"ქართული ოცნება ოცნებად არ უნდა დარჩეს"

საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ სამართლის დარგობრივი მიმართულების ხელმძღვანელი მინდია უგრეხელიძე, ხოლო მისი მოადგილე ზაქარია ქუცნაშვილი გახდნენ. „ქართული ოცნების“ დარგობრივი მიმართულების - „სამართლის სისტემა, ადამიანის უფლებები და მართლმსაჯულება“ პრეზენტაციაზე როგორც გაცხადდა, შესაბამისი დარგობრივი ჯგუფები, პირველ ეტაპზე, საზოგადოებისთვის ყველაზე მტკივნეულ საკითხებთან დაკავშირებით კატალოგს შეადგენენ, შემდეგი ეტაპი დიაგნოსტიკა იქნება, რასაც განსახორციელებელი გეგმებისა და რეკომენდაციების მომზადება მოჰყვება.

„იმისათვის, რომ „ქართული ოცნება“ ავიხდინოთ, თავგანწირული ბრძოლაა საჭირო.  სამართლის დარგში ვითარება უნდა შევცვალოთ, ვინაიდან არა არს მშვიდობა სამართლის გარეშე და სამართალი – მშვიდობის გარეშე. იმ დროს, როდესაც სამართლის ერთადერთი მომხმარებელი ხალხია, ჩვენს რეალობაში სამართალი ხალხზე არაა ორიენტირებული. ადამიანის ცხოვრება სამართლით უნდა იყოს გაჯერებული და სწორედ სამართლის მეშვეობით უნდა დავამყაროთ მშვიდობა. ამიერიდან სამართლის უზენაესობა ყველა პროცესის წარმმართველი უნდა იყოს“, - აღნიშნა მინდია უგრეხელიძემ. 

დარგობრივი მიმართულება ითანამრომლებს ყველასთან, ვისაც ამის სურვილი ექნება. თემატურ ჯგუფებს ხელმძღვანელობას დარგის სპეციალისტები - იოსებ ბარათაშვილი, ალაქსანდრე ბარამიძე, პაატა გაჩეჩილაძე, ნათია კინწურაშვილი, პაატა ცნობილაძე, თეა წულუკიანი და უჩა ნანუაშვილი გაუწევენ. „ქართული ოცნების“ სამართლის დარგობრივი მიმართულება სპეციალურ პროგრამას შეიმუშავებს, რომელიც „ქართული მართლმსაჯულების რეკონსტრუქციას“ დაედება საფუძვლად. დარგობრივ ჯგუფში უკვე 54-მდე ადამიანია გაერთიანებული.

Presage.tv-ს ესაუბრება უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მინდია უგრეხელიძე.

თქვენი ჯგუფის ძირითადი მიზანი რა იქნება და რამდენ ხანში დადებთ საბოლოო დოკუმენტს?

- ამას ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ დოკუმენტი შეიქმნება მას შემდეგ, რაც შეგროვდება ყველა შემოსული მასალა. ზოგიერთი მასალა ჩვენ უკვე გვაქვს და ისედაც ცნობილია გაზეთებით, ტელევიზიით, მაგრამ ახლა ჩვენ გვინდა, რომ საზოგადოებრივი ტკივილის შესახებ, ადამიანებისთვის ყველაზე მგრძნობიარე საკითხების კატალოგი გავაკეთოთ. როცა ეს კატალოგი გვექნება, მერე მოხდება მისი დიაგნოსტიკა და რეაბილიტაციის გზების დასახვა. მხოლოდ ამის შემდეგ შეიქმნება დოკუმენტი. ახლა თქვენ რომ მითხრათ, მაინცდამაინც თარიღი დამისახელეთო, ეს ცრუ დაპირება იქნება. 

კატალოგში კერძო იურიდიული დავების შემთხვევები იქნება თავმოყრილი?

- ნებისმიერი შემთხვევა. მაგალითად, ვინმე რომ სახლში მივა და, თუ გაახსენდა, რომ ვიღაცამ დაჩაგრა და ამ უსამართლობის გამო მან ვერ ჰპოვა სამართალი, დაწერს,  რატომ ხდება ასეთი რამ? რატომ არის ეს სისტემა ასეთი? მაგალითად, ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად მესმის, რომ, ხალხს, რომლებიც გაყარეს სამსახურებიდან და, რომლებსაც პენსია ეკუთვნოდათ, მართალია, მისცეს პენსია, მაგრამ ეს პენსია დისკრიმინაციულია. ეს შეიძლება გახდეს ერთ-ერთი სერიოზული საკითხი, თუ სხვა რომელიმე სხვა უფრო დიდმა საკითხმა არ გადაწონა. ეს მონაცემები დაგროვდება.

ეს დოკუმენტი ხომ არ გახდება ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო პროგრამის ნაწილი?

- ეს დოკუმენტი იქნება ყველა იმ ადამიანისთვის ხელმისაწვდომი და გამოსაყენებელი, ყველას შეუძლია გამოიყენოს, ვინც ამას მოინდომებს. თუნდაც ეს მოსისხლე მტერი იყოს. და, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილიც შეეცდება გამოიყენოს და, თუ გამოიყენებს, ღმერთმა გაუმარჯოს. ეს დოკუმენტი საგანგებოდ მისთვის არ იქმნება, არამედ იმისთვის, რომ ჩვენ შევაგროვოთ საზოგადოებრივი ტკივილი. მაგრამ, თუ ბატონი ბიძინა გამოიყენებს, ძალიან კარგი იქნება და მოხარულიც ვიქნებით.

ქართულ ოცნებასუკვე აქვს კონცეფცია, თუ როგორ შეიცვალოს სამართლებრივი ასპექტები საქართველოში?

- „ქართულ ოცნებას“ ჯერ არავითარი კონცეფცია არ აქვს. ეს სწორედ იმიტომ შეიქმნა, რომ გამოიკვეთოს კონტურები, და, თუკი „ქართულ ოცნებას“ ჭკუაში დაუჯდება, მერე ამის მიხედვით ჩამოაყალიბებს თავის კონცეფციას. ჯერ კაცს პარტია არ შეუქმნია და საზოგადოებრივი მოძრაობაც არ დაწყებულა, დღეს ავმოძრავდით პირველად.

თქვენ ბრძანდებოდით პროექტხალხი ასამართლებს ხელისუფლებასხელმძღვანელი. რა მოიტანა .. მხილების პროექტმა საქართველოში? ხელისუფლებაზე ეს ალბათ არ იმოქმედებდა, მაგრამ დასავლეთის თვალში ალბათ რაღაცას ნიშნავდა?!

- კარგი შეკითხვაა, ამ პროექტმა ძალიან ბევრი რამ მოიტანა: ჯერ ერთი, მე იმ პროექტით ბევრი რამ შევამოწმე. მაგალითად, მაინტერესებდა, რას იზამდა ხელისუფლება, ჩაერეოდა თუ არა ჩვენს საქმიანობაში, გამოიყენებდა თუ არა დაშინების ან ხელის შეშლის მეთოდებს. აღმოჩნდა, რომ არაფერი ამის მსგავსი თავში არ მოსვლიათ. მართალი გითხრათ, ჩემთვის ეს ძალიან მოულოდნელი იყო. ველოდი, რომ ესენი შეტევაზე გადმოვიდოდნენ. მეორე, ის იყო, რომ იმ პროცესებმა ზოგიერთი ისეთი ახალი გარემოება გამოავლინა, რომელიც არცერთ დოკუმენტში შესაბამის საქმეებზე არსად არ არის. ეს შეეხება ორივეს, როგორც ვაზაგაშვილების საქმეს, ასევე, აფრასიძეების საქმეს. ცხადია, ეს ყველაფერი დოკუმენტური ჩანაწერის სახით ფირზე არსებობს და ეს დოკუმენტები არსად გამქრალა.

მესამე, ამ სახალხო სასამართლომ საშუალება მომცა, კიდევ ერთხელ მომეხდინა აპრობაცია და ვერიფიკაცია ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ჩემს უწინდელ შეხედულებაში, რომ საქართველოში ძალიან საეჭვოა, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი სარგებლობის მომტანი იყოს. მეოთხე არის ის, რომ თვითონ ეს ადამიანები, რომლებმაც ჩვენთან საჩივრები შემოიტანეს, მოდიოდნენ ძალიან გულწრფელი სურვილით. ისინი გვეუბნებოდნენ ასეთ რამეს, ბატონო, არ გვინდა მაინცდამაინც გამართლება, იქნებ დაგვხვრიტოთ, იქნებ ჩამოგვრახრჩოთ კიდეც, მაგრამ ჩვენ გვინდა, გავიგოთ, მართალი ვართ თუ არა კონკრეტულ შემთვევაში, ან რაში ვართ მართალი და რაში მტყუანი. იქნებ, ნაწილობრივ ვარ მართალი და რაღაცაში ვტყუი?! ე.ი. მათ აინტერესებდათ, რომ თავიანთი საქმე განხილული ყოფილიყო მიუკერძოებელი ხალხის მიერ, არათუ ანგაჟირებული და პოლიტიკურად შეკვეთით მოქმედი ადამიანების მიერ. ამას ემსახურებოდა პროექტი „ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას“.

საზოგადოებას უნდა, სიმართლე შეიტყოს იმ ადამიანებისაგან, ვინც მათ ეგულვის ნამდვილად საზოგადოების წარმომადგენლად და არა რომელიმე პარტიის ან სახელისუფლო ძალის წარმომადგენლად.

ხელისუფლებას სურს, ბიძინა ივანიშვილს სამართლებრივი სივრცე მოუსპოს. ქართველი ერის ნაწილი, ვინცქართული ოცნებისხედვას იზიარებს, მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი ისედაც საქართველოს მოქალაქეა, და მას სულაც არ სჭირდება ბეჭედდასმული ქაღალდი. თუმცა, ცხადია, მაინც უნდა არსესებობდეს იურიდიული დოკუმენტაციაც. მოქალაქეობის დაბრუნების მხრივ როგორ განვითარდება მოვლენები?  

- თქვენ იცით, რომ ერთ-ერთი პიროვნება (ზაქარია ქუცნაშვილი), შედის იმ ადვოკატთა ხუთეულში, რომლებიც მის ინტერესს იცავენ სასამართლოში. ამ საქმეზე საბოლოო მსჯავრი მალე გამოვა. პირადად მე არ ვიცნობ დოკუმენტაციას, მაგრამ რაც მოვისმინე და, რაც გაზეთებიდან და ტელევიზიიდან შევიტყე, ჩემთვის საკმარისი იყო საიმისოდ, გამეკეთებინა დასკვნა, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისთვის, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ან მის მეუღლეს მოქალაქეობა ჩამოართვან.

სტრასბურგში მოსამართლედ თქვენი მოღვაწეობისას ასეთი პრაქტიკა თუ შეგხვედრიათ, რომ რომელიმე ქვეყანაში არასასურველი მოქალაქისთვის ჩამოერთვათ მოქალაქეობა?

- მიჭირს გიპასუხოთ, იყო თუ არა 60 წლის განმავლობაში რაიმე ასეთი, მაგრამ ჩემს ხელში ასეთ საქმეს არ გაუვლია, მიუხედავად იმისა, რომ მე ათი წლის განმავლობაში იქ ვიყავი. ძალიან მეეჭვება, ასეთი რამ ყოფილიყო, მაგრამ არის ერთი მომენტი, რომელსაც რატომღაც არავინ იყენებს, რაც მე მაკვირვებს: ევროსაბჭოს მიღებული აქვს სპეციალური დოკუმენტი, რომელშიც წერია, რომ ევროსაბჭოს წევრმა ქვეყნებმა ყველაფერი უნდა იღონონ, რათა რაც შეიძლება, მალე ოფიციალურად (გამონაკლისის წესით კი არა) შემოიღონ და დაადგინონ ორმაგი მოქალაქეობა.

რა მოტივაცია გქონდათ, როცაქართულ ოცნებაშიგაწევრიანდით?

- პირადად ჩემი მოსაზრება ღირებულებათა სისტემებს ეფუძნებოდა. როდესაც გავეცანი იმ ღირებულებათა სისტემას, რომლის აღმსრულებელიც არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი და ყველაფერ ამას დავუმატე და წარმოვიდგინე ის დამსახურებანი, რაც მას აქვს ქართველი ხალხის წინაშე, „ქართულ ოცნებაში“ გავწევრიანდი. ბიძინა ივანიშვილთან სულ ერთხელ მქონდა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, მასთან სხვა შეხვედრა არ მქონია. ბიძინა ივანიშვილმა ჩემზე დადებითი შთაბეჭდილება დატოვა, ის არის ნაფიქრალი კაცი, ტკივილიანი კაცი, აზრიანი ადამიანი, კრიტიკას თავისუფლად ეგუება. მათ შორის, რაღაცებში ვერ შევთანხმდით, ვიკამათეთ და უნდა გითხრათ, თითქმის ყველა საკითხზე აქვს თავისი მოსაზრება. ესეც ძალიან საინტერესოა, არის მარტივი ადამიანი, ყოველგვარი ზედმეტობების გარეშე.

მისივე ფინანსური შესაძლებლობა მისთვის ხელისშემშლელი ხომ არ არის? საზოგადოებაში ასეთი აზრიცაა, მას ფული რომ არ ჰქონოდა, იქნებ, უკეთესიც ყოფილიყო. და ბოლოს, რა უნდა გაკეთდეს, რომ ქართული ოცნება ოცნებად არ დარჩეს?

- შესაძლოა, მაგრამ ეს ჩემი განსასჯელი არ არის. იმისთვის, რომ ქართული ოცნება ოცნებად არ დარჩეს, ამისთვის საჭიროა შრომა, თავმიძღვნილი საქმიანობა და არა ის, რომ რახან ოცნებაა, მარტო იოცნებო. ეს ოცნებით არ მიიღწევა. უშეცდომო ადამიანი არ არსებობს. ადამიანი იმიტომ არის ადამიანი, რომ იგი ცთომილია და არსებობს ძველი რომაული გამოთქმა - „შეცდომები ადამიანურია“. შეცდომები ალბათ იქნება, მთავარია, საბედისწერო შეცდომა არ დავუშვათ.