მიხეილ სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილის ნაჩუქარი «ციცინათელა» სომხებს მიჰყიდა

მიხეილ სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილის ნაჩუქარი «ციცინათელა» სომხებს მიჰყიდა


ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ხელისუფლების მთავარი სპონსორი იყო, უამრავი სახელისუფლო პროექტი მისი ფულითაა დაფინანსებული. ცხადია, მათ შორის მრავლადაა ისეთიც, «ნაცმოძრაობა» დღემდე თავს რომ იწონებს. პრეზიდენტი თუ მასზე დაბალი რანგის ჩინოსნები ამ ობიექტების გახსნის ცერემონიალზე წითელ ლენტებს დიდი მაკრატლებით რომ ჭრიდნენ, მათი ამშენებლის სახელს არც კი ახსენებდნენ. ცხადია, მოვა დრო (და ეს, ალბათ, წინასაარჩევნო პიკზე იქნება), როცა ივანიშვილის შტაბი მედიით გაახმაურებს, თუ როდის, რაში შეეხიდა ხელისუფლებას და არც ამ პროექტების ღირებულება დარჩება საიდუმლოდ.

თუმცა «ნაცმოძრაობის» ლიდერების უმეტესობას შუბლის ძარღვი, დიდი ხანია, გაწყვეტილი აქვს და უხერხულობას მაინც ვერ იგრძნობს. «ნაცმოძრაობა» მალე მოჭამს თავის დროს და, როცა მისი ლიდერები ქართული პოლიტიკური სცენიდან წავლენ, ზურგზე ნამდვილად ვერ მოიკიდებენ იმ უამრავ შენობა-ნაგებობას, რომლებიც ივანიშვილმა ააშენა. ხალხი გაიგებს სიმართლეს: როცა ესენი ბიუჯეტიდან მილიონებს იპარავდნენ, ივანიშვილი აშენებდა... 

ახლა კი ერთ «ნაციონალურ» ვირეშმაკობას მინდა ავხადო ფარდა. მიხეილ სააკაშვილს რომ ახლობელი ადამიანის გაწირვა, აბუჩად აგდება შეუძლია, ეს არაერთხელ დაამტკიცა. ქართულ პოლიტიკაში «მოსულა», _ ადამიანი ლიმონივით გამოწურო, მილიონები დაახარჯვინო და მერე მოისროლო (ასეთი ბიზნესმენები მრავლად არიან ჩვენში, ზოგი ციხეშიც ზის), სანაცვლოდ რომ არაფერი გთხოვოს. სააკაშვილი იმასაც ფიქრობს, რომ, მისი ჭკუით, ბიძინა ივანიშვილი მაშინ მოატყუა, როცა მასთან ჯერაც ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა და ქართველი მილიარდერი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი ფინანსური ბურჯი იყო.

ყველას ეხსომება _ «აჭარის რევოლუციის» წლისთავზე, 2005 წლის 6 მაისს მიხეილ სააკაშვილმა ჩოლოქის ხიდამდე, ურეკის ტერიტორიაზე, ბავშვთა გასართობი კომპლექსი «ციცინათელა» გახსნა. მაშინ სააკაშვილმა, ჩვეულებისამებრ, ბევრი ილაპარაკა, თუმცა მისი მთავარი გზავნილი ის იყო, რომ ასლან აბაშიძე ბავშვებისთვის არაფერს აკეთებდა, მე კი ერთ წელიწადში ამხელა საბავშვო კომპლექსი ავაშენეო. აჭარისა და გურიის რაიონებიდან ავტობუსებით უამრავი ბავშვი და მოზარდი ჩამოიყვანეს და იმ დღეს ატრაქციონიც და ნაყინიც უფასო იყო მათთვის. ეს კომპლექსი ბიძინა ივანიშვილმა ააშენა და იმ დროს, როცა სააკაშვილმა გახსნა, ჯერაც ივანიშვილის «ქართუ ჯგუფის» ბალანსზე იყო. რამდენიმე თვეში ბიძინა ივანიშვილმა «ციცინათელა» სახელმწიფოს აჩუქა და ის ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვის სააგენტოს ბალანსზე გადავიდა.

სააკაშვილმა 2 წელი შეინარჩუნა «ციცინათელა». მერე ჩვეულმა ხუშტურმა მოუარა და 2007 წლის გაზაფხულზე ეს საბავშვო-გასართობი კომპლექსი სომეხ ბიზნესმენებს მიჰყიდა, თანაც ისე, რომ ივანიშვილი, ზრდილობის გულისთვის მაინც, არ ჩაუყენებია საქმის კურსში. როცა ბიძინა ივანიშვილს გაუგია, სააკაშვილმა «ციცინათელა» სომხებს მიჰყიდაო, დაურეკავს და უსაყვედურია _ არავის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ ცენტრში მინიმალური ფასები იქნებოდა შენარჩუნებული, მცირე მოგებაზე იმუშავებდა და ყველას, მათ შორის, შეჭირვებული ოჯახის შვილებსაც მიუწვდებოდათ ხელი. ახლა, სად არის გარანტია, რომ უცხოელი ბიზნესმენი არ გააძვირებს მომსახურებას? თუ მაინცდამაინც გაყიდვა გინდოდა, ისევ ჩემთვის მოგეყიდა ჩემივე აშენებული ან, თუ ფული გჭირდებოდა, დაგერეკათ შენ ან ვანო მერაბიშვილს და იმ რამდენიმე მილიონს მოგცემდით, რა ფასადაც «ციცინათელა» გაყიდეთ. ჯერ არ გითხოვიათ თუ არ მომიციაო?! 

ივანიშვილს ამ სიტყვებზე მიშას ენა ჩავარდნია და ენის ბორძიკით ისღა უთქვამს, საჩქაროდ დამჭირდა ფულიო; მერე უთქვამს, მომერიდაო, მაგრამ აქაც გაჭედილა, რადგან ივანიშვილს გაუგია, რომ ქონების მართვის სამინისტრო 4 თვე აწარმოებდა მოლაპარაკებას სომეხ ბიზნესმენებთან, ამ ხნის მანძილზე კი ივანიშვილს, ხელისუფლების თხოვნით, 50 მილიონ დოლარამდე 7-8 პროექტი დაუფინანსებია, რისთვისაც სააკაშვილს ორჯერ პირადად შეხვედრია. მოკლედ, ბიძინამ მიშა ტყუილში და უსინდისობაში დაიჭირა. ივანიშვილთან დაახლოებული ადამიანები ირწმუნებიან, რომ ეს ფაქტი იყო ერთ-ერთი პირველი, რამაც ნელ-ნელა ხელისუფლებაზე ბიზნესმენს გული აუცრუა.

ისტორია კი უცნაურად, მაგრამ ჰეფი-ენდით დასრულდა. ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლების გვერდის ავლით დაუკავშირდა სომეხ ბიზნესმენებს, მათ 2 მილიონი დოლარით მეტი გადაუხადა, ვიდრე სომხებს ჰქონდათ გადახდილი სახელმწიფოსთვის და უკან დაიბრუნა «ციცინათელა». მოკლედ, ივანიშვილმა ორჯერ გადაიხადა _ ჯერ ააშენა და აჩუქა უმადურ ხელისუფლებას «ციცინათელა», შემდეგ კი ძალზე ძვირად გამოისყიდა ხელისუფლების მიერ გაყიდული კომპლექსი. ჩვენთვის უცნობია, რა დაუჯდა მისი აშენება ივანიშვილს, რა ფასად მიჰყიდა სააკაშვილმა სომეხ ბიზნესმენებს და რამდენად გამოისყიდა ბიძინა ივანიშვილმა, მაგრამ ხალხის თვალში რომ მოგებული მაინც ბიძინა ივანიშვილი დარჩა, ფაქტია.

სომეხმა ბიზნესმენებმა სულ რაღაც ერთ თვეში 2 მილიონი დოლარის მოგება ნახეს, თანაც _ არაფერში: სახელმწიფოსგან იყიდეს და ძველ პატრონს, ივანიშვილს მიჰყიდეს.

ის, რაც სააკაშვილმა იკადრა, ხელიდან წასული თაღლითი არ იზამდა.