მურმან დუმბაძეს “ქართული ოცნების“ წარდგინებაზე მოსაწვევები არ დაახვედრეს

მურმან დუმბაძეს “ქართული ოცნების“ წარდგინებაზე მოსაწვევები არ დაახვედრეს

იმაზე, თუ როგორ უყურებენ აჭარაში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართვას; რატომ არ დაახვედრეს ბათუმიდან ჩამოსულ სტუმრებს მოსაწვევები “ქართული ოცნების“ წარდგინებაზე და რატომ დაითხოვეს ბათუმის პორტის თანამშრომლები სამსახურიდან, საზოგადოებრივი მოძრაობა “ემსახურე საქართველოს“ თავმჯდომარეს, მურმან დუმბაძეს შევხვდით და ვესაუბრეთ.

რა გამოხმაურება მოჰყვა თქვენს მიერ 14 ოქტომბერს გაკეთებულ განცხადებას, რომლითაც ივანიშვილს თანადგომა გამოუცხადეთ და პარტნიორობა შესთავაზეთ?

მურმან დუმბაძე: დიახ, 14-ში ნამდვილად ასეთი შინაარსის განცხადება გავაკეთე, რაც ეყრდნობოდა “ემსახურე საქართველოს“ დამფუძნებლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ტრაბახში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ განსხვავებით სხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერებისგან (რომლებმაც ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლა თავიდან დაგმეს, რაც შეცდომა იყო),  6 ოქტომბერს რადიო “თავისუფლებას“ ინტერვიუ მივეცი და ვთქვი, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლა უზარმაზარი პოლიტიკური მოვლენაა, რაც თავსატეხს გაუჩენს არა მარტო “ნაცმოძრაობას“, არამედ ოპოზიციურ პარტიებსაც-მეთქი. ეს ვთქვი ივანიშვილის პირველი წერილის გამოქვეყნებამდე. მეორე წერილში მან სადემარკაციო ხაზი გაავლო და “ნაციონალებთან“ გარიგებული პარტიები ამხილა. რაც შეეხება გამოხმაურებას - ივანიშვილის მრჩეველთა საბჭოდან შეგევეხმიანენ.

მაგრამ ფაქტი ისაა, რომ დღეს ივანიშვილის გარშემო იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებიც არიან, რომლებიც პოლიტიკაში მის გამოჩენას უარყოფითი განცხადებებით შეხვდნენ.

-დიახ, ასეა, მაგრამ “ქართული ოცნების“ გარშემო სხვადასხვა პოლიტიკური ძალების გაერთიანების წინააღმდეგი არ ვარ, პირიქით.

ძალაშია თქვენი შეთავაზება აჭარაში “ქართული ოცნების“ სტრუქტურების აწყობაში დახმარებაზე?

-შეთავაზება ძალაშია, მაგრამ ამას ვუმატებთ პირობას - ის რომ “რესპუბლიკელები“ მასთან არიან, კარგია; ის რომ ალასანიას პარტია მასთანაა, ესეც კარგი, მაგრამ ივანიშვილმა ეს წრე ძალიან უნდა გააფართოვოს, რადგან ეს არის საზოგადოებრივი დაკვეთა. მისი დასაყრდენი პოლიტიკური პარტიებისგან განსხვავებით, ჩვენ საზოგადოებაში უფრო ვმუშაობთ, ვიდრე სოლოლაკის შემინულ სახლში და ვიცით რეალობა - საზოგადოება ბიძინა ივანიშვილის გარშემო დიდ კონსოლიდაციას ითხოვს. ესაა სააკაშვილის რეჟიმის დამარცხების ერთადერთი რეალური საშუალება.

წინააღმდეგ შემთხვევაში, მიმდინარე პოლიტიკური პროცესის მიმართ მოსახლეობა ისევ ინდიფერენტული გახდება, ან მესამე პოლიტიკური ცენტრი ჩამოყალიბდება, რომელიც ივანიშვილის გარშემო შექმნილ პოლიტიკურ გაერთიანებას ხმებს წაართმევს და ორივე შემთხვევაში მოგებული დარჩება სააკაშვილი.

თქვენთვის პრობლემა არ არის “რესპუბლიკელებთან“ ერთ გაერთიანებაში ყოფნა?

-ეს არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ უბრალოდ, ელექტორალური და ადამიანური რესურსის თვალსაზრისით, მათ ჩვენთან თანამშრომლობა მოუწევთ, რადგან ჩვენ ვართ ბევრნი და ისინი არიან ცოტა. ცოტაც საჭიროა ბევრისთვის და ბევრიც საჭიროა ცოტასთვის. ანუ ჩვენი გადაკვეთა ამ შემთხვევაში მოხდება იმ საერთო, დიდი საქმისთვის, რასაც სააკაშვილის ხელისუფლების დემონტაჟი ჰქვია. სხვანაირად სააკაშვილს ვერ მოვუგებთ.

აჭარაში როგორ უყურებენ ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართვას?

-მისი რეიტინგი მყარად ერთ ადგილზეა - არ კლებულობს, მაგრამ, არც იზრდება. ვიმეორებ - თუ ის გაითვალისწინებს საზოგადოების უდიდესი ნაწილის დაკვეთას და გახდება არა სადემარკაციო ხაზის გამვლები, არამედ ამ სადემარკაციო ხაზის მომშლელი და აიღებს პოლიტიკური პარტიების, კვალიფიციური სუბიექტიების გამაერთიანებლის ფუნქციას, არსებული რეჟიმის დამარცხება გარდაუვალი იქნება.

როგორ აფასებთ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, აჭარის ავტონომიის სტატუსთან დაკავშირებით? 17 დეკემბერს, რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ “აჭარას ავტონომია უნდა ჰქონდეს, სანამ ამის სურვილი ექნება. თუ ერთ დღეს დანარჩენ საქართველოსთან სრულ ინტეგრაციას გადაწყვეტს, ასეც უნდა მოხდეს".

-ამ კითხვაზე პასუხით ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ. მიუხედავად იმისა, რომ მრჩეველთა საბჭოს წევრები თავ-თავიანთ სფეროში პროფესიონალები არიან, აჭარა ადგილობრივებმა უკეთ ვიცით. მით უმეტეს ორგანიზაციული სტრუქტურების აწყობისა და საკადრო პოლიტიკის შერჩევის თვალსაზრისით, ათეული წლების უწყვეტი ბრძოლისა და გამოცდილების გამო, არა მარტო ჩვენდამი კეთილგანწყობილთათვის, არამედ კონკურენტებისთვისაც კი ანგარიშგასაწევი ძალა ვართ.

ვინ არის აჭარაში “ქართული ოცნების“ ფილიალის ხელმძღვანელი?

-რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, რეგიონებთან ურთიერთობის ხელმძღვანელია ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე. აჭარაში რეგიონალურ ორგანიზაციას სათავეში ჩაუდგა პოლიტოლოგი ასლან ლორთქიფანიძე, რომელიც ამავდროულად “ექსპერტთა კავშირის“ ხელმძღვანელია და მამუკა არეშიძესთან ასე ვთქვათ, პირად კონტაქტშია.

ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია პირადი ნაცნობობით ადამიანებისთვის ფუნქციის მინიჭება, განსაკუთრებით დედაქალაქიდან რეგიონებში. ეს არის ცენტრალიზმი - სააკაშვილის გზა. ასლან ლორთქიფანიძეს, როგორც წესიერ ახალგაზრდას პატივს ვცემ, მაგრამ მისი ადამიანურ-კომუნიკაციური რესურსი მწირია. რეგიონებში, ქალაქებში, რაიონებსა და თემებში ჩვენ უნდა მოვიძიოთ კადრები, რომელთაც ადამიანების მიზიდულობის მეტი უნარი გააჩნიათ.

ეს უახლოეს ამოცანათა შორის ყველაზე რთულია და “ემსახურე საქართველოს“ წარმომადგენლები სწორედ ამ სირთულის გამო ვივალდებულებთ თავს გადავინაწილოთ ეს უზარმაზარი პასუხისმგებლობა. ჩვენ ყველანი უნდა დავემატოთ ივანიშვილის საქველმოქმედო, ამჯერად უკვე პოლიტიკურ რეიტინგს. ზოგადად უახლესმა ქართულმა პოლიტიკურმა ისტორიამ და კერძოდ 2008 წლის 5 იანვარმა აჩვენა, რომ დიდი ალტერნატიული გაერთიანება წარმატების ფორმულაა. პირადად მე, ასეთი, შესაბამისი პროპორციებით გადანაწილებული ვალდებულებებით და პასუხისმგებლობებით ვუყურებ  მომავალ, ურთულეს საპარლამენტო არჩევნებს.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა “ემსახურე საქართველოს“ აჭარაში არის ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ფლაგმანი, მიუხედავად იმისა, რომ ჰქვია საზოგადოებრივი მოძრაობა. მასში გაერთიანებულნი არიან ადამიანები, რომლებმაც გაუძლეს აბაშიძის ხელისუფლებას, შევარდნაძის ხელისუფლებას და რომლებიც არ აპირებენ სააკაშვილის რეჟიმთან შეგუებას. “ემსახურე საქართველოში“ არიან ადამიანები, რომლებიც 10-15-20 წლის განმავლობაში პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენდნენ. ისინი არიან გამორჩეული ლიდერები, პირები, რომლებიც უკან არავითარ შემთხვევაში არ დაიხევენ (ეს თითოეულს თავისი ცხოვრების წესით აქვს დამტკიცებული) და რომელთაც შეიძლება ანდო საარჩევნო მარათონის წარმართვა, საარჩევნო ყუთი, საარჩევნო პროცედურა.

რატომ დარჩნენ ეს ადამიანები მოსაწვევების გარეშე ფილარმონიაში, “ქართული ოცნების“ წარდგინებისას?

-მაგრამ ისინი მაინც დაესწრნენ “ქართული ოცნების“ წარდგინებას. ბიძინა ივანიშვილის მრჩეველთა საბჭოდან ერთ-ერთმა (გვარს არ დავასახელებ), რომელიც ჩვენი მეგობარია, მთხოვა, რომ ფილარმონიაში ბათუმიდან 10-კაციანი დელეგაცია  ჩამომეყვანა, მაგრამ მოხდა ისე, რომ მოსაწვევები არ დაგვხვდა. თუმცა, იმ ჩემმა მეგობარმა, ღონისძიების დაწყებამდე დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ბევრი იშრომა, რომ მოსაწვევები ეშოვა და იშოვა კიდეც.

ეს პრობლემა ისე მოვაგვარეთ, რომ ბათუმიდან ჩამოსულ ადამიანებს დეტალები არ გაუგიათ - ისინი “ქართული ოცნების“ წარდგინებას დაესწრნენ. მე შიგნით აღარ შევსულვარ, რადგან ჩვენი მეგობარიც გარეთ დარჩა, აღარ იკადრა შესვლა - უამრავი მსურველი იყო და თავისი მოსაწვევი ერთ-ერთს გადასცა.

გარეთ, რომ ვიდექი, ფილოფოსმა ზაზა ფირალიშვილმა თავისი მოსაწვევი მომცა. ეს იყო კარგი - ქართული, კაცური ჟესტი. თბილისელი კაცი ბათუმელს სტუმრად თვლის და სწორადაც იქცევა. ის თვითონ არ შევიდა და მოსაწვევი მე მომცა, მაგრამ მე სხვას გადავეცი, ხარაგაულიდან ჩამოსულ ქალბატონს, რომელიც 26 მაისს რუსთაველზე ღირსეულად იდგა.

მიზანმიმართულად იზრუნეს იმაზე, რომ მოსაწვევები არ დაგვეხდროდათ, თუ ეს შემთხვევითობაა?

-არ გამოვრციხავ, რომ ვინმეს ძალიან არ ვეპიტნავებოდეთ, მაგრამ ასეთი ვერსია ნაკლებად სავარაუდოა, რადგან მაინც ხომ მოვხვდით, არა?! ე. ი. ჩვენი გავლენა და ძალა იმდენად დიდია, რომ მრჩეველთა საბჭოს გარკვეულმა წარმომადგენლებმა თავიანთი მოსაწვევები დაგვითმეს. ამ ღონისძიების ორგანიზება იყო სუსტი, რაც სამწუხაროა, რადგან როცა ხელისუფლების სათავეში მოსვლისა და სახელმწიფოს მოვლა-პატრონობის პრეტენზია გაქვს, ამგვარი ელემენტარული საკითხები უკეთ მოწესრიგებული უნდა გქონდეს.

რა მიზეზით გაათავისუფლეს ბათუმის პორტის თანამშრომლები?

-რამდენიმე დღის წინ პორტის დაახლოებით 150 თანამშრომელი გაათავისუფლეს.   ისინი დაცვის კერძო სამსახურში მუშაობდნენ. მათ უთხრეს, რომ საქართველოს

შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიიღეს შეთავაზება, რომლის მიხედვით ისინი უფრო იაფად და ხარისხიანად დაიცავენ პორტს. გათავისუფლებულებს შესთავაზეს ტესტირების გავლა შსს-ში და უთხრეს ისიც, რომ “თუ ამას გააკეთებთ, შესაძლებელია უკან დაგაბრუნოთო“, მაგრამ ცნობილია, რომ შსს-ში ტესტირებას გადიან 35 წლამდე ასაკის ის ადამიანები, რომლებიც საარჩევნო ყუთთან 5-იანის შემოხაზვის პირობას იძლევიან და საჭიროების შემთხვევაში, ღირსების სანაცვლოდ ყველანაირ უსინდისობასა და უკანონო ბრძანების შესრულებაზე აწერენ ხელს.

პორტიდან ერთბაშად 150 ადამიანი დათხოვნა ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს არ იცავს. თავის დროზე, 2006-ში, როცა საეჭვო რეპუტაციის მქონე ბიზნესმენ ნილსენს ჩალის ფასად, 92 მილიონ დოლარად, 49-წლიანი იჯარით გადასცეს ბათუმის პორტი, ხელშეკრულებაში პორტის თანამშრომლების არანაირი დაცვის მექანიზმი არ ჩაიდო.

რამდენიმე თვეში ნილსენმა ბათუმის პორტი გადაყიდა. საჯარო განცხადებებიდან ცნობილია, რომ ბათუმის პორტის ამჟამინდელი მეპატრონეა ყაზახური კომპანია, მაგრამ ამის დამადასტურებელი დოკუმენტი არავის უნახავს და არც ის ვიცით ნილსენმა პორტი რამდენ ლარად გაყიდა.

ვერავინ დამარწმუნებს იმაში, რომ პორტის - სამხედრო-სტრატეგიული დანიშნულების მქონე ობიექტის გასხვისებით სახელმწიფოში რაიმე მოგება შემოვიდა, გარდა იმისა, რომ ბიუჯეტში 92 მილიონი დოლარი შევიდა, თან იმ დროს, როცა 2006 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები კარს იყო მომდგარი.  ინვესტორი თავს ივალდებულებდა, რომ ბათუმის პორტიდან ყოველწლიურად 6 მილიონ ტონა საქონელს გაატარებდა. მოგვიანებით, როცა სტატისტიკას გადავხედე, არ ყოფილა წელი, რომ ბათუმის პორტს 10-12 ტონა საქონელი არ გაეტარებინოს. ანუ ხელშეკრულებაში ინვესტორს ორჯერ მეტი შეღავათიანი პირობა ჩაუდეს.

გაყიდვამდე პორტში დაახლოებით 3 ათასი ადამიანი მუშაობდა და გაყიდვის შემდეგ ამ რიცხვმა ნელ-ნელა კლება იწყო და რამდენიმე ასეულ კაცზე დავიდა. დიდწილად სავარაუდოა, რომ იმ 150 კაცს პორტში დარჩენილებსაც უკან მიაყოლებენ.