მთავრობას სკლეროზი შემოეპარა

მთავრობას სკლეროზი შემოეპარა

პარლამენტმა 20 დეკემბერს ის კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც მარტში უკვე მიღებული ჰქონდა. ძნელი სათქმელია, ეს რატომ მოხდა, ხელისუფლებას ის დაავიწყდა, ეს კანონპროექტი მიღებული რომ ჰქონდა თუ, საერთოდ კანონპროექტების წერა.

გუშინ დამტკიცდა კანონპროექტი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“, რომლის თანახმად, ამ კანონის მე-13-ე მუხლს დაემატა 2 პრიმა მუხლი.

ამ მუხლის შინაარსი ასეთია: „სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით, უფლება აქვთ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები გადასცენ სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს სისტემაში შემავალ სხვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს მათზედ დაკისრებული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად“.

თუმცა საქმე ისაა, რომ ამ კანონის მე-13-ე მუხლის 2 პრიმა პუნქტი, ზუსტად ამ შინაარსით კანონში უკვე არსებობს. დამატების თარიღად კი 2011 წლის 9 მარტია მითითებული.    

„სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს უფლება აქვთ, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები გადასცენ სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს სისტემაში შემავალ სხვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს მისი მიზნების განსახორციელებლად და ფუნქციების  შესასრულებლად“. (9.03.2011. N4320)

ფაქტია, რომ ერთი ნუმერაციის და ერთი შინაარსის მუხლი კანონმდებლობას ორჯერ დაემატა, დაახლოებით, 10 თვის ინტერვალით.

ამის მიზეზი რა არის, ძნელი სათქმელია. ერთი ვარიანტით მთავრობას, რომელიც ამ კანონპროექტის ავტორია, დაავიწყდა, რომ ეს ცვლილება უკვე შეტანილია და ეს პარლამენტშიც არავის ახსოვდა. ან ეს თუ ასე არ არის, გამოდის, რომ მთავრობამ კანონპროექტის წერა არ იცის და ამის თქმას პარლამენტშიც ვერ უბედავენ. პირველსა და მეორე ცვლილებში განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ  ორ სიტყვას ადგილი აქვს შეცვლილი.

ცხადია, კანონებში ასეთი ცვლილებების შეტანა ხდება, რათა კანონის ნორმები გრამატიკულად უფრო გამართული იყოს, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ამ შემთხვევაში ამ გადაადგილებით არაფერი იცვლება. მაგრამ, რომც დავუშვათ, ცვლილება ამ მიზანს ემსახურებოდა, მაშინ კანონპროექტში უნდა ჩაწერილიყო, რომ ესა და ეს მუხლი ჩამოყალიბდეს ამ ფორმით. აქ კი ცალსახად წერია, „მე-13-ე მუხლს, ხაზს ვუსვამთ, დაემატოს მეორე პრიმა პუნქტი“.

ასე რომ, კანონმდებლებს აშკარად პრობლემები აქვთ და მუდმივად, ჯონდი ბაღათურიას დაცინვას, იქნებ ჯობდეს, საკუთარ სკლეროზზე იფიქრონ.