ვინ შეერკინება კალაძეს - პოტენციური კანდიდატები და მათი შანსები

ვინ შეერკინება კალაძეს - პოტენციური კანდიდატები და მათი შანსები

მმართველი პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე ზედიზედ მესმედ იყრის კენჭს დედაქალაქის მერობაზე. ბოლო არჩევნებისას, 2021 წელს, საბოლოო გამარჯვებისთვის მას მეორე ტური დასჭირდა. წელს კი, ოპოზიციის დაქსაქსულობის ფონზე, ანალიტიკოსთა უმრავლესობა მის იოლ გამარჯვებას პროგნოზირებს.

ვისთან მოუწევს თბილისის მოქმედ მერს დაპირისპირება 4 ოქტომბრის არჩევნებზე, ჯერჯერობით უცნობია. ანალიტიკოსებს უჭირთ იმაზე საუბარი, თუ ვინ იქნება ოპოზიციის ისეთი კანდიდატი, რომელიც კალაძეს კონკურენციას გაუწევს. თუმცა, ყველაზე უფრო მეტად ალეკო ელისაშვილს ვარაუდობენ.

რაც შეეხება თავად არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურ პარტიებს, პარტიის გახარია საქართველოსთვის" წარმომადგენელმა გიორგი შარაშიძემ მათი და ლელო - ძლიერი საქართველოს" მერობის კანდიდატზე საუბრისას აღნიშნა, რომ პრიორიტეტი არის ნეიტრალური კანდიდატი, მაგრამ, ამავდროულად, პარტიული კანდიდატებიც განიხილებიან.

ჩვენ ახლა მოლაპარაკებების და კონსულტაციების აქტიურ ფაზაზე ვართ. პრიორიტეტი არის ნეიტრალური კანდიდატი, მაგრამ ამავდროულად, პარტიულ კანდიდატებსაც განვიხილავთ, რაც სხვადასხვა მეთოდოლოგიით იზომება. ძალიან მალე გაიგებს ამ კანდიდატის შესახებ საზოგადოება.

ჩვენ ვადა 4 სექტემბრამდე გვაქვს, მაგრამ, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უფრო მალე წარვადგინოთ თბილისის მერობის კანდიდატი. ჩვენი კანდიდატი ვინც არ უნდა იყოს, იქნება ადამიანი, რომელიც შეძლებს, რომ თბილისში ერთხელ და სამუდამოდ დაამარცხოს კორუფცია და თბილის კორუფციისგან თავისუფალი ქალაქი გახდეს. თბილისი კორუფციის გარეშე - ეს იქნება ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი დაპირება და ჩვენი კანდიდატიც იქნება პასუხისმგებელი იმაზე, რომ კალაძეს ჩამოვაცილებთ მმართველობას და თბილისის ბიუჯეტი მთლიანად თბილისელების კეთილდღეობას მოხმარდება", - განაცხადა შარაშიძემ.

წინა ორი არჩევნები

2021 წელს ადგილობრივი არჩევნების პირველი ტური 2 ოქტომბერს და მეორე ტური კი 30 ოქტომბრის ჩატარდა.

პირველ ტურში ხმები ასე განაწილდა:

კახა კალაძე (ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო) - 45.0%;

ნიკა მელია (ენმ) - 34%;

გიორგი გახარია (გახარია საქართველოსთვის) - 9.4%.

სხვა კანდიდატები (ანა დოლიძე, ანა ბიბილაშვილი და სხვ.) - ხმათა მცირე წილი (2-4%).

მეორე ტურში საუკეთესო შედეგების მქონე კალაძე და მელია გავიდნენ, სადაც მოქმედმა მერმა გაიმარჯვა: კალაძე - 55.6% და მელია 44.4%.

მანამდე, 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებზე, კალაძეს გამოკვეთილი კონკურენტი არ ჰყავდა და პირველივე ტურში მოიგო. აღსანიშნავია, რომ მაშინ მეორე ადგილზე ალეკო ელისაშვილი გავიდა, რომელიც წელს ოპოზიციის მხრიდან მერობის ერთ-ერთ შესაძლო კანდიდატად განიხილება.

2017 წელს ხმები ასე განაწილდა:

კახა კალაძე (ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო) - 51.1%;

ალეკო ელისაშვილი (დამოუკიდებელი კანდიდატი) - 17.5%;

ზაალ უდუმაშვილი (ენმ) - 16.6%;

ელენე ხოშტარია (ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველო) - 7.1%;

ირმა ინაშვილი (დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი) - 3%;

გიორგი ვაშაძე (ერთობა - ახალი საქართველო) - 2%.

პოტენციური კანდიდატები

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის ვარაუდით, კალაძესთან კონკურენციის გაწევა ოპოზიციის ნებისმიერი კანდიდატისთვის რთული იქნება.

ოცნებას", როგორც მინიმუმ, კონკურენცია უნდა შეუქმნან. ამიტომაც ელისაშვილის დასახელება მე ცოტა სარისკო გადაწყვეტილებად მიმაჩნია, რადგან 2025 წლის ელისაშვილი მნიშვნელოვნად განსხვავდება 2017 წლის ელისაშვილისგან, რომელმაც თბილისის მერის არჩევნებში მეორე ადგილი დაიკავა. ეს იმიტომ მოხდა, რომ მაშინ გარკვეულწილად თბილისელების ნდობა ჰქონდა, არ იყო ინტგრიგებში გახვეული, როგორც ბოლო წლებში.

მისი რეიტინგი მნიშვნელოვნად არის შემცირებული. აქედან გამომდინარე, მისი კონკურენტუნარიანობაც დაკლებულია. ამიტომაც, თუ მაინც ის დასახელდა, მე ვფიქრობ, ის შეიძლება გახდეს ხმაურიანი საარჩევნო კამპანიის ავტორი, დაიწყოს მის ჩვეულ სტილში ინფორმაციული აჟიოტაჟის შექმნა, მაგრამ რეალურ კონკურენციას კალაძეს, ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, ვერ გაუწევს.

თუმცა, არც ის არის გამორიცხული, რომ მათ მერობის კანდიდატად დაასახელონ სხვა პიროვნება. ამის შანსი ნაკლებია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მცირე შანსი მაინც არსებობს. ახლა მიდის მუშაობა, რომ გაიგონ საზოგადოების დამოკიდებულება ელისაშვილის პერსონის მიმართ. ალბათ ამის შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება. მაგრამ, რასაც მე ვუყურებ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს, უფრო მეტი შანსია, რომ ელისაშვილი დაასახელონ.

გიორგი გახარიამ კალაძესთან არჩევნები უკვე წააგო 2021 წელს. მას მერე გახარიას პირად თუ პოლიტიკურ პოპულალურობას არაფერი შემატებია, თუ არ დააკლდა. მეორეც, მისი დასახელება იქნებოდა იმ მეომორანდუმის დარღვევა, რომელზედაც ლელომ" და გახარიას პარტიამ მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვითაც კანდიდატი უნდა იყოს ნეიტრალური და გახარია არის პარტიის თავმჯდომარე. თუ ასეა, შეიძლება ხაზარაძეც დაასახელონ, რომელსახ უფრო მეტი შანსი აქვს", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ რეზონანსთან".

ანალიტიკოს დავით ზურაბიშვილის აზრით, კალაძისათვის რეალური კონკურენციის გაწევა ნებისმიერ კანდიდატს გაუჭურდება. მითუმეტეს, რომ ოპოზიციის მნიშვნელოვან ნაწილს არჩევნებისთვის ბოიკოტი აქვს გამოცხადებული და მათი მხარდამჭერები, რომელთა რიცხვიც არც ისე მცირეა, 4 ოქტომბერს უბრალოდ არ წავლენ არჩევნებზე.

ვერ გეტყვით ვინ შეიძლება შეძლოს კონკურენციის გაწევა კალაძესთვის. არ არის ეს ასე მარტივი ამბავი. არა იმიტომ, რომ ხელისუფლებაა პოპულალური, პირიქით - ძალიან არაპოპულალურია. აქ მთავარი პრობლემა ისაა, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი ბოიკოტს აცხადებს და თავიანთ ამომრჩეველს აქტიურად მოუწოდებენ, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღონ.

თავისთავად უფრო კარგი იქნებოდა, რომ არაპარტიული კანდიდატი ყოფილიყო. ეს უფრო მეტ შანს მისცემდა, რომ მეტ ხალხს მიეცა ხმა ოპოზიციური კანდიდატისთვის. ახლა მთავრია ბოიკოტის მომხრეები და მათი ამომრჩევნები თუ შეცვლიან გადაწყვეტილებას", - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა რეზონანსთან".