროკურატურის პასუხს არ ვიცნობ, რადგან წერილი გიორგი ცაგარეიშვილის სახელზე არის შემოსული და პირდაპირ მას გადავუგზავნეო.

ამ განცხადებიდან ცოტა ხანში პასუხის შინაარსი თავად გიორგი ცაგარეიშვილმა მიაწოდა დაინტერესებულ ჟურნალისტებს, სადაც ჩამოთვლილია, თუ რა დაფინანსება მიიღეს მიმდინარე წლის ნოემბერ-დეკემბერში ბიძინა ივანიშვილის გუნდში შემავალმა პარტიებმა.

Presage.tv ამ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ:

პოლიტიკური გაერთიანება ხალხის პარტიას დაფინანსება მიღებული აქვს შემდეგი კომპანიებიდან: სს “ბანკი ქართუ" – 100 000 ლარი; შპს “ფინსერვის-21” – 100 000 ლარი; შპს “ფინსერვისი" – 100 000 ლარი; შპს “ელიტა ბურჯი" – 100 000 ლარი, შპს “ქართუ ჯგუფი" – 100 000 ლარი; შსპ “ქართუ მენეჯმენტი" – 100 000 ლარი; შპს “ინტერკონსალტინგი პლუსი" - 100 000 ლარი; შპს “კალა კაპიტალი" – 100 000 ლარი, შპს “კოლხეთი" – 100 000 ლარი;

კონსერვატიული პარტია" – შპს “კომპლექს-სერვისი" – 100 000 ლარი; სს ბანკი “ქართუ" – 100 000 ლარი; შპს “ბურჯი" - 100 000 ლარი; სს “ქართუ ჯგუფი" - 100 000 ლარი; შპს “ფინსერვისი" - 100 000 ლარი; შპს “ინტერკონსალტინგი პლუსი" - 100 000 ლარი; შპს “ქართუ მენეჯმენტი" - 100 000 ლარი; შპს “ელიტა ბურჯი" - 100 000 ლარი; შპს “ფინსერვის-21" - 100 000 ლარი; შპს “კოლხეთი" - 100 000 ლარი; შპს “კალა კაპიტალი" - 100 000 ლარი.  “კონსერვატიულმა პარტიამ" აღნიშნული დაფინანსება მიმდინარე წლის დეკემბერში მიიღო.

საქართველოს რესპუბლიკურ პარტიასთან" დაკავშირებით კი, ჩამონათვალი ასეთია: მათ მიმდინარე წლის ნოემბერში მიიღეს – სს “ბანკი ქართუდან" - 100 000 ლარი; შპს “ბურჯი" - 100 000 ლარი; შპს “კომპლექსერვისი" – 100 000 ლარი; სს “ქართუ ჯგუფი" - 100 000 ლარი; შპს “ბურჯი" 100 000 ლარი; შპს “ფინსერვისი" - 100 000 ლარი; შპს “ინტერკონსტალტინგი პლუსი" - 100 000 ლარი; შპს “ელიტა ბურჯი" - 100 000 ლარი; შპს “ქართუ მენეჯმენტი" - 100 000 ლარი, შპს “ქართული ჰოლდინგი" - 100 000 ლარი.

რაც შეეხება “რესპუბლიკური პარტიის" მიერ დეკემბერში მიღებულ დაფინანსებას; მათ მიმდინარე წლის დეკემბრში შპს “კალა კაპიტალისგან" და შპს “კოლხეთისგან" 100 000-100 000 ლარი მიიღეს.

პოლიტიკური გაერთიანებათავისუფალი დემოკრატების" დაფინანსება კი ასეთია: 100-100 000 ლარი მიიღეს ბანკი “ქართუსგან"; სს “ქართუ ჯგუფისგან"; შპს “ფინსერვისისგან"; შპს “ინტერკონსტალტინგი პლუსისგან"; შპს “ელიტა ბურჯისგან"; შპს “ქართული მენეჯმენტისგან"; შპს “ქართული ჰოლდინგისგან", ხოლო დეკემბერში “თავისუფალმა დემოკრატებმა" 100 000-100 000 ლარი შპს “კალა კაპიტალის" და შპს “კოლხეთისგან" მიიღეს.

ეს არის ის ინფორმაცია, რაც პროკურატურამ ცაგარეიშვილს მიაწოდა და ამ შემთხვევაში საინტერესო ის არის, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ცაგარეიშვილის სადეპუტატი შეკითხვაზე პასუხი გასცეს.

„მთელი ამ წლების განმავლობაში ათობით და, შესაძლოა, ასობით კითხვაც კი მაქვს მთავრობისთვის გაგზავნილი და პირველი შემთხვევაა, რომ მიპასუხეს. მაგრამ არ ვიცი, თორთლაძის გარდა თუ ვინმეს სჯერა, რომ ამ სიაში რაიმე კანონდარღვევაა,” - ამბობს გია ცაგარეიშვილი.

გია თორთლაძე კი დარწმუნებულია, რომ მთავარი პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული მასალა ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში რუსეთის ფედერაციის ჩარევას ადასტურებს.

ამის სათქმელად თორთლაძემ საგანგებო ბრიფინგიც კი გამართა, სადაც განაცხადა, რომ მთავარი პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტში, რომელშიც ჩამოთვლია “თავისუფალი დემოკრატების", “რესპუბლიკელების", “კონსერვატორების" და “ხალხის პარტიის" დამფინანსებელი ორგანიზაციები, დასახელებულია 9 კომპანია, რომლის მფლობელიც ერთი ადამიანია – ბიძინა ივანიშვილი, ორი კი საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ყოფილი კაპიტანს კახი კალაძეს ეკუთვნის.

„სხდომაზე სწორედ ამაზე ვსაუბრობდი, რომ აღნიშნული პარტიები რუსი ოლიგარქისგან ფინანსდება და ეს არის ფე-ეს-ბე-ს ფული“, - აცხადებს გია თორთლაძე.

ამასთან, დეპუტატისთვის „გაუგებარი“ იყო ჟურნალისტების კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის გასაკვირი ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის მიერ მისივე თანაგუნდელების დაფინანასება და რა არის ამ ფაქტში კანონდარღვევა ან უცნაური.

თორთლაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი რუსი ოლიგაქრია, რადგან მან ფული რუსეთის ფედერაციაში იშოვა და ახლაც რუსეთის მოქალაქეა, უცხო ქვეყნის მოქალაქეს კი ქართული პარტიების დაფინაანსების უფლება არ აქვს.

თუმცა, თორთლაძე უკანონობას ვერ ხედავს იმ გარემოებაში, რომ თავის დროზე „რუს ოლიგარქის“ მიერ „რუსული ფულით“ მინისტრები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანის ხვადასხვა პროექტები ფინანსდებოდა.

ამასთან, თორთლაძე არ აკონკრეტებს, რატომ არ დაინტერესდა აქამდე „ნაციონალური მოძრაობის“ დაფინანსებით, რომლის დამფინანსებელთა სიაში, როგორც დღეს გიორგი ცაგარეიშვილმა აღნიშნა, არიან ისეთი იურიდიული პირები, რომელთა დამფუძნებლებიც რუსეთის ფედერაციაში და ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული პირები არიან.

მისი თქმით, ამ ყველაფერში თუ რაიმე კანონდარღვევაა, ეს სამართალდამცველებმა უნდა გაარკვიონ, თუმცა, თორთლაძე არ აპირებს, შეუერთდეს დეპუტატ გიორგი ცაგარეიშვილის სადეპუტატო მიმართვას პროკურატურისადმი, სადაც ის „ნაციონალური მოძრაობის“ დაფინანსების შესახებ ინფორმაციას ითხოვს.

თორთლაძემ და ჟურნალისტებს სთხოვა, არ დაესვათ კითხვები „ნაციონალური მოძრაობის“ რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებული პირების მიერ დაფინანსების საკითხზე, რადგან მისი ბრიფინგის თემას, რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ქართული პარტიების დაფინანასება წარმოადგენდა და არა ნაციონალები.

ამაზე მეტად გაუგებარი კომენტარი უმრავლესობის ლიდერებს აქვთ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი, შეკითხვას იმის შესახებ, თუ „რა სახის კრიმინალი და კანონდარღვევა იკვეთება იმ ინფორმაციაში, რომელიც მთავარმა პროკურატურამ პარლამენტს ოთხი ოპოზიციური პარტიის დაფინანსების თაობაზე მიაწოდა“, რატომღაც „არასერიოზულ შეკითხვად“ აღიქვამს.

ასეთი პასუხი მან დღეს პარლამენტში ჟურნალისტების დასმულ კითხვას გასცა. თუმცა, ფაქტია, რომ ეს არის ის ერთად-ერთი კითხვა, რაც შეიძლება პროკურატურის მასალასთან დაკავშირებით დაისვას, რადგან ამ მასალის დემონსტრირება იმისთვის მოხდა, რომ დაემტკიცებინათ, როგორ აფინანსებს ივანიშვილი ქართულ პოლიტიკას რუსული ფულით.

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, პავლე კუბლაშვილის თქმით კი, ივანიშვილთან ასოცირებული კომპანიების მიერ პარტიების დაფინანსება სამართლებრივი დარღვევა არ არის. თუმცა, „პოლიტიკურად გაუმართლებლად“ მიაჩნია, რადგან „ეს აშკარად რუსული ფულია“.

„ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დადასტურა, რომ ვენეციის კომისია მართალი იყო, როდესაც იურიდიული პირების მიერ პარტიების დაფინანსებაზე იძახა, რომ მათ უკან ყოველთვის შეიძლება იყოს პირი ვისი ფულიც გაუმჭვირვალეა“, - განაცხადა კუბლაშვილმა.

გიორგი ცაგარეიშვილი კი სამართალდამცავ უწყებებს უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ დაფინანსებასთან დაკავშირებით მიმართავს და იმედოვნებს, რომ სამართალდამცავი სტრუქტურები იგივე ოპერატიულობით მოახდენენ რეაგირებას ამ მოთხოვნაზე, როგორც წინა სადეპუტატო კითხვაზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის თანაგუნდელი პარტიების დაფინანსებას ეხებოდა.

როგორც ცაგარეიშვილი აცხადებს, მას აქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ გასულ წლებში „ნაციონალური მოძრაობა“ რუსეთში რეგისტრირებული იურიდიული პირებისგან ფინანსდებოდა.

ცაგარეიშვილის ინფორმაციით, 2010 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ დამფინანსებლებს შორისაა ისეთი კომპანიებიც, რომელთა დამფუძნებლებიც რუსეთში არიან რეგისტრირებულნი.

მისი თქმით,  2010 წელს „ნაციონალურ მოძრაობას“ სულ 12 667 503 ლარი შესწირეს. შემომწირველი იყო 434 იურიდიული და ფიზიკური პირი. რაც შეეხება იმ იურიდიულ პირებს, რომელთა წილის მფლობელები უცხო ქვეყანაში რეგისტირირებული კომპანიები არიან, ცაგარეიშვილის ცნობით, მათი ჩამონათვალი ასეთია:  შპს „ჭიათურმანგანუმ ჯორჯია“, რომელმაც „ნაციონალურ მოძრაობას“ 100 000 ლარი შესწირა და, რომლის 100%-იანი წილის მფლობელია ოფშორული კომპანია შპს „საერთაშორისო ბიზნეს კომპანია - გრინფილდ ფაინეშალ კორპორეიშენი“. 50 000-ლარიანი შემოწირულობა გააკეთა შპს „ბლოკ ჯორჯიამ“, რომლის 50%-ანი წილის მფლობელი არის ჩეხეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული კომპანია. ასევე, 25 000-ლარიანი შემოწირულობა აქვს გაკეთებული „უშბა დისტალერს“, რომლის 100%-ანი წილი „ჰასალბა ლიმიტედს“ ეკუთვნის, ხოლო შპს „ბელბაუსის“ დამფუძნებელი 100%-ით არის კვიპროსში დარეგისრიტრებულ შპს „ბელენარდო ჰოლდინგ ლიმიტედი“.

ასევე, ცაგარეიშვილის ცნობით, მმართველ პარტიას 17 000 ლარი შესწირა ლიტვის რესპუბლიკაში დარეგისტრირებულმა სს „კალანდამ“, რომელიც 100%-ან წილს ფლობს შპს „აჭარის ბუნებრივი აირი“-ში. ამას გარდა, 17 500-ლარიანი შემოწირულება აქვს შპს „ბარვილ ჯორჯიას“, რომლის 100%-ან წილსაც ოფშორში რეგისტირებული კომპანია „ბარვილ ბლექსი შიფინგ ლტდ“ ფლობს. ასევე, შემომწირველია „კავექს ფოთი“, რომლის 14%-იან წილს ირლანდიაში რეგისტირებული შპს „რიჩმონდ კორპორეიშენ ლიმიტედი“ ფლობს, ხოლო ასევე შემომწირველ შპს ბანექსის 9%-იან წილს, ვირჯიინის კუნძულებზე, კერძოდ კი ოფშორში რეგისტრირებული „ვორლიხ ინთერნეიშენალ ინქორპორეიშენი“ ფლობს.

ცაგარეიშვილის ცნობით, შემომწირველია შპს „სთაილი“, რომლის 40%-იან წილს ნიდერლანდების მოქალაქე პიტერ სიმონ ბლაარი ფლობს. ასევე, დამფინანსებელია, შპს „მეტალექსი“ რომლის 5%-იან წილს თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ომარ სარინი ფლობს.

რაც შეეხება რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებულ კომპანიებს, დეპუტატის ინფორმაციით, „ნაციონალურ მოძრაობას“ 2010 წელს 10 000 ლარი შესწირა შპს „მგსს საქართველომ“, რომლის 51% წილის მფლობელია მომენტალური გადახდების გაერთიანებული სისტემა და, რომელიც რუსეთის ფედერაციაშია რეგისტრირებული. ასევე, 40 000 ლარით დამფინანსებელია შპს „პრომერ პლუსი“, რომლის 100%-ან წილის მფლობელი არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ფრიდონ ქათამაძე.

„მეშინია, თორთლაძეს პატარა ნაციონალური გული არ გაუსკდეს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს და კიდევ ბევრი ასეთი დაფინანსება აქვს მიღებული ნაცმოძრაობას და ამიტომ ახლა მივმართავ პროკურატურას, რომ მომაწოდოს ინფორმაცია, ვინ აფინანსებს „ნაცმოძრაობას“ და ეს დამფინანსებლები არიან თუ არა რუსეთთან კავშირში. ასევე მივმართავ პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ ამ შემთხვევაშიც დამეხმაროს და პროკურატურამ ეს ინფორმაციაც დროულად მომაწოდოს“, - აცხადებს გიორგი ცაგარეიშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობამ კი ჯერ არ იცის, ამაზე რა თქვას.

ცისკარიშვილის თქმით, „საკითხის სამართლებრივი მხარე მსჯელობის საგანია და აქ მნიშვნელოვანი მისი პოლიტიკური მხარეა“.

„არც ფრიდონ ქათამაძეს და არავის სხვას „ნაციონალური მოძრაობა“ იმ დავალების შესრულების პირობით არ დაუფინანსებია, რომ ეს პოლიტიკური ძალა არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში რუსეთის ინტერესების გამტარებელი იქნებოდა, განსხვავებით იმ პოლიტიკური ძალებისაგან, რომელთაც დაფინანსება ბიძინა ივანიშვილისგან მიიღეს“, - აცხადებს პეტრე ცისკარიშვილი.

მან აქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ კანონის დაცვით - ღიად და გამჭირვალედ ფინანსდება“, რომლის ამსახველი მონაცემებიც ყველა შესაბამის უწყებას, მათ შორის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გააჩნია.   

იგივეს აცხადებს პავლე კუბლაშვილიც. მისი თქმითაც, „ნაციონალურ მოძრაობას“ შემოწირულობებთან დაკავშირებით არასდროს კანონი არ დაურღვევია“.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე კი ამ კითხვაზე პასუხის ნაცვლად იმაზე დარდობს, თუ ივანიშვილის ფულს ეს პარტიები რაში ხარჯავენ. 

„ზოგადად ვფიქრობ, რომ ის პერიპეტიები, რაც დღეს ვითარდება, თუნდაც პარლამენტში სადეპუტატო მოთხოვნები და ამაზე პასუხი, თავისთავად, ყველაფერზე მეტყველებს, - აქ პასუხს არაფერი არ არის. უზარმაზარი თანხებია იმ პოლიტიკოსებზე გაცემული, რომელთა არც ქმედება არ უნახავს არავის და ეს პოლიტიკოსებიც არავის უნახავს, თან დიდი ხანია. ამიტომაც ბუნებრივია, რომ მათ ეს ფული უბრალოდ სახლში მიაქვთ.

„ყველამ იცის ამ ფულის წარმომავლობა. ერთადერთი, რაც ამ ადამიანმა ასე თუ ისე გასაგებად ჩამოაყალიბა, ეს არის მისი დამოკიდებულება რუსეთისადმი და პუტინისადმი, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში ძაღლად არავინ აგდებს. ეს ადამიანი არის მისთვის დემოკრატიის მაგალითი ამიტომ რაზე უნდა ისაუბრო,” - აცხადებს გივი თარგამაძე.