მესამე წრე: პოლიტიკური კარიერის გადამწყვეტი რაუნდი თუ მორიგი გამარჯვების მექანიკური გაგრძელება? - „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი კვლავ კახა კალაძეა - მმართველმა პარტიამ ის უკვე ოფიციალურად წარადგინა. ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობენ, მის სახელს კორუფციასთან აკავშირებენ და მხარდამჭერებს მობილიზაციისკენ მოუწოდებენ. მმართველ პარტიაში კი კალაძეზე ფსონი კვლავ მაღალია.
ოპოზიციურ არხებზე „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის გამოცხადებამდე ინტენსიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მმართველი პარტიის შიგნით დაპირისპირების ტალღა კალაძესაც უკავშირდებოდა. ჟურნალისტის კითხვაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დაიფიცა, რომ დაპირისპირება კალაძესთან არ ყოფილა.
„ტყუილია, არცერთი წამით მე კახას არ დავპირისპირებივარ", - განაცხადა მდინარაძემ. ამბობს, რომ 2016 წელს, კახა კალაძე იყო „ქართული ოცნების" გუნდში მისი ერთ-ერთი მთავარი რეკომენდატორი.
„კახა არის ადამიანი, რომელიც „ქართული ოცნების" გუნდში ერთ-ერთი მთავარი რეკომენდატორი იყო 2016 წელს, ირაკლი კობახიძესთან ერთად და როგორ გგონიათ უახლოეს მეგობრებს დავუპირისპირდები რამის გამო, თან როცა ისინი მართლები არიან და ერთმანეთთან მართლები ვართ? გთხოვთ, თავი დაანებოთ აგენტების მოგონილი ამბების განიუსებას."
კახა კალაძე პირველად თბილისის მერად პირველად 2017 წლის ოქტომბერში აირჩიეს, როდესაც ენერგეტიკის მინისტრობის პოსტიდან თბილისის მერობის პოსტზე გადაინაცვლა. მეორედ კი ქალაქის მერის სავარძელი 2021 წლის ოქტომბერში დაიკავა და მეორე ტურში ხმების 55.61 % მოიპოვა.
არჩევნებამდე 2 თვე რჩება, თუმცა ოპოზიციაში ამ დრომდე ოფიციალურად არ არსახელებენ მათ კანდიდატს, რომელიც კენჭს 4 ოქტომბერს იყრის.
რას ამბობენ ოპოზიციაში
კახა კალაძის თბილისის მერობის კანდიდატად შერჩევას ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გამოეხმაურა:
„ცინიზმის მწვერვალია, როდესაც მმართველი პარტია ამბობს, რომ კორუფციას ებრძვის და ამ დროს მერობის კანდიდატად წარადგენს კახა კალაძეს - ღარიბაშვილი, გომელაური, ლილუაშვილი, რიჟვაძე - ყველა კორუმპირებულია, ეს ყველამ ვიცით, მაგრამ თუ ყველა ერთად შევკრიბეთ, ერთ კალაძესაც ვერ გაუტოლდებიან."
ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ კახა კალაძეს ახლა ბიძინა ივანიშვილისთვის 800 მილიონის მიტანა მოუწევს.
„ღარიბაშვილი, გომელაური, ლილუაშვილი, რიჟვაძე - ყველა კორუმპირებულია, ეს ყველამ ვიცით, მაგრამ თუ ყველა ერთად შევკრიბეთ, ერთ კალაძესაც ვერ გაუტოლდებიან. ერთადერთი მიზეზით დარჩა კალაძე თანამდებობაზე - ივანიშვილი თირკმელს გააყიდვინებს და 800 მილიონს მიატანინებს", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
საინტერესო იყო „ლელოს" დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის წერილიც. პარტიის დამფუძნებელმა, რომელიც ახლა ციხეში იმყოფება, წერილში დაწერა, რომ ნებისმიერი ოპოზიციური ამომრჩევლისთვის არჩევნების ბოიკოტი კალაძის მხარდაჭერას უტოლდება.
„დღეს კახა კალაძე მესამედ დაასახელეს ქალაქის მერობის კანდიდატად. კალაძე, რომელიც არამარტო კორუფციასთან არის გაიგივებული, არამედ როგორც „ქართული ოცნების" გენმდივანი, გამოკვეთილად ანტიდასავლური და ღიად პრორუსი პოლიტიკოსია. პროდასავლურ დემოკრატიულ ოპოზიციას აქვს მიზანი - ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და სინდისის პატიმრების გათავისუფლება. საზოგადოებაში ორი თემა განიხილება - ბოიკოტი და ადგილობრივი არჩევნები. ნებისმიერი ოპოზიციური ამომრჩევლისთვის არჩევნების ბოიკოტი ნიშნავს კალაძის მხარდაჭერას! ეს მაშინ, როცა თბილისში 65% ოპოზიციის ხმაა და მხოლოდ 25% აქვს „ქართულ ოცნებას". ამ პირობებში, აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ უნდა აჩუქოს ოპოზიციის ამომრჩეველმა თავისი ხმა კორუმპირებულ კალაძეს და ამით ხელი შეუწყოს „ქართული ოცნებისთვის", ანუ რუსული ძალისთვის თბილისის დათმობას", - წერს ხაზარაძე.
კახა კალაძის მერობის კანდიდატად წარდგენას „საქართველოსთვის" წევრი გიორგი შარაშიძეც გამოეხმაურა.
„ოცნებამ" თბილისის მერობის კანდიდატად წარადგინა ადამიანი, მეტსახელად კორუფცია. ნებისმიერი თბილისელი რომ გამოჰკითხოთ, უმრავლესობა დაგიდასტურებთ, რომ კახა კალაძე არის ყველაზე მეტად ასოცირებული და დაკავშირებული კორუფციასთან. ამით „ოცნება" ადასტურებს იმას, რომ მისი თითქოს კორუფციასთან ბრძოლის ფაფხური მხოლოდ და მხოლოდ კორუფციასთან ბრძოლის იმიტაციაა და სინამდვილეში ის არ აპირებს არანაირი სერიოზული ზომების გატარებას კორუფციის წინააღმდეგ. შეუძლებელია ერთი მხრივ, იჭერდე ყოფილ საშუალო რგოლის მაღალჩინოსნებს და ამავდროულად კახა კალაძეს, რომელიც კორუფციასთან ყველაზე მეტად ასოცირდება, წარადგენდე თბილისის მერობის კანდიდატად მესამე ვადით", - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
„მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს"
კახა კალაძე მერობის კანდიდატად პრემიერმა ირაკლი კობახიძემ გრანდიოზული ფორმულირებით წარადგინა.
„ჩვენ დღეს შეგვეძლო თბილისის მერობის კანდიდატად წარგვედგინა უბრალოდ კარგი პოლიტიკოსი, უბრალოდ კარგი მმართველი ან უბრალოდ კარგი პატრიოტი, მაგრამ დღეს ჩვენ თბილისის მერობის კანდიდატად წარმოგიდგენთ ნამდვილ ჩემპიონს - ჩემპიონს ამ სიტყვის პირდაპირი და არაპირდაპირი მნიშვნელობით", -, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენი კანდიდატი არის ადამიანი, რომელმაც საქართველოს უმაღლესი რანგის გამარჯვებები აჩუქა. ჩვენი კანდიდატი არის ჩემპიონი პოლიტიკოსი, მმართველი და პატრიოტი. ის არის ჩემპიონი მეოჯახე. ის არის ჩემპიონი მეგობარი და ჩემპიონი თანამებრძოლი.
სწორედ ამიტომ, „ქართული ოცნების" გუნდის სახელით, მაქვს პატივი, საქართველოს დედაქალაქის მერობის კანდიდატად, უფრო სწორად - მომავალ მერად წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელსაც მერად ნებისმიერი ევროპული დედაქალაქი ინატრებდა. ეს არის ჩვენი გუნდის გამორჩეული ლიდერი, თბილისის ყველა დროის ყველაზე წარმატებული მერი - კახა კალაძე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კახა კალაძემ პრემიერს მადლობა გადაუხადა და თავის სიტყვაში ყურადღება მიაწოდა მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე.
როგორც კალაძემ დედაქალაქის მერობის კანდიდატად წარდგენის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, დღეს სლოგანი და მთავარი დაპირებაა - „მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს".
„რვა წლის წინ, როდესაც პირველად წარვდექი თბილისელების წინაშე თბილისის მერობის კანდიდატად, ჩვენი სლოგანი და მთავარი დაპირება იყო „სიცოცხლით სავსე ქალაქი". მაშინ, როდესაც ქალაქში დავდიოდი, ვცდილობდი, ჩემთვის ცხადად წარმომედგინა, როგორ შეიძლებოდა, შესხმოდა ხორცი ამ დაპირებას, როგორი უნდა გამხდარიყო თბილისი ამ დაპირების შესრულების შემდეგ.
დღეს ალბათ ყველა ვამჩნევთ ადამიანების სიმრავლეს ეზოებში, სკვერებსა და პარკებში, ქალაქის ცენტრალურ უბნებში თუ გარეუბნებში, კულტურულ და სპორტულ სივრცეებში. დღეს თბილისი და მისი თითოეული უბანი არის ბევრად უფრო სიცოცხლით სავსე, ვიდრე ის იყო რვა წლის წინ."-განაცხადა კალაძემ.